ჩიხურა-მეტალურგი 1:0 - მომენტი უამრავი, გოლი ერთადერთი

AutoSharing Option
ვიდეო
ბოლო ორ თამაშში დაკარგული 4 ქულა მასპინძლებს აიძულებდათ, "პირველ ნომრად", მოგებაზე ეთამაშათ. სტუმრებს კი კიდევ უარესი ჩავარდნა ჰქონდათ.

თამაშს მეტალურგთა ახალი თავკაცის, გიორგი ყიფიანის დებიუტიც მატებდა ინტრიგას.

ყოველივე ამის მიუხედავად, დასაწყისიდან მეჩვიდმეტე წუთამდე, მოედანზე ისეთი არაფერი მომხდარა, რაც ხსენებულ მოლოდინს გაამართლებდა. ამ მონაკვეთში გუნდები მოედნის ცენტრში ბურთის უღიმღამო გორებით იყვნენ გართულნი.

და აი, მე-17 წუთზე, თითქოს მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდაო, ისე მოულოდნელად და ძლიერად "დაუბრახუნა" ტატანაშვილმა, რომ სომხიშვილს მთელი გამოცდილება და ოსტატობა დასჭირდა ბურთის მოსაგერიებლად.

თითქოს ამას უცდიდნენო, საჩხერლები სწრაფად
მოეგნენ გონს. მე-19 წუთზე დიღმელაშვილმა დაარტყა უძლიერესად - ამჯერად სტუმართა მეკარემ ივარგა.

აქედან მოყოლებული საჩხერლები გახდნენ მოედნის ბატონ-პატრონნი. 21-ე წუთზე ისევ დიღმელაშვილის შორეული გასროლა მცირედ ასცდა "ცხრიანს". მალევე დიღმელაშვილის ჯარიმა წავიდა კარის ჩარჩოს ოდნავ მიღმა.

28-ე და 29-ე წუთებზე საჩხერელთა მიერ დარტყმული ორი სახიფათო ჯარიმიდან ერთი მეკარის ნადავლი გახდა, ერთმაც ძელს ჩაუქროლა.

იქნებ მოსაწყენად ბევრჯერ ვახსენებთ დავით დიღმელაშვილს, მაგრამ ამ მატჩში იგი უფრო მეტსაც იმსახურებს. სწორედ მან დაარტყა გოლისა და გამარჯვების მომტანად 33-ე წუთზე დაახლოებით 30 მეტრიდან, რომელზეც მეკარე ბავშვივით შეცდა: იმის იმედით, რომ ხარიხას გადასცდებოდა, რეაგირება არ გაუკეთებია, ბურთი კი "ცხრიანთან" ჩაეშვა ბადეში.

სტუმრებს მალევე შეეძლოთ წონასწორობის აღდგენა. ვალდებულიც იყო ტატანაშვილი, ასე მოქცეულიყო, მაგრამ საოცარია, როგორ "შეძლო" სამიოდე მეტრიდან კარისთვის აეცილებინა გეწაძის შესანიშნავი ჩაწოდებით პირდაპირ ფეხზე დასმული ბურთი.

მეორე ტაიმში მეტალურგმა საგრძნობლად დაალაგა თამაში, მწვავედაც შეუტია, მაგრამ საჩხერლებმაც კიდევ უფრო გააქტიურებით უპასუხეს და 53-ე წუთზე მოჩვენებითი საპენალტე სიტუაციაც შექმნეს, რომელშიც, როგორც მთლიანად მატჩში, კარგად გაერკვა არბიტრი ლაშა სილაგავა.

55-ე წუთზე ორჯერ შეეძლო დეკანოიძეს ანგარიშის გაზრდა, თუმცა ჯერ ცუდად დაარტყა, მეორედ კი ბურთი გაექცა.

ჩხეტიანის შემოსვლამ სულ გადარია "ჩიხურა". დიდხანს მწიფდებოდა მეორე და შემდგომი გოლები, თუმცა მასპინძლებს უამრავჯერ მოეშალათ სამიზნე, ორი თავური კი (ორივეჯერ ჩხეტიანის) ხარიხამ უკუაგდო.

ვერ ვიტყვით, რომ სტუმრები გულხელდაკრეფილნი იყვნენ; ცდილობდნენ შეტევებს, იერიშებს, მაგრამ არაორგანიზებულად, ქაოსურად. ამიტომაც, ბუნებრივია, შედეგს ვერ მიაღწიეს და შემთხვევით რომ კიდეც მიეღწიათ, ალოგიკური იქნებოდა.

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. IX ტური
07. 10. ივანწმინდა
ჩიხურა-მეტალურგი 1:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 1:0 დიღმელაშვილი (33)

ჩიხურა მეტალურგი
სომხიშვილი ჰოსმანი
ოდიკაძე ჯაფარიძე
ლ. ჭელიძე დობროვოლსკი
საჯაია ინწკირველი
ჩიკვაძე სუხიაშვილი
დიღმელაშვილი ი. მაისურაძე
ძამსაშვილი ქავთარაძე
ნ. კვასხვაძე თექთურმანიძე
დეკანოიძე გეწაძე
კირკიტაძე სიხარულიძე
გოცირიძე ტატანაშვილი

მწვრთნელები:
ს. ფრუიძე გ. ყიფიანი

ჩიხურა
58. გოცირიძე - გ. ჩხეტიანი
73. დეკანოიძე - შარაშენიძე
84. კვასხვაძე - ბაკურაძე

მეტალურგი
60. ტატანაშვილი - გ. მიქაბერიძე
76. თექთურმანიძე - გიორგი გურეშიძე
80. გეწაძე - ზ. ლობჟანიძე

გაფრთხილებები: კვასხვაძე (39), ჩიკვაიძე (56), ძამსაშვილი (76)

არბიტრი: ლ. სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული