დინამო (ბთ)-კოლხეთი 3:1 - "ჩელე-არენაზე" ბათუმელებს არ ასამართლებენ...

AutoSharing Option
"ყველაფერი ჩემი ბრალია, პასუხისმგებლობას მთლიანად ვიღებ! დღეს წაგებას არანაირად არ ვფიქრობდი, სატურნირო მდგომარეობისა და წინა ტურში ჩემი გუნდის თამაშის შემხედვარე, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ მივიღე სწორი გადაწყვეტილებები.

აღარ დავაკონკრეტებ. ვინც უნდა გაიგოს, ალბათ, მიხვდება. ჩემმა გადაწყვეტილებამ იმოქმედა გუნდზე და გამოჩნდა, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება",
- ასე აიღო ყველაფერი საკუთარ თავზე ნამატჩევს კოლხთა თავკაცმა.

იშვიათია, საქართველოში მწვრთნელმა ასეთი განცხადება გააკეთოს, მით უფრო, როცა "ჩელე-არენაზე" "კოლხეთი" მეტოქეს თამაშით არ დაუჩაგრავს. თითქოს ტაქტიკაც სწორად იყო შერჩეული და გაშვებული გოლები, უბრალოდ, კოლხ მობურთალთა
უხეში შეცდომების შედეგად გავიდა.

შესაბამისად, მწვრთნელს შეეძლო, ყველაფერი მცველებისთვის დაებრალებინა, მაგრამ დავით მახარაძე ის მწვრთნელი არ არის, ფეხბურთელთა კრიტიკა ფარად და თუნდაც საკუთარი სკამის გადასარჩენად გამოიყენოს.

არადა, ფოთელებს მართლაც ცუდად მისდით საქმეები. ქობულეთში წაგებით გუნდი ბოლო ადგილზე "გამყარდა" და ყველა თამაშზე ბოლომდე მებრძოლი "კოლხეთი" ამისთვის არავის ემეტება.

კოლხებს ფატალური უიღბლობაც დასჩემდათ, გოლებს თითქმის უწყინარ სიტუაციაში უშვებენ და ხშირ შემთხვევაში, ტერიტორიულ უპირატესობას სწორედ ბავშვური შეცდომებით ქარს ატანენ.

თავის მხრივ, საკუთარ არენაზე დაბრუნებული "დინამო" 100%-იან შედეგს აჩვენებს და "ჩელე-არენაზე" ზედიზედ მეორე მოგებით ცხრილის ფსკერს კიდევ უფრო დაშორდა.

"წარმატება სასია
მოვნოა, ეს ფსიქოლოგიური კუთხითაც ძალიან წაგვადგება. ჩემი გუნდი გაფრთხილებული მყავდა, რომ "კოლხეთს" ნუ შეხედავთ სატურნირო ცხრილში მისი ადგილით, ეს გუნდი გაცილებით ძლიერია, ვიდრე შედეგი აქვს-მეთქი.

ფეხბურთელებმა დავალება 100%-ით თუ ვერა, 80%-ით შეასრულეს. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ",
- ეს სიტყვები ნამატჩევს გია გურულს ეკუთვნის.

მის გუნდს "გასასამართლებელიც" არაფერი ჰქონია, მეტოქის შეცდომები კარგად გამოიყენა და აჭარლებმა მორიგი 3 ქულა სამართლიანად და ბრძოლაში მოიპოვეს.

პირველი ხიფათი კი სტუმრებმა შექმნეს, როცა მე-13 წუთზე ლაშა ქებაძის საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული გიზო შენგელიამ მოიგერია.

რამდენიმე წუთში უკვე ალექსანდრე ტიმჩიშინმა ჩააწოდა საჯარიმოში და მიხეილ ჯორბენაძემ შანსი ვერ გამოიყენა. ტაიმის შუაში კი ბათუმელთა უკრაინელი ლეგიონერი ამჯერად თავად ურტყამდა სახიფათოდ, თუმცა ისევე, როგორც შალვა კვანტალიანის მცდელობა, უშედეგო გამოდგა.

თითქოს უპირატესობას "კოლხეთი" ფლობდა და ორი უხეში შეცდომა ბოლო 15 წუთში სტუმრებს 2 გაშვებულ გოლად დაუჯდათ: ჯერ კოლხი მცველი ვერ გაერკვა სიტუაციაში და ვალერიან თევდორაძემ საჯარიმოში შეჭრილ მიხეილ ჯორბენაძეს უკან დაუგორა და ლიგის ბომბარდირმა ანგარიში მეკარისგან ახლო მაღალ კუთხეში გატანილი გოლით გახსნა; ხოლო ტაიმის ბოლოსკენ კოლხთა დაცვა ბორის მახარაძის პასის დროს "ჩავარდა" - თორნიკე ბერიძემ კი არდალიონ მიქაბერიძეს შანსი არ დაუტოვა, 2:0.

მეორე ნახევარი კოლხთათვის კიდევ უფრო მძიმედ დაიწყო - სტარტზევე დაცვის კიდევ ერთი მიუტევებელი შეცდომის შემდეგ ტიმჩიშინმა ანგარიშს სოლიდური სახე მისცა, 3:0.

თითქოს "კოლხეთი" ამანაც ვერ გატეხა, თუმცა ეს იმის ბრალიც იყო, რომ მიზანშესრულებულმა მასპინძლებმა თამაში აღარ გაამწვავეს.

ბოლოსკენ სტუმრებს მიზერული შანსი ისევ ბათუმელებმა მისცეს - მათმა ექს-კოლხმა მეკარემ მეტოქის მოტყუება მცველისგან არცთუ ხეირიანად მიგორებული ბურთისას სცადა, მაგრამ კვანტალიანმა შენგელიას შეცდომა დააშვებინა, 3:1.

ამან კოლხები გამოაცოცხლა. ერთხელ იმავე კვანტალიანს უკეთ რომ დაერტყა, ანაც თორნიკე მოსიაშვილის კარგი ფლანგური გარღვევისას საჯარიმოში სახიფათოდ ჩაკიდებული ბურთი შენგელიას რომ არ მოეგერიებინა, ფოთელებს მატჩის გადარჩენის შანსი კიდევ უფრო გაეზრდებოდათ.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. VIII ტური
30.09.2012. ქობულეთი. ჩელე-არენა. 800 მაყურებელი
დინამო (ბთ)-კოლხეთი 3:1
გოლები: 1:0 ჯორბენაძე (29. თევდორაძის პასით), 2:0 ბერიძე (40. მახარაძის პასით), 3:0 ტიმჩიშინი (47), 3:1 კვანტალიანი (81).

დინამო (ბთ) კოლხეთი
4-2-3-1 4-1-3-1-1
გ. შენგელია ა. მიქაბერიძე
ქორიძე გ. კილასონია
ხუხია ცხვიტარია
ზ. ლობჟანიძე ფარულავა
ი. კვეკვესკირი გაბუნია
გოგიტიძე გოგონაია
ბ. მახარაძე აფხაზავა
ტიმჩიშინი ქებაძე
ვ. თევდორაძე პ. დათუნაიშვილი
ბერიძე პავლიაშვილი
ჯორბენაძე კვანტალიანი

მწვრთნელები:

გ. გურული დ. მახარაძე

დინამო (ბთ)
67. მახარაძე - სიჭინავა
72. ტიმჩიშინი - ბალაძე
80. თევდორაძე - ა. მუჯირი
სათადარიგოები: მამინაშვილი, ბაჯელიძე, დიასამიძე, აჰისანი

კოლხეთი
59. გოგონაია - ღუჭაშვილი
60. ცხვიტარია - ცხადაია
60. აფხაზავა - მოსიაშვილი
სათადარიგოები: ხარშილაძე, ზ. ჩხეტიანი, კობერიძე, ქორჩილავა

გაფრთხილება: ცხვიტარია (6), გოგონაია (54), ბერიძე (60), პავლიაშვილი (63), ლობჟანიძე (71)

არბიტრი: თ. გვანცელაძე (თბილისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული