ბადრი კვარაცხელია: მონდომება დაგვიფასდება...

AutoSharing Option
ახალი სეზონი, წინასგან განსხვავებით მწვრთნელებისათვის ნდობის გამოცხადებით წარიმართა; თუმცა, ჩვენი მწვრთნელები ხელშეუხებლები მხოლოდ 7 ტურის განმავლობაში იყვნენ: მერე კი დაიწყო და დაიწყო საკადრო გადაადგილებები. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება მოხდა ცხინვალის "სპარტაკშიც": VIII ტურში, ქუთაისის "ტორპედოსთან" საშინაო მარცხის შემდეგ გოჩა ჩიქოვანის ნაცვლად ამ გუნდის გაძღოლა ბადრი კვარაცხელიას დაევალა. კვარაცხელია "გარედან" ნამდვილად არ მოსულა: ვიდრე "სპარტაკის" ძირითად გუნდს ჩაიბარებდა, წარმატებით მუშაობდა ამავე კლუბის დუბლშემადგენლობაში.

რაც შეეხება სამწვრთნელო გამოცდილებას, შეგახსენებთ, რომ ამ სამი წლის წინ ბოლნისის "სიონში" კახა ცხადაძეს ეხმარებოდა; შემდეგ ეს "დუეტი" აზერბაიჯანში
გადავიდა და ბაქოს "სტანდარტს" წვრთნიდა; 2009 წლის იანვრიდან კი კვარაცხელია უკვე დამოუკიდებლად ხელმძღვანელობდა ამ აზერბაიჯანულ გუნდს, თუმცა სეზონის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე წამოსვლამ მოუწია. ამის მერე, ფაქტობრივად, წელიწადი უმუშევარი იყო, ვიდრე წლევანდელ გაზაფხულზე ცხინვალის "სპარტაკის" დუბლებს ჩაიბარებდა. მთავარი მწვრთნელის რანგში ბადრი კვარაცხელიას უმაღლეს ლიგაში დებიუტი წინა ტურში ჰქონდა; თუმცა, ვიდრე პირველ შთაბეჭდილებებზე, "სპარტაკის" სატურნირო მდგომარეობასა და ამ გუნდის სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებდეთ, კიდევ ერთხელ გვინდა შეგახსენოთ კვარაცხელიას საფეხბურთო კარიერა, საკმაოდ გვიან, 39 წლის ასაკში რომ დასრულდა. თამაში მშობლიურ წალენჯიხის "სქურში" დაიწყო, სადაც ათი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა.

უმაღლეს ლიგაში დებიუტი საკმაოდ გვიან, 27 წლის ასაკში ჰქონდა და სხვადასხვა დროს გამოდიოდა: თბილისის "დინამოში", თელავის "კახეთში", რუსთავის "მეტალურგში" და თბილისის "მერანი-91"-ში. 1997 წლიდან კი მის კარიერაში ახალი და მართლაც განსაკუთრებული ეტაპი იწყება: ერთ-ერთი პირველი ქართველი ფეხბურთელი გახლდათ, აზერბაიჯანში სათამაშოდ ვინც გაემგზავრა. ერთი სეზონი "ქიაფაზში" იყო, შემდეგ კი 6 წლის (!) განმავლობაში "შამქირის" უპირობო ლიდერი გახლდათ. სწორედ ქართველი ლეგიონერის უდიდესი დამსახურებაც იყო, ეს პროვინციული კლუბი აზერბაიჯანულ გრანდად რომ იქცა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია ამ ქვეყნის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა: ერთხელ - "ქიაფაზის" შემადგენლობაში, ოთხჯერ - "შამქირის". ამას გარდა, ორჯერ გახდა აზერბაიჯანის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და თითო-თითოჯერ საუკეთესო ფეხბურთელი და ლეგიონერი. 34 წლის ასაკში კი... აზერბაიჯანის ნაკრებში მიიწვიეს და ამ ქვეყნის უპირველეს გუნდში 4 შეხვედრა ჩაატარა.

ჩვენი საუბარიც სწორედ აზერბაიჯანის ნაკრებში ჩატარებული პირველი მატჩით დავიწყეთ.

- სადებიუტო შეხვედრა... საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშე; კარგად მახსოვს, დათო გვარამაძე იდგა კარში და გვარიანი პრობლემებიც შევუქმენი.

- გულახდილად გვითხარით: საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე პრეტენზია არასდროს გქონიათ?
- როგორ შეიძლება ქართველ კაცს ამაზე არ ეოცნება, მაგრამ, აბა, გაიხსენეთ, იმ პერიოდში საქართველოს ნაკრებში როგორი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ. აქედან გამომდინარე, პრეტენზიაც არასდროს გამჩენია...

- აზერბაიჯანში ბოლოს გასულ წელს მუშაობდით. მაინც რა იყო "სტანდარდიდან" თქვენი წამოსვლის მიზეზი?
- არ დაგიმალავთ: დამოუკიდებლად გუნდის გაძღოლა არ გამჭირვებია, გუნდიც ჩინებულად თამაშობდა, მაგრამ სამი თამაში წავაგეთ და წამოვედი. ხაზს ვუსვამ - საკუთარი სურვილით წამოვედი, გუნდი VII ადგილზე გავიყვანე, ჩემს მერე ვინც მივიდა, ადგილობრივი სპეციალისტი იყო და იმის ხელმძღვანელობით "სტანდარდი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა.

- ამის მერე დიდხანს უმუშევარი იყავით. სხვა გუნდებიდან შემოთავაზება არ გქონიათ?
- სხვათა შორის, საქართველოში არც ვაპირებდი მუშაობის გაგრძელებას, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ აზერბაიჯანიდან რამდენიმე ვარიანტი მექნებოდა. შედგა კიდეც კონკრეტულ გუნდთან მოლაპარაკება, მაგრამ პირობებზე ვერ მოვილაპარაკეთ: პირველ ექვსეულში მოხვედრას მთხოვდნენ, ამ დროს კი სასურველი ფეხბურთელების შესაძენად თანხების გაღება არ სურდათ. მოკლედ, წამოვედი და საქართველოში დავბრუნდი; გასულ სეზონში მცირე ხნით გოჩა ჟორჟოლიანს ვეხმარებოდი - პირველი ლიგის I.B.შ.U-ს რომ წვრთნიდა. სეზონის მიწურულს კი, ცხინვალის "სპარტაკის" დუბლებს 5 მატჩის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი.

- ანუ, ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ახალ სეზონს კვლავაც "სპარტაკში" დაიწყებდით.
- ვიდრე ამ თანამდებობაზე დავთანხმდებოდი, კონსტრუქციული საუბარი მქონდა "სპარტაკის" ხელმძღვანელებთან: დიმიტრი სანაკოევისგან და მურთაზ შელიასგან სრული მხარდაჭერა ვიგრძენი ნებისმიერ საკითხში, უპირველეს ყოვლისა კი, ჩემ საქმიანობაში სრულ ჩაურევლობაზე. სამომავლო გეგმებიც დავსახეთ, რაც, უმთავრესად, დუბლშემადგენლობის გაახალგაზრდავებაში გამოიხატებოდა. ფაქტობრივიდ, წინა სეზონიდან მხოლოდ სამი ფეხბურთელი (სეფიაშვილი, ალავიძე, დაუშვილი) დავიტოვე, სამაგიეროდ მთელი საქართველოს მასშტაბით სერიოზული სელექცია ვაწარმოეთ და შედეგიც სახეზე იყო.

- მაგაში ჩვენც გეთანხმებით: ძირითადი გუნდისგან განსხვავებით, "სპარტაკის" დუბლები ამ სეზონში საკმაოდ წარმატებით ასპარეზობენ.
- იცით, რისი თქმა მსურს? ნუ ამბობენ - საქართველოში ნიჭიერი ახალგაზრდები აღარ იზრდებიანო! უბრალოდ, მოძებნა და იმათთან სწორი მუშაობაა საჭირო; აი, ახლაც, ფოთში სადებიუტო შეხვედრა რომ ჩავატარე, დუბლებიდან 5 ფეხბურთელი ვათამაშე, მალე სხვებსაც მიეცემათ შანსი. ზოგი ისეთი ფეხბურთელიც დავაწინაურე, სხვა გუნდებში რომ დაიწუნეს - ტეტუნაშვილი, ძაგანია; ამათ გარდა, სადებიუტო შეხვედრები ჩაატარეს ჯაყელმა, ბაბულაიძემ, ნარიმანიძემ. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი 16 წლის ბიჭია...

- სოსო გრიშიკაშვილისა და შოთა კაშიას თუ არ ჩავთვლით, "სპარტაკი" ისედაც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია უმაღლეს ლიგაში.
- შოთა კაშიას ასაკი გეცოდინებათ - 25 წლის გახლავთ და ვეტერანად მოიხსენიებენ. გრიშიკაშვილი და ბოიომოს გარდა გუნდის 80-90 პროცენტი სრულიად ახალგაზრდები არიან: დეკანოიძე, შონია, ჭაფოძე, ბუზალაძე, ხაჭვანი.

- სხვათა შორის დეკანოიძეზე ცალკე გვინდა გკითხოთ: ამ ბიჭს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და წინა სეზონთან შედარებით, ცოტა არ იყოს, ისეთი ეფექტიანი აღარ გახლავთ. საკუთარი აზრი გვაქვს, მაგრამ ეს ნიჭიერი ბიჭი "თავის" პოზიციაზე ასპარეზობდა?
- ჟურნალისტს საკუთარი აზრის გამოთქმას ვინ დაუშლის; მე, პირადად, ჩემ სადებიუტო შეხვედრაში დეკანოიძე მარჯვენა გარემარბად დავაყენე და ისე ითამაშა, მატჩის დასრულების შემდეგ ბევრმა ადგილობრივმა ქომაგმა მკითხა კიდეც: ამ ბიჭს ნაკრებში რატომ არ იძახებენო?..

- ისე, ცოტა არ იყოს, უცნაურად გამოგვივიდა: ჯერ დუბლშემადგენლობაზე ვსაუბრობდით და პირდაპირ... სადებიუტო მატჩზე გადავედით. მანამდე ხომ გარკვეული "პროცედურაც" იქნებოდა: ძირითადი გუნდის გაძღოლაზე დათანხმება, დაფიქრება, პროგრამა-მინიმუმსა და პროგრამა-მაქსიმუმზე საუბარი. მით უფრო, აუტსაიდერი გუნდის გაძღოლას გთავაზობდნენ...
- ბევრმა ფაქტორმა გადაწყვიტა ჩემი არჩევანი: ჯერ ერთი, ჩემთვის უცხო გარემოში არ მოვდიოდი; ძირითადი გუნდის ფაქტობრივად, ყველა თამაშსა თუ ვარჯიშს ვესწრებოდი და თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობებიც კარგად ვიცოდი. ანუ, მეტად არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, მაშინაც მიმაჩნდა და ახლაც იმ აზრის ვარ, რომ "სპარტაკს" ბევრად უკეთესად შეუძლია იასპარეზოს. ამას გარდა, არანაკლები გავლენა იქონია დიმიტრი სანაკოევისა და მურთაზ შელის ფეხბურთისადმი სიყვარულმა. ვიცი, ძალიან ძნელ საქმეს მოვკიდე ხელი, მაგრამ მჯერა, რომ სიტუაციის გამოსწორება შეიძლება.

- 9 ტურის შემდეგ "სპარტაკი" ერთ-ერთი უიმედო აუტსაიდერია; ამას გარდა, არ გეწყინოთ და ამ სეზონში თუ რომელიმე გუნდი მიგვაჩნია უმაღლესი ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატად, "სპარტაკია"..
- მერწმუნეთ, ამ გუნდს დარჩენის შანსი აქვს! თანაც, ძალიან მალე გამოჩნდება, თუ რა შეუძლია "სპარტაკს"; რა თქმა უნდა, გაძლიერებაც არ გვაწყენდა - ზამთრის პაუზამდე "თავისუფალი აგენტი" თუ დავიმატეთ, ხომ კარგი; თუ არადა, ზამთარში, სულ მცირე, ორ-სამ პოზიციაზე დაგვჭირდება კვალიფიციური ფეხბურთელები. რაც მთავარია, უიმედოდ არა ვართ და ჩვენი მონდომებაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული