მერანი-ზესტაფონი 0:3 - ახალი ლეგენდა გივი დიდავა [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
წინა ტურში ორივე გუნდმა მარცხი იწვნია: "ზესტაფონი" საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში თბილისის "დინამოსთან" დამარცხდა და ცხრილში საფეხურით ჩამოქვეითდა.

გასულ წლებთან შედარებით, იმერლებს ნაკლებად ამბიციური გეგმა აქვთ: ისინი საპრიზო ადგილის დაკავებას ლამობენ, რაც რასაკვირველია, მეტ-ნაკლებად სტაბილურ თამაშს გულისხმობს.

"მერანის" მიზანი კი უმაღლეს ლიგაში დარჩენაა. ამიტომაც ამ შეხვედრაში მათთვის თუნდაც ქულა მისაღები შედეგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერც ფრეს შესწვდნენ.

ამჟამად მალხაზ ჟვანიას გუნდის მდგომარეობას კატასტროფულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, მაგრამ უდავოა, დარჩენილ ტურებში "მერანს" დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევს.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ "მერანისა" და
"ზესტაფონის" შეხვედრის დაწყებას წინ დაჯილდოების ცერემონიალი უძღვოდა: "მერანის" პრეზიდენტმა ფრიდონ ინჯიამ საზეიმო ვითარებაში სპეციალური პრიზითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა უბერებელი მერანელი გივი დიდავა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სარეკორდო, 443-ე მატჩი ჩაატარა.

მანამდე ეს მიღწევა ზურაბ იონანიძეს ეკუთვნოდა.

დიდავას კარიერა 1994 წლიდან დაიწყო და ის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მას სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოში" უთამაშია, რომელთან ერთადაც ჯამში 7-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

გივი დიდავას
საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსება 21 მატჩში დაუცავს.

უშუალოდ პაექრობას რაც შეეხება: "ზესტაფონმა" მატჩი თავიდანვე აქტიურად დაიწყო, მაგრამ მის შეტევებს სისწრაფე და სიმწვავე აკლდა, რის გამოც მეტოქის კართან რეალურ მომენტს ვერ ქმნიდა. ნახევარმომენტები თუ ეთქმის იელიჩისა და შარიქაძის დარტყმებს, რომელსაც შედეგი არ მოჰყოლია.

ტაიმის შუაწელს თამაში შედარებით გათანაბრდა, მასპინძლებიც გამოცოცხლდნენ და რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნეს: ჯერ კიჭი მელიავამ დაარტყა შორი მანძილიდან, შემდეგ კი ცოტნე ბუკიამ.

35-ე წუთზე გიორგი რეხვიაშვილმა კუთხური ეშმაკურად ჩამოაწოდა. საჯარიმოში შექმნილ არეულობაში კარგად გაერკვა როინ კვასხვაძე, რომელმაც სიტუაცია დროულად განმუხტა.

სწორედ ეს ეპიზოდი აღმოჩნდა გარდამტეხი. სტუმრები მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ და შედეგმაც არ დაახანა: თორნიკე აფციაურმა შესანიშნავი სოლო-რეიდით უკან ჩამოიტოვა მარტვილელთა მარცხენა მცველი კიჭი მელიავა და ბურთი ახლოს მყოფ ლევან შარიქაძეს გადააწოდა, რომელმაც ცაციათი მეკარისაგან მარჯვენა მაღალ კუთხეში ეფექტურად გაისროლა - 0:1.

ტაიმის ბოლოს გატანის შანსი ხელიდან გაუშვა ზესტაფონელთა გერმანელმა ლეგიონერმა პატრიკ მილხრაუმმა, რომელიც მეკარესთან მარტო აღმოჩნდა, თუმცა ჯონი შეროზიას ვერ აჯობა.

სხვათა შორის, სამი გაშვებული ბურთის მიუხედავად, შეროზია მერანელთაგან საუკეთესო იყო.

შესვენების შემდეგ თამაშის ტემპი დავარდა, თუმცა ბრძოლა მოედნის თითოეული მონაკვეთისათვის მიმდინარეობდა. შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლები შედარებით გამოცოცხლდნენ, თუმცა თამაშის სადავეები ხელთ მაინც ვერ იგდეს. ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მამუკა ტორონჯაძეს მიეცა, თუმცა მისი ძლიერად დარტყმული კვასხვაძემ უკუაგდო.

ფაქტობრივად, ეს იყო და ეს, დარჩენილ დროში მერანელებს რაიმე ღირებული არაფერი შეუქმნიათ. სამაგიეროდ, სტუმრებმა გამოაჩინეს "კლანჭები" და დროის მოკლე პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით ორჯერ, ორივე შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების წყალობით იხეირეს: 83-ე წუთზე თორნიკე გრიგალაშვილმა მცველების შეცდომით ისარგებლა და თავისიანების უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო ოთხ წუთში შარიქაძის გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა თორნიკე გორგიაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

ვთქვათ ისიც, რომ მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი ლევან შარიქაძე იყო, რომელმაც თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. გარდა იმისა, რომ მან ჩინებული გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

შარშანდელი სეზონიდან გამომდინარე, "მერანის" მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანა არასწორი იქნება. არც გულშემატკივრებისაგან ივარგებს დაუფასებლობა, რადგან "მერანის" წინსვლის საქმეში მას დიდი როლი მიუძღვის. უფრო მართალნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ გუნდი გადახალისებასა და აშკარად გაძლიერებას საჭიროებს.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
31.10. მარტვილი. ცენტრალური. 1000 მაყურებელი
მერანი-ზესტაფონი 0:3 (იხილეთ ვიდეო)
0:1 შარიქაძე (37. აფციაურის პასით), 0:2 თორ. გრიგალაშვილი (83. შარიქაძის პასით), 0:3 გორგიაშვილი (87. შარიქაძის პასით)

მერანი (4-5-1) ზესტაფონი (4-2-3-1)
შეროზია რ. კვასხვაძე
მჭედლიშვილი ღონღაძე
იობაშვილი კობახიძე
გ. ჟვანია ელიავა
მელიავა თევდ. გრიგალაშვილი
დიდავა იელიჩი
ნოზაძე მენთეშაშვილი
ც. ბუკია შარიქაძე
ფონიავა აფციაური
რეხვიაშვილი მილხრაუმი
კუჭუხიძე წინამძღვრიშვილი

მწვრთნელები:
მ. ჟვანია დ. მუჯირი; ზ. ზამთარაძე

მერანი
46. ნოზაძე - ს. ლომია
46. კუჭუხიძე - ტორონჯაძე
70. ც. ბუკია - ამბროლაძე
სათადარიგოები: ბერია, კიკალიშვილი, ქარქუზაშვილი, გაბისონია

ზესტაფონი
58. წინამძღვრიშვილი - ბოტი გოა
71. მილხრაუმი - თორ. გრიგალაშვილი
75. აფციაური - გორგიაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, ბენაშვილი, სარდალიშვილი, გაგოშიძე

გაფრთხილება: ელიავა (51), აფციაური (60)

არბიტრი: თ. ხუჭუა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული