მეტალურგი-ზესტაფონი 1:1 - ლოგიკა და კურიოზი [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ბოლო წლების ორი წარმატებული ქართული კლუბი ამ სეზონში არასტაბილურად ასპარეზობს, განსაკუთრებით კი - "მეტალურგი". თუმცა არასტაბილურობას ვინ ჩივის: ბოლოდროინდელი წარუმატებლობის გამო რუსთაველები რეალურად დადგნენ ზედა ექვსეულში ვერმოხვედრის საფრთხის წინაშე.

"მეტალურგმა" ვერც ამჯერად მოიგო, მაგრამ ამ შემთხვევაში გუნდზე აუგს ვერავინ იტყვის - მასპინძლებმა მეორე ტაიმი მონდომებით ჩაატარეს, მაგრამ არანაკლებ მოტივირებულ მეტოქესთან პაექრობაში მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ.

ისე, მატჩის საბოლოო შედეგი, ალბათ, ლოგიკურ-კანონზომიერიც იყო: "ზესტაფონი" პირველ ტაიმში უკეთ თამაშობდა, მასპინძლები მეორეში "გამოცოცხლდნენ" და "მეტალურგმაც" მიმდინარე სეზონში... პირველი ფრე ითამაშა!

შეხვედრის საწყისი წუთები ფრთხილი
გამოდგა და, საერთოდაც, 27-28-ე წუთებამდე სახიფათო მომენტი არც ერთ კართან არ შექმნილა. სწორედ ამ დროს იყო, მეტოქეებმა შეტევები რომ "გაცვალეს": მასპინძელთა მეკარე-მცველთა შეუთანხმებელი თამაშის მერე რატი წინამძღვრიშვილი ურტყამდა "ერთი შეხებით", მაგრამ ზურაბ ბათიაშვილმა თავისი შეცდომა გამოასწორა.

ამას უკვე მასპინძელთა შეტევა მოჰყვა, მაგრამ ირაკლი სიხარულიძის ძლიერად დარტყმული ბურთი როინ კვასხვაძემ მოიგერია.

ტაიმის ბოლო წუთზე სიხარულიძემ კვლავ "შეამოწმა" კვასხვაძის საიმედოობა, მაგრამ "ზესტაფონის" მეკარემ ამჯერადაც ზუსტად ითამაშა. თუმცა ამ დროისათვის სტუმრები უკვე წინ იყვნენ: მრავალსვლიანი და სწრაფი კონტრშეტევა თემურ ღონღაძემ წამოიწყო, შემდეგ თორნიკე აფციაურმა ჩინებულად გააგრძელა, რომელმაც მარცხნივ პატრიკ მილხრაუმი მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი პირდაპირ თავზე "დაასვა" რატი წინამძღვრიშვილს, რომლის თავურიც ზუსტი აღმოჩნდა!

...შესვენების შემდეგ სტუმრები მოედანზე შეცვლილი ტაქტიკური განლაგებით გამოვიდნენ: თორნიკე აფციაური, ფაქტობრივად, მეორე ფორვარდად მოგვევლინა და, საერთოდაც, ცხადი იყო, რომ "ზესტაფონი" თამაშს კონტრშეტევაზე ააგებდა.

ასეც მოხდა: ლევან შარიქაძემ მარცხენა ფლანგიდან ჩინებული პასით წინამძღვრიშვილი უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა, თუმცა სტუმართა გუნდის ცენტრფორვარდმა ბურთი "მეტალურგის" კარის ბადეს გარედან გაარტყა.

აი, ეს იყო და ეს: "ზესტაფონს" მატჩის ბოლო წუთებამდე ხიფათი აღარ შეუქმნია. სამაგიეროდ, მასპინძლები გააქტიურდნენ და ირაკლი სიხარულიძემ ორი ჩინებული შანსიც ვერ გამოიყენა. პირველ ჯერზე "მეტალურგის" ფორვარდის თავური დარტყმა მცირეოდენ არაზუსტი აღმოჩნდა, მეორედ კი ლუკა რაზმაძის ჩინებული პასის მერე კვასხვაძესთან, ფაქტობრივად, პირისპირ დარჩა, მაგრამ "ზესტაფონის" მეკარეს ვერც ამჯერად აჯობა.

ამასობაში მოედანზე ხისტი თამაშიც გაჩაღდა, ორივე გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელებმა შეცვლებსაც მიმართეს, თუმცა მოედანზე გამოჩენილ ფეხბურთელთაგან ზოგი აქტიურად შემოვიდა, ზოგიც - პირიქით. ასე მაგალითად, წინამძღვრიშვილის ნაცვლად შემოსულმა კოტდივუარელმა ბოტი გოამ თავისი გუნდის შეტევები ვერ გაამწვავა; სამაგიეროდ, აქტიურად ჩაერთო თამაშში მასპინძელთა 19 წლის დებიუტანტი ივანე ხაბელაშვილი.

...72-ე წუთი იყო, მართლაც კურიოზული გოლი რომ ვიხილეთ. თუმცა მანამდე მასპინძელთა მწვავე შეტევაც არ უნდა გამოგვრჩეს: მთელი მატჩის განმავლობაში უაღრესად აქტიურმა ანზორ სუხიაშვილმა უზუსტესი გადაცემით სიხარულიძე მართლაც ხელსაყრელზე-ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა, მაგრამ მასპინძელთა თავდამსხმელმა ეს მომენტიც ვერ გამოიყენა.

ერთი შეხედვით, სიტუაცია განიმუხტა, კვასხვაძე თავის საჯარიმოში "მშვიდად დააბიჯებდა" და ის იყო, ბურთი თამაშში უნდა შემოეტანა, უკნიდან სუხიაშვილი რომ "მიეპარა", ბურთი აართვა და დაუცველ კარშიც მშვიდად და ზუსტად გაგზავნა - 1:1!

მატჩის ბოლომდე, უფრო ზუსტად, ბოლო 7 წუთში მეტოქეებმა თითო მომენტი გაცვალეს, მაგრამ ვერც გიორგი მიქაბერიძემ და ვერც გიორგი კაჭკაჭიშვილმა ზუსტად ვერ დაარტყეს.

ამას გარდა, იყო ერთი ეპიზოდიც, როცა, სტუმართა აზრით, ლაინსმენმა არასწორად დააფიქსირა "თამაშგარე" მდგომარეობა - არადა, ბოტი გოა იმ ეპიზოდში მართლაც ხელსაყრელ პოზიციაზე იმყოფებოდა...

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
04. 11. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი
მეტალურგი-ზესტაფონი 1:1 (იხილეთ ვიდეო)
0:1 წინამძღვრიშვილი (44, მილხრაუმის პასით), 1:1 სუხიაშვილი (72)

მეტალურგი ზესტაფონი
4-1-3-2 4-2-3-1
ბათიაშვილი რ. კვასხვაძე
ჯაფარიძე ღონღაძე
მახვილაძე კობახიძე
ინწკირველი კაჭკაჭიშვილი
სუხიაშვილი თევ. გრიგალაშვილი
რაზმაძე მენთეშაშვილი
თექთურმანიძე იელიჩი
დობროვოლსკი შარიქაძე
ი. მაისურაძე აფციაური
სიხარულიძე მილხრაუმი
ტატანაშვილი წინამძღვრიშვილი

მწვრთნელები: გ. ყიფიანი - დ. მუჯირი, ზ. ზამთარაძე

მეტალურგი
59. დობროვოლსკი - ხაბელაშვილი
82. თექთურმანიძე - გ. მიქაბერიძე
88. სიხარულიძე - დ. ჯანელიძე
სათადარიგოები: ჰოსმანი, ქავთარაძე, კაკუშაძე, გიორ. გურეშიძე

ზესტაფონი
59. შარიქაძე - თორ. გრიგალაშვილი
64. წინამძღვრიშვილი - ბოტი გოა
72. იელიჩი - გორგიაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, ბენაშვილი, სარდალიშვილი, გაგოშიძე

გაფრთხილება: მახვილაძე (21), აფციაური (89), მენთეშაშვილი (90).

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული