ჩიხურა-დილა 0:2 - ვინ შეაჩერებს გორელებს? ასეთი თამაშით - ვერავინ! [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ვინ შეაჩერებს "დილას"? ეს კითხვა, რომელზე პასუხსაც არა მარტო საჩხერელი, არამედ, ალბათ, საქართველოში ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი ელოდა, კვლავ უპასუხოდ დარჩა.

თუმცა, რატომ უპასუხოდ: ამ გუნდის ასეთი თამაშით და მეტოქის ასეთი წინააღმდეგობით, ვფიქრობთ, ვერავინ!

არადა, "ჩიხურას" არცთუ უსაფუძვლო იმედს ისიც განაპირობებდა, რომ პირველ წრეში (ნეიტრალურ მოედანზე) დააყრევინა ფარ-ხმალი. თუმცა "იმ" "დილასა" და "ამ" "დილას" შორის განსხვავება ისეთივეა, როგორც ცასა და დედამიწას შორის.

ეს განსხვავება აშკარად გამომჟღავნდა თამაშის პირველი წუთებიდანვე, როცა გორელებმა მოედნის თითოეულ სანტიმეტრზე უმკაცრესი კონტროლი დაამყარეს, რის შედეგადაც თომაშვილმა და
"კომპანიამ" საკუთარ საჯარიმოს არ მიაკარეს საჩხერელები, თვითონ კი მახვილგონივრული გრძელი გადაცემებით ცდილობდნენ სწრაფი ფორვარდების მეკარესთან პირისპირ გაყვანას.

სამი ასეთი ცდა თამაშგარეთი დამთავრდა, მეოთხეზე კი საჩხერელ მცველებს ჟუნიორიც გაეპარათ და გურულიც. მათ იმდენად დიდხანს უცადეს ერთმანეთს ცარიელ კარში ბურთის შესაგორებლად, რომ ვერც ერთმა ვერ იხეირა.

ასეთ სიტუაციაში "ჩიხურას" ისღა დარჩა, შორიდან მოესინჯა მეკარე სკენდერის შესაძლებლობები, რასაც ამაოდ ეცადნენ მაისურაძე და დეკანოიძე (შემდგომში სხვებიც) - არც ერთი დარტყმა კარის ჩარჩოში არ წავიდა.

მე-19 წუთზე სტუმართა მწვავე შეტევისაგან საჯარიმო მოედანში შექმნილი არეულობა თითქმის განმუხტეს საჩხერელებმა, მაგრამ ბავშვური შეცდომა მაინც გოლად დაუჯდათ: მომენტში, როცა ბურთის მეკარისათვის მიგორება და გამოტანა, უბრალოდ, ტექნიკის საქმე იყო, მხოლოდ გუშარაშვილმა თუ იცის, რა მოეჩვენა - მცველზე ჯარიმა თუ ბურთის პირით ხაზს იქით გადასვლა. ყოველ შემთხვევაში, იგი ხელით დასწვდა ბურთს.

გურულის დარტყმული პენალტი ძელმა "მოიგერია" და ბურთი თომაშვილის ფეხთან მიგორდა. მანაც ერთი შეხებით გახსნა ანგარიში.

სტუმრები შეტევას შეტევაზე ახორციელებდნენ, მაგრამ ხან თავდამსხმელები სცოდავდნენ, ხან მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე.

Sportall.Ge38-ე წუთზე მაინც მოხდა ის, რაც კანონზომიერი იყო: სომხიშვილმა გურულის ჩაწოდებულზე კლიმიაშვილის უძლიერესი დარტყმა კი აიღო, მაგრამ ხელებში ვერ შეიმაგრა და მეორე ნახტომით როცა "შეიმაგრა", ბურთს კარის ხაზი აშკარად გადაკვეთილი ჰქონდა.

უბედურებას უბედურება დაემატა: ამ
მომენტში საჩხერელთა კარის დარაჯმა ტრავმაც მიიღო და მეორე ტაიმში თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ტაიმის დასასრულს კვასხვაძეს შეეძლო ანგარიშის შეცვლა, მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა თავით დარტყმისას.

მეორე ნახევარში თამაში კვლავ "დილას" კარნახით მიმდინარეობდა, რაზეც ვერც საჩხერელთა შეცვლებმა მოახდინეს გავლენა. მართალია, სტუმრები ისე "თავქუდმოგლეჯით" აღარ უტევდნენ, მაგრამ იგრძნობოდა, თუ საჭირო გახდებოდა, ამას გააკეთებდნენ.

და მაინც, "ჩიხურას" შეეძლო თუნდაც ერთი ბურთის გაქვითვა. მე-60-ე წუთზე კვასხვაძის შორიდან გასროლა სანტიმეტრებით, 72-ეზე კი მილიმეტრებით ასცდა კარს, ხოლო 75-ეზე ბედიც ძლიერის მწყალობელი აღმოჩნდა: ასპროცენტიან საგოლეს თითის წვერებით მისწვდა სკენდერი, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბურთი ძელის მეშვეობით დაბრუნებოდა მოედანს.

ამის შემდეგ განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსი არაფერი მომხდარა, ისე მივიდა თამაში ლოგიკურ დასასრულამდე.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
04.11. ივანწმინდა. 800 მაყურებელი
ჩიხურა-დილა 0:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 თომაშვილი (19), 0:2 თომაშვილი (38)

ჩიხურა დილა
სომხიშვილი სკენდერი
ოდიკაძე გ. ონიანი
გუშარაშვილი არზიანი
საჯაია შაშიაშვილი
ჩიკვაიძე გოგუა
ზაბახიძე კვირკველია
ლომაშვილი ს. გურული
ნ. კვასხვაძე ჟუნიორი
კირკიტაძე კლიმიაშვილი
დეკანოიძე ბეჭვაია
ნ. მაისურაძე თომაშვილი

მწვრთნელები:
ს. ფრუიძე გ. დარასელია

ჩიხურა
46. სომხიშვილი - მწყერაშვილი
46. მაისურაძე - შარაშენიძე
66. ზაბახიძე - გ. ჩხეტიანი
სათადარიგოები: ბერიანიძე, ქიმაძე, მურველაშვილი, ბაკურაძე

დილა
46. ჟუნიორი - გორელიშვილი
59. კლიმიაშვილი - მოდებაძე
63. არზიანი - სალუქვაძე
სათადარიგოები: შეყრილაძე, ახალკაცი, კახელიშვილი, რამოსი

გაფრთხილება: გუშარაშვილი (64)

არბიტრი: ჯ. ხორავა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული