მერაბ გიგაური: ისტორიაში მოხვედრა საამაყოა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ერთადერთი კლუბია, რომელიც დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის უკლებლივ ყველა (24) გათამაშებაში მონაწილეობდა. მას მხოლოდ ქუთაისის "ტორპედო" ჩამორჩება, რომლისთვისაც მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი რიგით 21-ეა.

630-ე მატჩში ქუთაისელებმა უკვე 1103-ე გოლი გაიტანეს. საიუბილეო გოლზე ბევრი დაიწერა - ის 15 სექტემბერს გავიდა, როდესაც "ტორპედომ" საკუთარ სტადიონზე მარტვილის "მერანი" 4:0 დაამარცხა.

გოლის ავტორ მერაბ გიგაურზე კი ნაკლები ითქვა - 19 წლის საყრდენი ნახევარმცველი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი გახლავთ და გასული სეზონი პოლონეთის ექსტრაკლასის "იაგელონიაში" ჩაატარა.

უმაღლეს ლიგაში "ტორპედოს" მიერ გატანილი 1100-ე გოლის ავტორი
გუნდის ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა, რადგან ასეთი ამბები დავიწყებას არ ეძლევა.

"თამაშამდე ვფიქრობდი, ვინ იცის, "ტორპედოს" ფორმით რამდენს გაუტანია, მაგრამ ისტორიას ასეთი გოლების ავტორები ამახსოვრდება-მეთქი.

მარტვილის "მერანთან" გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ცხადია, გამარჯვება სასიხარულოა, საიუბილეო გოლის ავტორობა კი - საამაყო. "ტორპედო" საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია და მის ისტორიაში ჩაწერა ძალიან მახარებს",
- ამბობს გიგაური.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ამბობს, რომ "ტორპედოში" დაბრუნებით კმაყოფილია:

"სიმართლე გითხრათ, პოლონეთში გატარებული სეზონის შემდეგ საქართველოში დაბრუნებაზე არც ვფიქრობდი. ეს გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს: პოლონეთი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა, ჩვენზე მაღალი დონის ჩემპიონატი აქვთ და ბევრად უკეთესი მოსამზადებელი პირობები გააჩნიათ.

მაგრამ "ტორპედოში" აბსოლუტურად შეცვლილი გარემო დამხვდა, ძალიან მეგობრული და საქმიანი. ეს ეხება ყველას - ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ხელმძღვანელებს, რაც ჩვენს გამოსვლასაც დაეტყო - ხუთი ტურის შემდეგ "ტორპედო" პირველ ადგილზეა.

ასეთ გარემოში მოხვედრას ნებისმიერი მოთამაშე ინატრებს და სიმართლე გითხრათ, პოლონეთიდან დაბრუნებას სულაც არ ვნანობ. რაც მთავარია, სათამაშო პრაქტიკა მაქვს".


აღსანიშნავია, რომ "ტორპედოს" საიუბილეო გოლის ავტორები ორჯერ გახდნენ მამუკა ხუნდაძე, გია მეგრელაძე და დავით ჯანაშია - ხუნდაძემ მე-200 (10.05.1993) და მე-300 (19.11.1994) გოლები გაიტანა, მეგრელაძემ მე-500 (04.09.1997) და მე-900 (14.08.2004), ხოლო ჯანაშიამ მე-100 და მე-700.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორპედო-მერანი 4:0 - ქუთათურები სატურნირო ცხრილში გალიდერდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული