დინამო (ბთ)-მერანი 4:0 - ქობულეთის არენა გამარჯვებით გაიხსნა

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა უმაღლეს ლიგაში აღზევებულმა ბათუმის "დინამომ". ამ მატჩს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავდა, თუმცა ყველა ელოდა ბათუმელთაგან ნავსის გატეხვას და ეს "მერანთან" შეხვედრაში მოხდა.

მათ დამაჯერებლად, დიდი ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე.

სანამ უშუალოდ შეხვედრაზე გადავიდოდეთ, ვთქვათ, რომ ბათუმელებმა პირველად ითამაშეს განახლებულ სტადიონზე, რომელსაც უკვე მიენიჭა წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის სახელი.

ამიერიდან "დინამო" საშინაო შეხვედრებს სწორედ "ჩელე არენაზე" გამართავს.

თუმცა, ვერ ვიტყვით, სტადიონზე ყველაფერი წესრიგშიაო. გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ არის დაცული, ძალიან ცუდად გამოიყურებოდა
ხელოვნურსაფარიანი მოედანიც. ადგილობრივი პერსონალის თქმით, უახლოეს მომავალში მდგომარეობა ამ მხრივაც გამოსწორდება...

რაც შეეხება შეხვედრას, დაბალ ტემპში წარიმართა და, როგორც ანგარიშიდან ჩანს, მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. ამაში გარკვეული როლი სწრაფმა გოლმაც იქონია: მე-8 წუთზე ბორის მახარაძის გადაცემის შედეგად მიხეილ ჯორბენაძე გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, რომელმაც შანსი არ დაუტოვა ჯონი შეროზიას.

იმის მიუხედავად, რომ "მერანი" აგებდა, მომენტებს კვლავაც მასპინძლები ქმნიდნენ: აღსანიშნავია თორნიკე ბერიძის საჯარიმო, რომელიც ასცდა კარს. მოგვიანებით ირაკლი კვეკვესკირის შორეული დარტყმა...

პირველი ტაიმისაგან განსხვავებით, მეორე ნახევარში მერანელები შედარებით გამოცოცხლდნენ. ისინი "დინამოსთვის" წინააღმდეგობის გაწევასაც ახერხებდნენ, რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდიც შექმნეს.

თითქოს მარტვილელთა განადგურებას არაფერი მოასწავებდა, მაგრამ უკანასკნელ წუთებზე მასპინძლებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

ამას შეიძლება ახსნაც მოეძებნოს, მაგალითად ის, რომ ბოლო ოცი წუთი სტუმრები უმცირესობაში დარჩნენ: ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთავარმა არბიტრმა ბაკურ ნინუამ მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და შესაბამისად, მოედანი ნაადრევად დაატოვებინა გიორგი მჭედლიშვილს.

ამას დაემატა პაპუნა ფონიავას ავადმყოფობა. მისი ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ საქმეში სასწრაფო დახმარების ბრიგადა ჩაერია. ამ დროისათვის კი მალხაზ ჟვანიას სამივე შეცვლა გამოყენებული ჰქონდა და "მერანი" მოედანზე ცხრა კაცით დარჩა.

უმცირესობაში დარჩენილი სტუმრები მთელი ძალებით წინ წავიდნენ, თუმცა ამაოდ. 84-ე წუთიდან მოყოლებული, საკუთარ კარში სამი უპასუხო ბურთი მიიღეს. დროის მოკლე მონაკვეთში თავი გამოიჩინა გუნდის წამყვანმა ფორვარდმა მიხეილ ჯორბენაძემ. მისი პირველი და მესამე გოლები თითქმის ერთნაირი იყო: მეკარესთან მარტო დარჩენილმა უპრობლემოდ შეარხია ბადე.

საბოლოოდ, მატჩის გმირიც სამართლიანად გახდა. შეხვედრის მშვენება იყო უბერებელი დინამოელის, 38 წლის ამირან მუჯირის ეფექტური დარტყმა, რომელიც აუღებელი შეიქმნა შეროზიასთვის.

"დინამო" უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის იბრძვის და ამ გამარჯვებას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

"მერანისთვის" კი ოთხბურთიანი სხვაობით მარცხი, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, თუმცა არც ტრაგედია უნდა იყოს - მარტვილელები ქულათა მაქსიმუმს ხომ საკუთარ კედლებში აგროვებენ.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VII ტური
26.09. ქობულეთი. ჩელე არენა. 500 მაყურებელი
დინამო (ბთ)-მერანი 4:0
1:0 ჯორბენაძე (8.მახარაძის პასით), 2:0 ჯორბენაძე (84.სიჭინავას პასით), 3:0 მუჯირი (89), ჯორბენაძე (90+1.მუჯირის პასით)

დინამო (ბთ) (4-5-1) მერანი (4-4-2)
გ. შენგელია შეროზია
ქორიძე გეგეჭკორი
ხუხია იობაშვილი
ლობჟანიძე გ. ჟვანია
ი. კვეკვესკირი მჭედლიშვილი
გოგიტიძე ნ. ნოზაძე
ტიმჩიშინი დიდავა
თევდორაძე ფონიავა
ბ. მახარაძე ამბროლაძე
ბერიძე რეხვიაშვილი
ჯორბენაძე ს. ლომია

მწვრთნელები:
გ. გურული მ. ჟვანია

დინამო (ბთ)
55.ბ. მახარაძე-სიჭინავა
73.ტიმჩიშინი-ბალაძე
80.თევდორაძე-ა. მუჯირი
სათადარიგოები: მამინაშვილი, ბაჯელიძე, აბუსელიძე, პიტსანი

მერანი
46.ნ. ნოზაძე-ტორონჯაძე
69.ამბროლაძე-ბუკია
73.ს. ლომია-ქარქუზაშვილი
სათადარიგოები: ბერია, ბ. ჩხეტიანი. მელიავა, კიკალიშვილი

გაფრთხილება: მჭედლიშვილი (64), ბერიძე (72), ქარქუზაშვილი (87)

გაძევება: მჭედლიშვილი (70)

არბიტრი: ბ. ნინუა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული