მერანი-სიონი 1:0 - მარტვილელთა საშინაო ტრადიცია

AutoSharing Option
ზედიზედ მესამე საშინაო მატჩია, "მერანი" მინიმალური სხვაობით ამარცხებს მეტოქეებს. "მერანიც" და "სიონიც" უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის იბრძვიან. ამიტომაც მათთვის თითოეული ქულა ძალიან მნიშვნელოვანია.

დამაინც, აღნიშნული დაპირისპირება მარტვილელთათვის უფრო საპასუხისმგებლო იყო - მათ ბოლოდროინდელი წარუმატებლობის შემდეგ საკუთარი გულშემატკივართათვის უნდა დაემტკიცებინათ, რომ ყოველივე შემთხვევითობაა და კრიზისზე საუბარი უადგილოა. ფაქტია, რომ მალხაზ ჟვანია ჯერაც ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაშია.

პრობლემა "სიონსაც" ჰქონდა: დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა ექსმერანელმა გიორგი მანწკავამ.

უშუალოდ შეხვედრა თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. საწყის წუთებში ორივე გუნდი ცდილობდა სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას. პირველი სახიფათო
მომენტი მერანელებმა შექმნეს: მამუკა ტორონჯაძისა და გიორგი რეხვიაშვილის დარტყმებს შედეგი არ მოჰყოლია.

ამასობაში სტუმრებიც გამოცოცხლდნენ: გიორგი ჭანკოტაძემ ორჯერ გაისროლა მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით. პირველ ეპიზოდში მას მეკარემ აჯობა, მოგვიანებით კი დარტყმა არ გამოუვიდა ზუსტი.

24-ე წუთზე ბოლნისელთა მორიგი კონტრშეტევისას გიორგი ჭედიასა და გიორგი მჭედლიშვილის ორთაბრძოლა "მერანის" საჯარიმოში პენალტით დასრულდა: ყველასგან მოულოდნელად ბურთთან სტუმართა კარის დარაჯი მინდია ბობღიაშვილი მივიდა, რომლის დარტყმული ჩინებულ ნახტომში ჯონი შეროზიამ მოიგერია.

ამით მასპინძლებმა ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვეს. შესვენებამდე, ძირითადად, ისინი დომინირებდნენ მოედანზე: რეხვიაშვილის მარცხენა ფლანგზე გაკეთებულ გამჭოლ გადაცემას ფონიავა გამოეხმაურა, რომელმაც დაახლოებით თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ბურთი კარს ააცილა.

აქვე იყო გივი დიდავას მახვილი კუთხიდან ეშმაკურად დარტყმული, რომელიც მეკარემ მოიგერია.

გოლის გატანის რეალური შანსი ქარს გაატანეს უკვე ნახსენებმა რეხვიაშვილმა და პაპუნა ფონიავამ. ამ უკანასკნელის არცთუ ძლიერად შესრულებული საჯარიმო დარტყმა ბობღიაშვილს ხელიდან გაუვარდა, თუმცა შეცდომა ბოლო წამს გამოასწორა, როდესაც ბურთს ზედ კარის ხაზთან წამოეწია.

ტემპი არც მეორე ტაიმში დავარდნილა. აღნიშვნის ღირსია მჭედლიშვილისა და რეხვიაშვილის დარტყმები. ყველაზე რეალური მომენტი კი სტუმრებს 58-ე წუთზე მიეცათ, როდესაც დავით სვანიძემ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავით შეუცვალა მიმართულება, ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუქროლა მერანელთა კარს.

გამოსაყოფია, ასევე, ჯაბა უგულავასა და ახლად შემოსული რეზო ჯიქიას დარტყმები.

ბოლოსკენ "მერანმა" უფრო აქტიურად და მონდომებით შეუტია. კარგად ჩაერთვნენ თამაშში ნოდარ ნოზაძე და ადგილობრივები: ლევან გეგეჭკორი და კიჭი მელიავა (აქვე ვთქვათ ისიც, რომ მოედანი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ჟვანიამ, რომლის თამაში მომდევნო ტურში სათუოა). თუმცა, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ შეხვედრის მთავარი გმირები ჯონი შეროზია და შეტევების სულისჩამდგმელი პაპუნა ფონიავა იყვნენ.

მატჩი, რომელიც საინტერესო სანახავი გამოდგა, თითქოს გატანილი გოლის გარეშე უნდა დასრულებულიყო. ვერ ვიტყვით, ფრე არალოგიკური იქნებოდაო, თუმცა მატჩის ბოლოსწინა წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ნოდარ ნოზაძემ სტანდარტულიდან აუღებელი გაისროლა და თავისიანებს მეტად საჭირო სამი ქულა მოაპოვებინა.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VI ტური
22.09. მარტვილი. ცენტრალური. 700 მაყურებელი
მერანი-სიონი 1:0
1:0 ნოზაძე (89)

მერანი (4-3-3) სიონი (4-4-2)
შეროზია ბობღიაშვილი
მჭედლიშვილი ორბელაძე
იობაშვილი სვანიძე
გ. ჟვანია ქემოკლიძე
ქარქუზაშვილი ჩიკვილაძე
დიდავა ჯოჯუა
ფონიავა გ. ოქროპირიძე
ამბროლაძე ჭედია
ტორონჯაძე ჭანკოტაძე
რეხვიაშვილი თარხნიშვილი
ს. ლომია უგულავა

მწვრთნელები:

მ. ჟვანია ა. ჯელაძე

მერანი
60.გ. ჟვანია - გეგეჭკორი
68.ტორონჯაძე - ნ. ნოზაძე
76.რეხვიაშვილი - მელიავა
სათადარიგოები: ბერია, ბ. ჩხეტიანი, ბუკია, კუჭუხიძე

სიონი
67.გ. ოქროპირიძე - ლომაია
80.უგულავა - ჯიქია
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, ისიანი, ხურციძე, ნემსაძე, ფეიქრიშვილი

გაფრთხილება: ქემოკლიძე (40), ჯოჯუა (61), ქარქოზაშვილი (81), ჩიკვილაძე (86), ფონიავა (90)

არბიტრი: ლ. სილაგავა

მატჩის შემდეგ
მალხაზ ჟვანია (მერანი): "კარგი თამაში გამოვიდა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, შეცვლებმაც გაამართლა და ვფიქრობ, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. გუნდის ჩამოყალიბება გრძელდება..."

არმაზ ჯელაძე (სიონი): "მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. უამრავი მომენტი შევქმენით; სამწუხაროდ, ვერც ერთი ვერ გამოვიყენეთ. გუნდმა ნორმალურად ითამაშა და რომ არა უიღბლობა, ფრეს მივაღწევდით. ვულოცავ მარტვილს ამ გამარჯვებას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული