მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:2 - ვეტერინარებს მონდომება დაუფასდათ

AutoSharing Option
ჩემპიონატის პირველ ტურში "ვიტ ჯორჯიამ", ბევრისთვის მოულოდნელად, გორის "დილა" დაამარცხა. აი, ეს იყო და ეს: "ვეტერინარებმა" მომდევნო ექვსი შეხვედრიდან ვერც ერთი მოიგეს და აუტსაიდერთა შორისაც აღმოჩნდნენ.

და აი, ნავსი გატყდა: მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა 30 სექტემბერს სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა და არც ის იქნებოდა გასაკვირი, ბევრად უფრო შთამბეჭდავი ანგარიშით რომ მოეგო!

"მეტალურგმა" კი ზედიზედ ორი მარცხის მერე სატურნირო მდგომარეობა გაირთულა; ყოველ შემთხვევაში, თუ ასე გაგრძელდება, რუსთაველებს ზედა ექვსეულში მოხვედრა შეიძლება გაუჭირდეთ.

არადა, კვალიფიციური მწვრთნელის, კობა ჟორჟიკაშვილის განკარგულებაში, ერთი შეხედვით, ურიგო მოთამაშეები არ
არიან, მაგრამ "მეტალურგმა" 30 სექტემბერს ისეთი უსახური ფეხბურთი უჩვენა, ამ გუნდს ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

თუმცა ამით სულაც არ გვინდა "ვიტ ჯორჯიას" წარმატების დაკნინება - "ვეტერინარები" ზომაზე მეტად მოტივირებულად გამოიყურებოდნენ და აქტიურობა შედეგშიც აისახა.

...წინა ტურთან შედარებით, ორივე გუნდის ძირითადში საკმარისზე მეტი ცვლილება იყო: "მეტალურგში" სულაც ხუთი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა, სტუმართაგან კი რევაზ ღანიაშვილი და გიორგი კორიფაძე სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ. რაც მთავარია, ხანგრძლივი პაუზის მერე "ვეტერინარებს" დაუბრუნდათ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, 24 წლის გურამ ადამაძე - ამ ცენტრალურ მცველს ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და ამ სეზონში პირველად სწორედ VIII ტურში ითამაშა.

სხვათა შორის, ერთი დეტალიც უნდა აღვნიშნოთ: უმაღლეს ლიგაში "ვიტ ჯორჯია", ალბათ, ერთადერთია, ხუთმცველიანი ტაქტიკით რომ თამაშობს. ზემოთ ნახსენებმა ადამაძემ ჯემალ გოგიაშვილთან და გიორგი გეთიაშვილთან ერთად დაცვის ცენტრი გაამაგრა და ამ ტრიოს დიდი დამსახურებაც იყო, სტუმართა ლამის ორმეტრიან მეკარე ნიკა დაუშვილს საქმე, ფაქტობრივად, რომ არ ჰქონია.

უფრო ზუსტად, მატჩის მეორე წუთი იყო, დაუშვილს ირაკლი სიხარულიძის თავური დარტყმის მოგერიება რომ არ გასჭირვებია, - აი, ამის მერე პირველ ტაიმში მასპინძლებს ერთი ხეირიანი შეტევაც არ გაუკეთებიათ.

საერთოდაც, პირველი ტაიმი დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა, თუმცა "ვეტერინართა" აქტიურობაც თვალშისაცემი იყო და "მეტალურგის" კართან ერთი-ორი სახიფათო მომენტიც შეიქმნა. განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ 19 წლის შოთა დავლაშელიძის თამამი გადაწყვეტილებები - ერთ ეპიზოდში მეტოქეს ბურთი მოპარა, მაგრამ ჰოსმანს ვერ აჯობა; მეორედ კი დავლაშელიძემ მოხდენილი პასით დავით ხურცილავა გაიყვანა დასარტყამ პოზიციაზე. "ვიტ ჯორჯიას" მარჯვენა მცველმაც, ერთი შეხედვით, ყველაფერი სწორად გააკეთა, მაგრამ ჰოსმანმა ბურთი "ცხრიანიდან" ჩამოხსნა.

ტაიმის ბოლომდე "ვიტ ჯორჯიას" კიდევ ერთი შანსი მიეცა, მაგრამ "მეტალურგი" ლუკა რაზმაძემ გადაარჩინა, რომელმაც კარის ხაზიდან ბურთი მკერდით გამოიტანა.

შესვენების შემდეგ "მეტალურგის" შემადგენლობაში ორი ახალი ფეხბურთელი (გიორგი თექთურმანიძე, დიმიტრი ტატანაშვილი) გამოჩნდა. მასპინძლები ორფორვარდიან ტაქტიკაზეც გადავიდნენ, მაგრამ რასაც სახიფათო მომენტები ჰქვია, დროის მოკლე შუალედში "ვიტ ჯორჯიამ" შექმნა და ორივე ეს მცდელობა წარმატებით დასრულდა!

პირველი გოლი სტუმართა სწრაფ კონტრშეტევას მოჰყვა - მოუღლელმა გიორგი ვასაძემ ჩინებული პასით შეტევაში დავით ხურცილავა ჩართო, რომლის გამჭოლი გადაცემის შემდეგ "ვიტ ჯორჯიას" საუკეთესო ბომბარდირს ბესიკ ჩიმაკაძეს ბურთის ცარიელ კარში შეგორება არ გასჭირვებია.

ეფექტური გამოდგა სტუმართა მეორე გოლიც: კუთხურის შემდეგ ჯერ იყო და ოთარ ჯავაშვილმა (ამ 19 წლის მარცხენაფლანგელის ძირითადში გამოჩენაც სიურპრიზად უნდა მივიჩნიოთ) შორიდან "გაისროლა" და ბურთი ხარიხას გაარტყა, შემდეგ კი ჯემალ გოგიაშვილმა ისე შეასრულა გადამწყვეტი დარტყმა, ბევრ ფორვარდს რომ შეშურდებოდა!

მატჩის დამთავრებამდე დრო საკმარისი იყო, მაგრამ "მეტალურგი" თამაშის შემომტრიალებელი ნაღდად არ ჩანდა. ერთი-ორჯერ კი შეუტიეს სახიფათოდ მასპინძლებმა, მაგრამ ტატანაშვილისა და გიორგი მიქაბერიძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

მატჩის მიწურულს კი სტუმრებს ზედიზედ ორი ჩინებული შანსი მიეცათ, მაგრამ ვერც ჯავაშვილმა და ვერც ბექა ზაქრაძემ ამით ვერ ისარგებლეს.

რაც შეეხება ჩიმაკაძის თავით გატანილ გოლს, ამ ეპიზოდში მსაჯებმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს და სტუმრებმაც "მხოლოდ" ორბურთიანი უპირატესობით გაიმარჯვეს...

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VIII ტური
30. 09. რუსთავი. ფოლადი. 300 მაყურებელი
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:2
გოლები: 0:1 ჩიმაკაძე (61, ხურცილავას პასით), 0:2 გოგიაშვილი (65)

მეტალურგი ვიტ ჯორჯია
(4-2-3-1) (5-3-1-1)
ჰოსმანი დაუშვილი
დობროვოლსკი ხურცილავა
მახვილაძე გოგიაშვილი
ინწკირველი ადამაძე
სუხიაშვილი გეთიაშვილი
რაზმაძე ჯავაშვილი
ქავთარაძე კასრაძე
გეწაძე ვასაძე
გ. მიქაბერიძე დავლაშელიძე
ი. მაისურაძე გურ. გურეშიძე
სიხარულიძე ჩიმაკაძე

მწვრთნელები: კ. ჟორჟიკაშვილი, მ. კოჭლაშვილი

მეტალურგი:
46. გეწაძე - თექთურმანიძე
46. ქავთარაძე - ტატანაშვილი
70. რაზმაძე - განუგრავა
სათადარიგოები: ბედიაშვილი, დ. ჯანელიძე, ზ. ლობჟანიძე, გიორგი გურეშიძე

ვიტ ჯორჯია:
80. ადამაძე - ღიბრაძე
84. დავლაშელიძე - ტეტუნაშვილი
90. გურეშიძე - ზაქრაძე
სათადარიგოები: რეჭია, ლობჯანიძე, ღანიაშვილი, კორიფაძე.

გაფრთხილება: ხურცილავა (44), მახვილაძე (65).

არბიტრი: თ. ხუჭუა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული