მწვრთნელი
გია გეგუჩაძე (ზესტაფონი)
აგვისტოში თუ მხოლოდ 3 ტური ჩატარდა, სექტემბერში თითოეულ გუნდს ხუთ-ხუთი
ისიც საინტერესოა, რომ სამივე ფავორიტმა სექტემბერში თითქმის ერთნაირი შედეგი აჩვენა: ოთხ-ოთხი მატჩი მოიგო, თითო წააგო და ქულაც ერთნაირი დააგროვა. თუმცა, უპირატესობა "ზესტაფონს" მივანიჭეთ: ჯერ ერთი, "დინამოსთან" და "ოლიმპთან" შედარებით ბურთების უკეთესი სხვაობაც აქვს; ამასთან, ისიც გავითვალისწინეთ, თუ როგორ გუნდებთან უწევდა ამ სამივე გუნდს სექტემბერში პაექრობა და "თვის მწვრთნელად" "ზესტაფონის" თავკაცი გია გეგუჩაძე მივიჩნიეთ!
...არადა, "ზესტაფონმა" გასული თვე... წაგებით დაიწყო, როცა ზუგდიდში დამარცხდა; აი, იმის მერე კი გია გეგუჩაძის გუნდმა სექტემბრის დარჩენილ ოთხივე შეხვედრაში გაიმარჯვეს და ჩემპიონატის ცხრილის სათავეშიც დამსახურებულად მოექცნენ. შეგახსენებთ, რომ სექტემბერი ჩვენი გუნდებისათვის ერთობ გადატვირთული გამოდგა: გუნდებს, ოფიციალური შეხვედრების ჩატარება ფაქტობრივად, ყოველ მესამე-მეოთხე დღეს უწევდათ. აქედან გამომდინარე, უდიდესი მნიშვნელოაბ ენიჭებოდა იმ არცთუ უმნიშვნელო ფაქტს, თუ როგორ მოახერხებდნენ ჩვენი გუნდების მწვრთნელები ფეხბურთელების უმტკივნეულო როტაციას.
აი, ამ მხრივ კი "ზესტაფონი" მართლაც უკონკურენტო იყო: ამ გუნდს რომ სხვებთან შედარებით დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს, გასულ თვეში კიდევ ერთხელ გამოჩნდა; გია გეგუჩაძის დამსახურება იყო, რომ კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ კონკრეტულ ფეხბურთელებს არჩევდა და, რაც მთავარია, ამ გონივრულმა როტაციამ (გნებავთ, სამწვრთნელო ალღო დაარქვით) სასურველი შედეგიც მოიტანა! ზემოთ, "ბაიასთან" მარცხი ვახსენეთ და იმის მერე, "ზესტაფონს" არანაკლებ რთული მატჩები ჰქონდა, მაგრამ ყველა თავის სასარგებლოდ დაამთავრა: დრამატულ ბრძოლაში ქუთაისის "ტორპედოს" მოუგო (2:1), მერე ფოთის "კოლხეთს" აჯობა (2:0), შემდეგ კი ზედიზედ ორ მაჩში ერთნარ ანგარიშით გაიმარჯვა (3:1).
აღსანიშნავია, რომ ამ 4 გამარჯვებიდან გეგუჩაძის გუნდმა 3 სტუმრად მოიპოვა და ვფიქრობ, არც ეს ფაქტია უმნიშვნელო; ისე როგორც ყველა მოგებულ შეხვედრაში მატჩის ბედის... მეორე ტაიმში გადაწყვეტა! ჰო, თანამედროვე ფეხბურთში ყველგან ასეა: მწვრთნელის კვალიფიკაციის ერთ-ერთი ძირითადი (თუ, მთავარი არა) განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ თამაშის "შემოტრიალებაში" გამოიხატება. ამდაგვარი "სურათი" ვიხილეთ "ზესტაფონისა" და გია გეგუჩაძის შესრულებით იმ ოთხივე მოგებულ მატჩში; თანაც, ოთხივე შემთხვევაში შეხვედრის ბედი მაშინ წყდებოდა. გია გეგუჩაძე თამაშის სცენარის შესაცვლელად შეცვლებს რომ მიმართავდა ხოლმე...
დაბრუნებები და დებიუტები
რაც უნდა ვილაპარაკოთ წლების განმავლობაში, რომ ჩვენი ჩემპიონატის დონე უკან და უკან მიდის-თქო, ერთ სასიამოვნო ტენდენციას ვერსად "გავექცევით"; სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყნებში აქედან წასული ფეხბურთელების სამშობლოში დაბრუნების ტენდენეციას ვგულისხმობთ: ამ მხრივ კი, XXII ჩემპიონატი წინა გათამაშებებისგან აშკარად განსხვავებულია, იმიტომ, რომ წინა ორ თუ სამ სეზონში მსგავსი შემთხვევები ერთეული იყო, ახლა კი საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნებულ ფეხბურთელთა რიცხვმა ორ ათეულს გადააჭარბა!
აგვისტოს "თვის დაბრუნებაში" ჩამოვთვალეთ ის გამოცდილი ფეხბურთელები, კვლავაც საქართველოს ჩემპიონატში რომ გააგრძელეს თავიანთი კარიერა: დავით ჭიჭვეიშვილი, გიორგი მეგრელაძე, კახა ჩხეტიანი, ლევან აკობია (ყველა - "ბაია"), დავით ბოლქვაძე, რევაზ გეწაძე, ირაკლი მოდებაძე (ყველა - "ოლიმპი"), კახა ალადაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - "ზესტაფონი"), მიხეილ მახვილაძე, ალექსანდე ინწკირველი (ორივე - "კოლხეთი"), სერგი ორბელაძე, რევაზ გოცირიძე (ორივე - "სიონი"), სოსო გრიშიკაშვილი ("სპარტაკი"), ლევან ხმალაძე ("დინამო), დავით დიღმელაშვილი ("ტორპედო).
და აი, სექტემბერში ეს რიცხვი კვლავაც გაიზარდა და საქართველოს ჩემპიონატს სხვადასხვა ხანგრძლივობის მერე დაუბრუნდნენ: გია კვარაცხელია, ირაკლი ლილუაშვილი (ორივე - "დინამო"), რომან ახალკაცი ("ოლიმპი"), ლადო ახალაია ("ბაია"); თუმცა, ერთი ფეხბურთელი მაინც განსაკუთრებულად გვინდა აღვნიშნოთ: 12-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა დავით მუჯირი!
რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმ ფაქტს, რომ "დაბრუნებულთა" შორის ყველაზე ტიტულოვანი და ყველაზე ცნობილი სწორედ დავით მუჯირია; მოლდოვა-ავსტრია-რუსეთ მოვლილი "მუმუ" თავის მშობლიურ "დინამოში" დაბრუნდა და იმის გარდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში გოლიც გაიტანა, ამ ბოლო მატჩებში თავის "საფირმო" პასებითაც ყველას "თავს გვახსენებს"...
თვის მოვლენები
სექტემბერში ჩვენს ჩემპიონატში რამდენიმე მართლაც განსაკუთრებული შემთხვევა მოხდა; ჰოდა, ჩვენც "მოვლენის რანგში" ავიყვანეთ და გვინდა, რომ შემოგთავაზოთ. ყოველ შემთხვევაში, უმნიშვნელო როგორ უნდა ვუწოდოთ იმ ფაქტს, როცა დებიუტანტი მწვრთნელის გიორგი ყიფიანის ხელმძღვანელობით ბოლნისის "სიონმა" 15-წლიანი ურთიერთდაპირისპირების ისტორიაში მხოლოდ მესამედ მოუგო "დინამოს"? ან, იქნებ, "ოლიმპის" დიდი ანგარიშით წაგებებს ვართ მიჩვეული? ეგ კი არა, ჩემპიონის კატასტროფული მარცხი ფოთში (1:5) ხომ გასაკვირვი იყო, არანაკლებ "უცნაურად" გვეჩვენა სხვა გარემოებაც: ვერც კი გაგვიხსენებია, თუ როდის წააგო ასეთი სხვაობით ოფიციალური მატჩი თავის ხანგრძლივ სამწვრთნელო კარიერაში თემურ მახარაძემ...
ახლა კი ფეხბურთელებზეც ვთქვათ, მით უფრო, რომ გასულ თვეში ერთდროულად რამდენიმე მოთამაშის სადებიუტო გოლებიც ვიხილეთ; აი, ისინიც, უმაღლეს ლიგაში თავიანთი პირველი გოლები რომ გაიტანეს: ლაშა გვალია, პაატა ცხვიტარია, დავით ციცხვაია (სამივე - "კოლხეთი"), ნიკა კვეკვესკირი ("ბაია"), ლევან კაკუბავა ("დინამო"), გიორგი ქავთარაძე ("ოლიმპი"), ვილი ისიანი ("სიონი"), ვაკო ყაზაიშვილი ("ოლიმპი"), ლაშა კემუხტაშვილი ("ტორპედო").
სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა სულაც "დუბლი" შეასრულა, მაგრამ ქუთათურთა გუნდის 18 წლის დებიუტანტის მსგავსი შედეგი სხვა, მასზე გამოცდილ ფეხბურთელებსაც ჰქონდათ - ბუბა დაუშვილს, თორნიკე აფციაურსა (ორივე - "ზესტაფონი") და დავით ციცხვაიას ("კოლხეთი"). აღარაფერს ვამბობთ XXII ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირზე გიორგი მეგრელაძეზე: 32 წლის ფორვარდს კარიერის განმავლობაში არა ერთ გუნდში უთამაშია და თითქმის ყველგან ავლენდა საკუთარ გოლიადორულ თვისებებს.
ახლაც, "ბაიას" მაისურით ასპარეზობისას სექტემბერში "დუბლი" ორჯერ შეასრულა ("ზესტაფონთან" და "სიონთან"), 1 გოლიც "კოლხეთს" გაუტანა. განსაკუთრებით კი "ზესტაფონის" კარში გატანილი ერთი-მეორეზე ეფექტური გოლები გვინდა აღვნიშნოთ - არ ვაჭარბებთ ევროპული დონის ბევრ აღიარებულ ფორვარდს რომ შეშურდებოდა...
დაბოლოს, თვის კიდევ ერთ მოვლენაზეც: "ოლიმპი"-"სამტრედიის" მატჩში ჩემპიონატის პირველი ჰეთ-თრიკიც დაფიქსირდა, რომლის ავტორიც რუსთაველთა გუნდის თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე გახლდათ. სხვათა შონის, 26 წლის ფორვარდს ჩვენს ჩემპიონატში აქამდე... არასდროს უთამაშია: საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრი იყო, უკრაინაში სათამაშოდ რომ გაემგზავრა და წლების განმავლობაში ზაპოროჟიეს "მეტალურგის" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. და აი, სამშობლოში პირველ სეზონს ატარებს უმაღლეს ლიგაში და არცთუ დამაჯერებელი დებიუტის შემდეგ ბოლო მატჩებია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს!