მერანი-დინამო 0:4 - სტუმრებმა საქმე ნაადრევად მოათავეს

AutoSharing Option
ამ მატჩს მარტვილში უჩვეულოდ მცირე რაოდენობის მაყურებელი დაესწრო. ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონოდა, მაგრამ უმთავრესი, ალბათ, ის არის, რომ მიმდინარე სეზონზე მერანელები არასტაბილურად ასპარეზობენ.

როგორც იცით, ორივე გუნდში მოხდა ძირეული ცვლილებები - თუ "დინამო" შედარებით გაძლიერდა, იგივეს ვერ ვიტყვით მარტვილის "მერანზე", რომელსაც მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს მოედნის შუა ხაზში.

ამას დაემატა ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელის, ნახევარმცველ პაპუნა ფონიავასა და მარჯვენა მცველ ლევან გეგეჭკორის უთამაშებლობაც, ისინი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში არიან გამოძახებულნი.

მათ ნაცვლად მალხაზ ჟვანიამ სასტარტოში ბორის გელაჭეიშვილი და კიჭი მელიავა გამოიყვანა.

ცნობისათვის, ამ მატჩამდე ეს გუნდები სულ ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და დინამოელებს მეტოქესთან იოლი გასეირნება არც ერთხელ არ ჰქონიათ. ვერ ვიტყვით, მერანელებმა არ იბრძოლესო, თუმცა სტუმრები კლასითა და გამოცდილებით მოწინააღმდეგეს აშკარად აღემატებოდნენ.

მატჩი თავიდანვე სწრაფ ტემპში დაიწყო. განსაკუთრებით, აქტიურობდნენ სტუმრები. ისინი კარგად იყენებდნენ ფლანგებს და მეტოქეს დაძაბულობაში ამყოფებდნენ. მარცხენა ფრთის ბატონ-პატრონი გიორგი მერებაშვილი იყო, რომლის სახიფათო გარღვევებს მერანელთა მცველებმა ვერაფერი დაუპირისპირეს.

ჩვეულებისამებრ, პროდუქტიულები იყვნენ ჯაბა დვალი და ჩისკო, მიკელ ალვარომ კი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და დუბლითაც გამოირჩა.

დებიუტში ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა მერებაშვილს მიეცა. მან გზად ორი მცველი ჩამოიცილა, თუმცა დარტყმა მცირედით არაზუსტი გამოუვიდა. მოგვიანებით ჩისკომ გაისროლა ძლიერად, მაგრამ ჯონი შეროზიამ ითამაშა დამაჯერებლად.

მე-13 წუთზე მასპინძლებს გატანის ჩინებული შანსი მიეცათ: საბა ლომიამ სოლორეიდი განახორციელა, რის შედეგადაც დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა; დაარტყა კიდეც, თუმცა კარგად ითამაშა თორნიკე ზარქუამ, რომელმაც ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ამ ეპიზოდის შემდეგ დინამოელებმა კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც გოლით დაგვირგვინდა: დვალის ჩაწოდების შემდეგ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ჩისკომ თავურით შეროზია უშანსოდ დატოვა და დააწინაურა თავისიანები - 0:1.

ტაიმის შუაგულს მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ქარს გაატანეს: კიჭი მელიავას გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა ნოდარ ნოზაძე, რომლის ძლიერად დარტყმული სტუმართა მეკარემ უგულებელყო.

აქვე ფეხბურთის დაუწერელი კანონიც ამოქმედდა: მომენტიდან ორი წუთიც არ იყო გასული, მერაბაშვილის ჩამოწოდებულ კუთხურს ალვარო გამოეხმაურა და 0:2.

"მერანი" საბოლოოდ გატყდა. მათ ერთ წუთში კიდევ ერთი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში: ჯაბა დვალი მეკარესთან მარტო დარჩა და გატანაც არ გასჭირვებია. ბოლო აკორდი 38-ე წუთზე იყო, როდესაც მიკელ ალვარომ დაახლოებით თერთმეტი მეტრიდან ეფექტურად გაისროლა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

შეიძლება ასეც ითქვას: მორჩა ტაიმი, მორჩა თამაშიც. მეორე ნახევარი ფორმალობად გადაიქცა. "დინამო" მოეშვა და ანგარიშის შენარჩუნებას შეეცადა, "მერანი" კი ბევრს უტევდა, პრესტიჟის გოლის გატანას ლამობდა, თუმცა ამაოდ.

დამაინც, გამოსაყოფია ლაშა კუჭუხიძის სახიფათო დარტყმები, მამუკა ტორონჯაძის თავური და ბექა ჩხეტიანის ჩაწოდების შემდეგ იმავე კუჭუხიძის თავური, მცირე მანძილით რომ ასცდა მეტოქის კარს.

თბილისელებმა საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩემპიონობის მაძიებელ კანდიდატთა შორის სწორედ ისინი არიან უმთავრესი ფავორიტები.

რაც შეეხება "მერანს", მალხაზ ჟვანიას დიდი ჯაფა მოუწევს თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად და საუკეთესოთა მარაქაში ადგილის შესანარჩუნებლად.

მატჩის შემდეგ
არჩილ ჩხაბერიძე (მერანი): "დინამო" ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია და ეს უდავოა, თუმცა "მერანსაც" ჰქონდა გოლის გატანის არაერთი რეალური შანსი.

სამწუხაროდ, ვერც ერთი ვერ გამოვიყენეთ. არადა, ნოზაძეს რომ გაეტანა, არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა აღნიშნული შეხვედრა".


დუშან უჰრინი (დინამო): "ჩვენი მიზანი სწრაფი გოლი და თამაშის მოგება იყო, რაც ზედმიწევნით შევასრულეთ. შესვენების შემდეგ უემოციოდ ვითამაშეთ, თუმცა პლუს-მინუსები აქაც დავინახე, რასაც უთუოდ გავითვალისწინებ. პროგრესი, რომელიც ჩვენს გუნდშია, თვალშისაცემია. რა თქმა უნდა, სამომავლოდ კიდევ უფრო მოვუმატებთ".

საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. X ტური

20.10. მარტვილი. ცენტრალური. 1000 მაყურებელი
მერანი-დინამო 0:4 (იხილეთ ვიდეო)
0:1 ჩისკო (18. დვალის პასით), 0:2 ალვარო (33. მერებაშვილის პასით), 0:3 დვალი (34),
ალვარო (38)

მერანი დინამო

4-2-3-1 4-2-3-1
შეროზია ზარქუა
მელიავა სეთურიძე
იობაშვილი გ. კვარაცხელია
გ. ჟვანია ხიზანეიშვილი
გელაჭეიშვილი რეხვიაშვილი
დიდავა ძარია
ნ. ნოზაძე ხმალაძე
ამბროლაძე ალვარო
ს. ლომია ჩისკო
ტორონჯაძე მერებაშვილი
კუჭუხიძე დვალი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
მ. ჟვანია დ. უჰრინი

მერანი

27. ს. ლომია - ც. ბუკია
40. ნ. ნოზაძე - ბ. ჩხეტიანი
65. ტორონჯაძე - ქარქუზაშვილი
სათადარიგოები: ბერია, გაბისონია, კიკალიშვილი, მჭედლიშვილი

დინამო
70. დვალი - ვოსკობოინიკოვი
75. სეთურიძე - გლიშიჩი
82. რეხვიაშვილი - რობერტინიო
სათადარიგოები: სეფიაშვილი, ტვილდიანი, კვეკვესკირი, ჯიღაური
არბიტრი: ლ. სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიკელ ალვარო: პირველ ტაიმში ფაქტობრივად ყველა შეტევა გოლით დავასრულეთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული