მერანი-მეტალურგი 0:0 - პირველი ზავი

AutoSharing Option
რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ "მერანმა" ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა, ამჯერად საშინაო შეხვედრაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონთან.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მერანელებმა ქულა აართვეს ქვემოქართლელებს. ამ ტურამდე ამ გუნდებს შორის ხუთი გამართული შეხვედრიდან ხუთივე რუსთაველთა გამარჯვებით დასრულდა. ამიტომაც "მერანის"' ამოცანა გასაგები, მაგრამ არცთუ მარტივი იყო: ისინი დადებითი შედეგისათვის იბრძოლებდნენ.

"მერანმა" ვერც ამჯერად მოიგო, თუმცა ვერ ვიტყვით, არ იბრძოლესო. ისინი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში მეტოქეზე უკეთესად გამოიყურებოდნენ, თუმცა გამარჯვების გოლის გატანა ვერა და ვერ მოახერხეს. მთლიანობაში კი, დაფიქსირებულ შედეგს არაკანონზომიერი, ალბათ, არ
ეთქმის, რადგან მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდს შეეძლო ამ თამაშის მათთვის სასურველი ანგარიშით დასრულება.

პირველ ტაიმში განსაკუთრებული სანახაობა ნამდვილად არ გვინახავს, თუმცა შიგადაშიგ რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მაინც შეიქმნა. თავდაპირველად მასპინძლებმა შეუტიეს. ჯერ მამუკა ტორონჯაძის საკმაოდ სახიფათოდ ჩამოწოდებულ ბურთზე დროული რეაგირება ვერ მოახდინა ლაშა კუჭუხიძემ, მოგვიანებით კი, პაპუნა ფონიავას დარტყმულს გადაეღობნენ მცველები.

ამას მოჰყვა სამწუხარო ფაქტიც: გივი დიდავა, რომელიც უკვე გახდა ეროვნული ჩემპიონატის რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობის მხრივ, ლუკა რაზმაძესთან ორთაბრძოლისას დაშავდა. სამედიცინო პერსონალის დახმარებით მან მოედანი ნაადრევად დატოვა.

ჯერჯერობით უცნობია, დიდავა შეძლებს თუ არა მომავალ ტურში თამაშს.

ტაიმის შუაწელს სტუმრებიც გამოფხიზლდნენ: 28-ე წუთზე ირაკლი მაისურაძის ძლიერად დარტყმულზე კარგი რეაგირება მოახდინა ჯონი შეროზიამ და გადაარჩინა თავისიანები. ორიოდე წუთში სტუმართაგან აქტიურმა რევაზ გეწაძემ დიმიტრი ტატანაშვილს უპასა, თუმცა ამ უკანასკნელს დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა. აღსანიშნავია იმავე გეწაძის სახიფათოდ შესრულებული საჯარიმო.

ერთხელაც რაზმაძემ გაისროლა ეფექტურად, თუმცა მისი დარტყმული მცირე მანძილით ასცდა მოწინააღმდეგის კარს. შესვენებამდე მარცხენა ფრთაზე ექსმერანელი ანზორ სუხიაშვილი გააქტიურდა, რომლის ჩაწოდებულსაც ირაკლი სიხარულიძე გამოეხმაურა. მისი თავური ოდნავ უზუსტო გამოდგა.

თუ პირველ ტაიმში გარკვეულ უპირატესობას "მეტალურგი" ფლობდა, მეორეში "მერანიც" გააქტიურდა და თამაშიც უფრო საინტერესოდ წარიმართა. ტაიმის განახლებისთანავე პაპუნა ფონიავა ორჯერ დაემუქრა ზურაბ ბათიაშვილის კარს: მისი შორეული დარტყმა არაზუსტი გამოდგა, შემდეგ კი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, თუმცა საეჭვო ეპიზოდში მსაჯებმა თამაშგარე დააფიქსირეს.

გულხელდაკრეფილი არც სტუმრები ყოფილან: კუთხურიდან ჩამოწოდებულს ალექსანდრე ინწკირველი გამოეხმაურა, რომელმაც თავით ბურთს მიმართულება შეუცვალა, თუმცა მომენტი მათთვის უშედეგოდ დასრულდა.

ამის შემდეგ ტემპმაც იმატა და დაძაბულობამაც. "მერანი" გოლის გასატანად გაიწია: მამუკა ტორონჯაძის ჩამოწოდებული კუთხურის შედეგად, სახიფათო სიტუაცია შეიქმნა და ბურთი გიგა ჟვანიას მიუვიდა, თუმცა მისი თავური ძლიერი ვერ გამოდგა. დროის მოკლე პერიოდში რუსთაველებმაც უპასუხეს მასპინძლებს და მწვავედაც: შეცვლაზე შემოსულმა დენის დობროვოლსკიმ სოლორეიდი განახორციელა, რის შემდეგაც დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა; დაარტყა კიდეც, თუმცა მარტვილელები ძელმა იხსნა.

ვთქვათ ისიც, რომ რევაზ გეწაძის სტანდარტულზე ჩინებულად ითამაშა ჯონი შეროზიამ. და მაინც, მერანელებს ბოლოსკენ მიეცათ გატანის შესანიშნავი შანსი: კიჭი მელიავას ჩამოწოდებულ ბურთს ლაშა კუჭუხიძემ შეუცვალა მიმართულება, თუმცა ბათიაშვილმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და ნახტომში თავისი გუნდი აშკარა გოლისაგან იხსნა.

ზედ სასტვენამდე იყო ერთობ სადავო მომენტიც: რუსთაველ მცველებთან ორთაბრძოლაში მასპინძელთა ნახევარმცველი გიგა ამბროლაძე საჯარიმოში წაიქცა (ვთქვათ ისიც,რომ მატჩის მთავარი არბიტრი ლევან სილაგავა მთელ რიგ ეპიზოდებში საკამათო გადაწყვეტილებებს იღებდა). ადგილობრივი გულშემატკივრები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა ამაოდ.

საბოლოოდ - ნულოვანი ფრე, რომელმაც სატურნირო ცხრილში ამ გუნდებისთვის არაფერი შეცვალა. თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ, რუსთაველებს მომავალი წლიდან ქვედა ექვსეულში ჩამოქვეითება არ ასცდებათ.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV ტური
11.11. მარტვილი. ცენტრალური. 1000 მაყურებელი
მერანი-მეტალურგი 0:0
მერანი (4-2-3-1) მეტალურგი (4-1-3-2)
შეროზია ბათიაშვილი
გეგეჭკორი ჯაფარიძე
გ. ჟვანია მახვილაძე
ქარქუზაშვილი ინწკირველი
მელიავა სუხიაშვილი
დიდავა რაზმაძე
ბუკია ქავთარაძე
ფონიავა ი. მაისურაძე
ტორონჯაძე გეწაძე
რეხვიაშვილი სიხარულიძე
კუჭუხიძე ტატანაშვილი

მწვრთნელები:
მ. ჟვანია გ. ყიფიანი

მერანი
28. დიდავა - ნ. ნოზაძე
60. რეხვიაშვილი - ს. ლომია
86. ტორონჯაძე - ამბროლაძე
სათადარიგოები: ბერია, იობაშვილი, მჭედლიშვილი, კიკალიშვილი

მეტალურგი
63. ქავთარაძე - დობროვოლსკი
73. ტატანაშვილი - გ. მიქაბერიძე
85. მაისურაძე - გავაშელიშვილი
სათადარიგოები: ბედიაშვილი, კაკუშაძე, ხიდეშელი, ხაბელაშვილი

გაფრთხილება: ჯაფარიძე (15), ფონიავა (68), მახვილაძე (70), მელიავა (75), გავაშელიშვილი (90).

არბიტრი: ლ. სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული