"გაგრა" დასაბუთებას ითხოვს: ჯელაძემ შეურაცხყო მეტოქე თუ ლაინსმენმა ფეხბურთელი?

AutoSharing Option
6 ნოემბერს ამბროლაურში "რაჭამ" "გაგრას" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. თუმცა სტუმრებმა შეხვედრა არასრული შემადგენლობით დაასრულეს: 68-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა სტუმართა მცველს ლაშა კალანდაძეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

სწორედ ამას მოჰყვა ინციდენტი, რომელზეც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო სამსახურმა იმსჯელა. კალანდაძე დისკვალიფიცირებულია 6 მატჩით და დაჯარიმებულია 1250 ლარით.

დისციპლინარებმა გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნეს: მას შემდეგ, რაც მსაჯმა "გაგრას" მცველი მოედნიდან გააძევა, კალანდაძემ მთავარ მსაჯსა და მის ასისტენტს დავით კურტანიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რომელსაც შემდეგ შეაფურთხა კიდეც.

დაისაჯა
"გაგრას" მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძეც. კლუბისთვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ: "ჯელაძე დისკვალიფიცირებულია 2 მატჩით და დაჯარიმებულია 200 ლარით იმის გამო, რომ მატჩის დამთავრების შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა".

ამის შემდეგ "გაგრას" ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადება, სადაც კალანდაძის საქციელს არ ამართლებდა, მაგრამ დისციპლინარებს მოსთხოვა დასაბუთება, თუ რატომ დაისაჯა მწვრთნელი. ამავე დროს, ძალიან უცნაური ფაქტი იყო ნახსენები.

"ფეხბურთელისთვის "შესამკობელი" სიტყვები არც გვერდით მსაჯს, კურტანიძეს დაუკლია. და ეს მოხდა მანამ, სანამ კალანდაძის მხრიდან ამგვარ რეაქციას ექნებოდა ადგილი. კურტანიძემ შეურაცხყოფა "გაგრას" ერთ-ერთ ფეხბურთელს მიაყენა, რის შემდეგაც მოხდა ეს ინციდენტი. თუმცა ვიმეორებთ, კალანდაძეს არ ვამართლებთ - ის დასჯას ნამდვილად იმსახურებდა.

და კიდევ ერთი: საოცარია, მაგრამ თავიდან მოგვაწოდეს ინფორმაცია, თითქოს ზვიად ჯელაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მსაჯებს მიაყენა. ამის გამო დასჯიდნენ და ჩამოგვართვეს მისი ბარათი. ახლა კი ვგებულობთ, თურმე, მას შეურაცხყოფა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებისთვის მიუყენებია.

ჩვენს ვებგვერდზე ამ შეხვედრის სრული ვიდეოჩანაწერია განთავსებული, სადაც, წესით და რიგით, უნდა ჩანდეს, ჯელაძე ვის შეურაცხყოფს, მაგრამ ასეთს ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. პირიქით, ცდილობდა ფეხბურთელები დაეშოშმინებინა და ინციდენტს სხვაგვარი გაგრძელება არ მოჰყოლოდა.

ეს საკმაოდ მძიმე ბრალდებაა მწვრთნელის მიმართ, რომელიც თავად იყო ფეხბურთელი. უნდა მოხდეს დასაბუთება, თუ კონკრეტულად რომელ ფეხბურთელს შეაგინა ზვიად ჯელაძემ და თუ კარგად ნახავთ მატჩის ვიდეოჩანაწერს, მიგვაჩნია, მიხვდებით, ვისი მხრიდან მოდიოდა ჩვენი გუნდის მისამართით აგრესია.

თუ დავაშავეთ, მზად ვართ, ამისთვის პასუხი ვაგოთ, მაგრამ ცალმხრივად, არაობიექტურად შეხვედრის შეფასება ნამდვილად არ შეიძლება. შესაბამისად, არ ვაპირებთ, მიღებული გადაწყვეტილება აპელირების გარეშე დავტოვოთ".

დისკვალიფიცირებული ზვიად ჯელაძე 13 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში კონკურენტთან, ლანჩხუთში "გურიასთან" სათადარიგოთა სკამზე ვერ დაჯდა. კლუბში დარდობდნენ, რომ ეს დამატებით პრობლემას შექმნიდა, რადგან დისციპლინარებმა გადაწყვეტილება ინციდენტიდან მხოლოდ 6 დღის შემდეგ, 12 ნოემბერს მიიღეს, ანუ "გურიასთან" შეხვედრამდე ერთი დღით ადრე და გასაჩივრების დრო არ დარჩათ.

აქვე ვიტყვით, რომ "გაგრამ" ჩემპიონატი კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო ტურებში სვლა შეანელა. მიზეზი წამყვანი მოთამაშეების ტრავმებია: კლუბის სამედიცინო შტაბის დიდი მცდელობის მიუხედავად, "გურიასთან" პრინციპულ შეხვედრაში გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ვერ დაეხმარა - მეკარე გიორგი ბეგაშვილი და ნახევარმცველები, ნიკა ჭკუასელი და ბენჟამინ ტეიდი.

"რაჭასთან"გაძევებული ლაშა კალანდაძის ამბავი უკვე გითხარით. ამას გარდა, მიკროტრავმები აწუხებთ გუგა ფალავანდიშვილსა და ლევან სეთურიძეს.

თუმცა, დისკვალიფიკაცია მოიხადა და გუნდს დაუბრუნდა თამაზ ჯიშკარიანი. "რაჭასთან" ბოლო 15 წუთი ითამაშა ნიგერიელმა უმარ მაგაჯიმ და კლუბში იმედოვნებენ, რომ ფორმას მალე აღიდგენს.

ორმაგი მოქალაქეობის (ხორვატიისა და იტალიის) მქონე რენცო რადინასაც ვერ იყენებდნენ. 19 წლის ცენტრალური მცველი, ბელგრადის "პარტიზანში" ნათამაშები რადინა გუნდს ოქტომბერში შეუერთდა და როგორც ამბობენ, ადაპტაციას გადიოდა - 13 ნოემბერს კი რადინამ "გურიასთან" მატჩი ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გურია-გაგრა 0:0 - ჯერემ ვერ მოუგო და ჯერემიამ ვერ მოაგებინა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული