XXII
შეგახსენებთ, თუ როგორი იყო კლუბის "ოფიციალური" ვერსია ამის თაობაზე: მახარაძემ 2 მატჩით დასვენება ითხოვა და ჩვენც მისი თხოვნა დავაკმაყოფილეთო. ეგ კი არა, მწვრთნელის სავარაუდო შეცვლაზე საგანგებო კომენტარიც გააკეთეს: მახარაძეს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და აბა, რა მოხსნაზე ლაპარაკობთო; თან დასძინეს: მომავალ ტურში, ბოლნისის "სიონთან" გუნდს მახარაძე მოამზადებსო. ასეც მოხდა: ქვეყნის ჩემპიონი "სიონთან" მახარაძემ გამოიყვანა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ გამოცდილ მწვრთნელს სეზონში მესამე მარცხი არ აპატია! ჰოდა, "ოლიმპის" ოთხწლიან ისტორიაში... მეათე (!) სამწვრთნელო ცვლილებაც ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია...
ოლიმპის უცნაურობები
მართლაც "უცნაურობა" დაებედა რუსთავის "ოლიმპს": გუნდი ოთხი წელიწადია რაც არსებობს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ხნის განმავლობაში უკვე მეათედ იცვლება მთავარი მწვრთნელი. "უცნაურობაში" კი, რაღა თქმა უნდა, გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგს ვგულისხმობთ; ჰო, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში "ოლიმპი" ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ მესამეზე გავიდა და ერთხელაც - მეოთხეზე!
2006 წლის ზაფხულში, რუსთავის "ოლიმპმა" უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება რომ მიიღო, მთავარ მწვრთნელად გამოცდილი სპეციალისტი ნოდარ აკობია დაინიშნა. თუმცა, ვიდრე ჩემპიონატი დაიწყებოდა, აკობიამ გუნდი დატოვა და "ოლიმპის" ხელმძღვანელებმა ერთობ თამამი, მაგრამ, ცოტა არ იყოს, სარისკო გადაწყვეტილებაც მიიღეს - მწვრთნელებად ახალგაზრდა სპეციალისტთა დუეტი" (გიორგი კიკნაძე-ზაზა ზამთარაძე) დანიშნეს. თუმცა, დრომ დაამტკიცა, რომ არჩევანი სწორი იყო: დებიუტანტი მწვრთნელების ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ოლიმპმა" პირველი წრე მართლაც შთამბეჭდავად ჩაატარა (ერთი წაგება ჰქონდა, ორი ფრე - დანარჩენი ყველა მოიგო) და სატურნირო ცხრილსაც სათავეში ჩაუდგა.
თუმცა ზამთრის პაუზის დროს კიკნაძე-ზამთარაძის "დუეტს" რუსთავიდან წასვლა მოუწია და "ოლიმპის" მთავარ მწვრთნელად გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა. მთავარი მიზანი მიღწეული იყო - "ოლიმპმა" სადებიუტო სეზონშივე შესძლო ჩემპიონობის მოპოვება, მაგრამ ამ მიღწევისათვის მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალიდან ერთი-ორი დღეც არ იყო გასული, ძოძუაშვილი თანამდებობიდან რომ გაანთავისუფლეს!
"ოლიმპს" ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა ელოდა და ახალი სეზონისათვის გუნდის გაძღოლა ვარლამ კილასონიას დაევალა, ვინც ძოძუაშვილის ასისტენტად მუშაობდა. სამწუხაროდ, "ოლიმპს" ევროტურნირებზე წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა (ყაზახურ "ასტანას" ორი მატჩის ჯამში ვერ აჯობა - 0:0, 0:3); ამასობაში ახალი ჩემპიონატიც დაიწყო და პირველ ტურში "დინამოსთან" საშინაო მარცხის მერე კილასონიაც გაათავისუფლეს!
მომდევნო ტურიდან "ოლიმპის" სათავეში ამ კლუბის ისტორიაში პირველი და უკანასკნელი უცხოელი მწვრთნელი მოვიდა - უკრაინელი ანატოლი პისკოვეცი, რომელიც 15 ტურის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რუსთავის გუნდს. პისკოვეცის თავკაცობით "ოლიმპმა" მეტ-ნაკლები წარმატებით იასპარეზა დსთ-ს თასზე, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში არასტაბილურად თამაშობდა და სუპერთასზე "ამერთან" დიდი ანგარიშითაც წააგო. საინტერესო ფაქტია: პისკოვეცი იმის მერე გაათავისუფლეს, "ვიტ ჯორჯიასთან" საშინაო მატჩი რომ წააგო. თანაც, "ვეტერინარებს" იმ დროს... რამაზ მუმლაძე წვრთნიდა!
XIX ჩემპიონატის ბოლომდე "ოლიმპში" ახალი მწვრთნელი მუშაობდა - ხვიჩა ქასრაშვილი, ვისი ხელმძღვანელობითაც დაიწყო რუსთავის გუნდმა მომდევნო, საიუბილეო ჩემპიონატი. თუმცა, ახალ სეზონში "ოლიმპმა" წარუმატებელი სტარტი აიღო: 5 მატჩში 3 ფრე და 2 წაგება ჰქონდა; აქედან გამომდინარე, ბევრისთვის მოულოდნელი არ იყო მორიგი სამწვრთნელო გადაადგილებაც: ქასრაშვილის ნაცვლად კვლავ ვარლამ კილასონია დაინიშნა. სეზონის დარჩენილი ნაწილი "ოლიმპმა" აღმავლობით ჩაატარა: ჩემპიონატში 17-მატჩიანი წაუგებელი სერიაც ჰქონდა, საბოლოოდ მესამე ადგიზე გავიდა და თასის ფინალში პენალების სერიაში დამარცხდა თბილისის "დინამოსთან".
ამასობაში, ევროტურნირების დროც მოვიდა და უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონური "ლეგიას" ბარიერის ვერდაძლევა... ახალი მწვრთნელის მოყვანის საბაბიც გახდა! ანუ, XXI ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კილასონიას ნაცვლად "ოლიმპში" ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნა - ოთარ კორღალიძე. გუნდის წინაშე მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზანი იყო: ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვება და ამაში გარკვეული როლი ბრაზილიიიდან ჩამოყვანილ ფეხბურთელებსაც უნდა შეესრულებინათ. "ოლიმპმა" სეზონი რიხით დაიწყო: ზედიზედ 5 გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ VI ტურში "დინამოსთან" სასტიკად დამარცხდა (0:4). სხვათა შორის, "ოლიმპს" მანამდე ასეთი დიდი სხვაობით საქართველოს ჩემპიონატში არასდროს წაეგო.
"დინამოსთან" მარცხს ზედიზედ სამი ფრე მოჰყვა, პლუს 2 გამარჯვებაც, მაგრამ საქართველოს თასის მერვედფინალში პირველი ლიგის წარმომადგენელ საჩხერის "ჩიხურასთან" სენსაციური მარცხის მერე "ოლიმპში" ახალი მწვრთნელის მიყვანის საკითხი გადაწყდა: ოთარ კორღალიძის ნაცვლად რუსთავის გუნდის სათავეში საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მწვრთნელი თემურ მახარაძე დაინიშნა!
ბოლნისის სიონი, როგორც მახარაძის ბედისწერა?
წინა სეზონი მახარაძემ ბოლნისის "სიონში" დაიწყო, თანაც მანამდე კარგა ხნის უმუშევარი მწვრთნელი თავისთვის ძველ-ახალ გუნდში, ფაქტობრივად, ზედ ჩემპიონატის დაწყების წინ მივიდა. თუმცა, ბოლნისში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა მახარაძემ თავის ხელი გუნდს მალე დაატყო და არცთუ სოლიდური შემადგენლობის მიუხედავად, "სიონმა" არაერთი გრანდიც გაამწარა. 2009 წლის 18 ოქტომბერს კი მახარაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონმა" საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველად შეძლო სტუმრად თბილისის "დინამოს" დამარცხება! ამ შეხვედრიდან ერთ კვირაში კი მახარაძე უკვე... "ოლიმპს" მოძღვრავდა და სწორედ აქედან დაიწყო კიდეც რუსთავის გუნდის შთამბეჭდავი სერია: ჯერ იყო ზედიზედ 11 მოგება, სულ კი 22 წაუგებელი შეხვედრა, საბოლოოდ საჩემპიონო ტრიუმფით რომ დასრულდა.
"ოლიმპის" ჩემპიონობა სრულიად კანონზომიერი ფაქტი იყო, რასაც ვერ ვიტყვით ახალი სეზონის დაწყებამდე ამავე გუნდში განვითარებულ მოვლენებზე; ეგ კი არა, არც კი ვიცით, როგორი ახსნა მოვუძებნოთ "ოლიმპის" სატრანსფერო პოლიტიკას: გუნდს ჩემპიონთა ლიგის მატჩები ელოდებოდა, და ამ დროს, კლუბიდან 17 ფეხბურთელი მიდიოდეს?!. თუმცა, "ოლიმპისათვის" მსგავსი "მეტამორფოზები" არახალი ამბავია: თითქმის იგივე სურათი იყო ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, წინა სეზონის დაწყების წინ, უფრო ადრეც და ასე შემდეგ. ჰოდა, "ოლიმპის" "უცნაურობები" რომ ვახსენეთ, სწორედ ამას ვგულისხმობდით: ექვს თვეში ერთხელ გუნდის შემადგენლობა, ფაქტობრივად, 80-90 პროცენტით იცვლება, სეზონში, სულ მცირე, ორ მწვრთნელს ათავისუფლებენ და შესაბამისად, ახლები მოჰყავთ, ამ დროს კი შედეგი ისეთი რჩება, ბევრს რომ საოცნებოდ აქვს გამხდარი: ოთხ წელიწადში ორჯერ ჩემპიონობა, ერთხელ მესამე ადგილზე გასვლა და ერთხელაც - მეოთხეზე.
თუმცა ამ 4 წლის განმავლობაში ვერც ერთმა მწვრთნელმა "გადაბმულად" 1 სეზონი ვერ იმუშავა! გამონაკლისი ვერც მახარაძე გამოდგა, რომლის "ოლიმპიდან" წასვლა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. არადა, ბედის ირონიაა თუ, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ფაქტია: თემურ მახარაძის სამწვრთნელო კარიერაზე უკვე მერამდენედ იმოქმედა კონკრეტული გუნდის ფაქტორმა; ბოლნისის "სიონზე" ვსაუბრობთ, თემურ მახრაძეს მართლაც უამრავი ტკბილ-მწარე მოგონებები რომ აკავშირებს...;
...ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მახარაძეს არაერთ ქართულ გუნდში უმუშავია: თბილისის "დინამო 2-ში", თელავის "კახეთში", თბილისის "მერანი 91-ში", "ლოკომოტივში", "ვიტ ჯორჯიაში", 2001 წელს, V ტურიდან ბოლნისის "სიონში" მივიდა და ბევრი რომ ამ გუნდს ქვედა ლიგაში დაქვეითებას უწინასწარმეტყველებდა, VIII ადგილზე გაიყვანა. ეგ კი არა, მომდევნო სეზონში შედეგი გაუმჯობესდა: "სიონმა" ჩემპიონატი V ადგილზე დაასრულა, თასის ფიანლშიც პირველად იასპარეზა და ბოლნისურ კლუბს სულაც ევროტურნირების საგზური მოუტანა!
2003-04 წლების სეზონიც "სიონში" დაიწყო, შემდეგ... გაანთავისუფლეს, მაგრამ I წრის დასრულების შემდეგ... დააბრუნეს და ბოლნისურ კლუბს ერთი ნაბიჯი აშორებდა ჩემპიონობასთან, მაგრამ "ოქროს მატჩში" "ვიტ ჯორჯიასთან" დამარცხდა. ბოლნისიდან წამოსული მახარაძე გარკვეული პერიოდი უმუშევარი იყო, ვიდრე "ზესტაფონის" მშველელად არ დაუძახებდნენ. 2004 წლიდან 2008 წლის შემოდგომამდე მახარაძე "ზესტაფონში" მუშაობდა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ორი სეზონი იყო, თავიდან ბოლომდე რომ ჩაამთავრა, ერთხელ სულაც სამჯერ მოხსნეს და ისევ სამჯერ აღადგინეს თანამდებობაზე...
...XX ჩემპიონატიც "ზესტაფონში" დაიწყო, მაგრამ თავის მომავალ გუნდთან (!), რუსთავის "ოლიმპთან" საშინაო წაგებას თბილისის დინამოსთან", თასის მეოთხედფინალში დამარცხება მოჰყვა და იმერული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში უკანასკნელი მატჩი... ბოლნისის "სიონთან" ჩაატარა! მერე იყო, თითქმის ერთწლიანი უქმობა, ვიდრე იმავე "სიონში" არ დაუძახებდნენ და სწორედ ბოლნისურ კლუბში წარმატებული მუშაობის გამოც უხმეს ქვემო ქართლის ბევრად უფრო ამბიციურ გუნდში. არადა, მართლაც, უცნაური დამთხვევაა: სწორედ "სიონთან" უკანასკნელ წაგებას მოჰყვა კიდეც მახარაძის "ოლიმპიდან" განთავისუფლების, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავი...
P.S. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ისიც გადაწყვეტილია, რომ "ოლიმპის" ახალ მთავარ მწვრთნელად რამაზ მუმლაძე იმუშავებს. აქაც, უცნაურ დამთხვევასთან გვაქვს საქმე: მახარაძეზე არანაკლებ წარმატებული სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი ქუთაისის "ტორპედო" იყო და მუმლაძემ ეს პოსტი... ყოფილ გუნდთან ("ვიტ ჯორჯია") წაგების მერე დატოვა. თუ არაფერი შეიცვალა და მუმლაძემ "ოლიმპი" ჩაიბარა, პირველივე შეხვედრა 16 ოქტომბერს... "ვიტ ჯორჯიასთან" უწევს, მომდევნო ტურში კი "ტორპედოსთან"! ეგ კიდევ არაფერი: ჩემპიონატის ამ ორი შეხვედრის შემდეგ სუპერთასის მატჩი ჩაარდება (27 ოქტომბერს) და ერთმანეთის პირისპირ ქვეყნის ჩემპიონი ("ოლიმპი") და თასის მფლობელი ("ვიტ ჯორჯია") წარსდგებიან. ანუ, რამაზ მუმლაძემ თავის ახალ გუნდში საწყისი 3 მატჩი თავის ყოფილ გუნდებთან უნდა ჩაატაროს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"