ვიზუალურადაც და თამაშის მანერითაც იგი თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს ყოველთვის აგრძნობინებს, რომ "დილას" კარის ხაზზე პრობლემები არ ემუქრება.
გადავწყვიტეთ, სკენდერი "ლელოს" მკითხველისთვის უფრო ახლო კუთხით გაგვეცნო და გაგვეგო, რას ფიქრობს იგი ქართულ კარიერაზე, როგორია იგი მოედანს მიღმა და რით ცხოვრობს ფეხბურთის გარდა.
თავიდანვე გეტყვით, რომ ხორვატმა მეკარემ ძალიან ერუდირებული, ზრდილი
33 წლის მარინი თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი ქალიშვილი. არ უყვარს ხმაურიანი სიტუაციები და თავისუფალ დროს ყოველთვის ცოლ-შვილთან ერთად ატარებს. თბილისი ძალიან მოსწონს, მაგრამ შინიდან გასვლა არ უყვარს.
"თბილისით და საქართველოთი აღფრთოვანებული ვარ. თქვენი ქვეყანა ჩემს მეორე სამშობლოდ მიმაჩნია და მინდა, აქ დიდხანს დავრჩე.
ფეხბურთი ბევრ დროს არ მიტოვებს იმისთვის, რომ საქართველო კარგად დავათვალიერო, მაგრამ თბილისის გაცნობა უკვე მოვასწარი და შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში ვცხოვრობ", - ამბობს სკენდერი.
საკუთარი რელიგიური გრძნობების აფიშირება არ უყვარს, მაგრამ მაინც გაგვიმხილა, რომ ღრმად მორწმუნე კათოლიკეა და ფეხბურთთან ერთად, ყველაზე დიდ დროს ბიბლიის კითხვას უთმობს. იოლად გამონახა საერთო ენა მართლმადიდებელ თანაგუნდელებთან და მათთან ერთად მართლმადიდებლურ ტაძრებში ხშირად დადის.
როცა სახლიდან გადის, ოჯახთან ერთად ხშირად დადის თბილისის როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ეკლესიებში.
"მიმაჩნია, რომ ჰობი ზედმეტია ადამიანის ცხოვრებაში. ფეხბურთი ჩემი სამსახურია. გართობა არ მიყვარს, სულიერ სიმშვიდეს ოჯახში ვაღწევ. ყველაზე მეტად კი იესო ქრისტე მიყვარს, რა თქმა უნდა, მეუღლესთან, შვილებთან და მშობლებთან ერთად".
მოსწონს ქართული ტრადიციები და სამზარეულო, თუმცა სპორტულ რეჟიმს მკაცრად იცავს და არც ალკოჰოლურ სასმელებს ეტანება და არც - ცხიმიან კერძებს. უყვარს ქართველებთან ურთიერთობა და ამბობს, რომ აქ იოტისოდენა წყენაც კი არავისგან შეხვედრია. ყურადღებასა და სითბოს მხოლოდ თანაგუნდელებისგან კი არა, მეზობლებისა და უცნობებისგანაც კი გრძნობს.
ხალხთან კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს, რადგან რუსულსაც და ინგლისურსაც საკმაოდ ნორმალურად ფლობს.
თანაგუნდელები ძალიან უყვარს და არ სურს, მათგან რომელიმე გამოარჩიოს. მისი ძველი მეგობარი ყოფილა ფიზმომზადების ხორვატი მწვრთნელი ივო კატუშიჩი, რომელიც ამჟამად ქუთაისის "ტორპედოში" მუშაობს და როცა დრო აქვთ, ერთმანეთს ხვდებიან ხოლმე.
მარინი რუსთავის "მეტალურგის" მეკარე ივან ჰოსმანსაც იცნობს, მაგრამ რაკი ივანი მასზე ახალგაზრდაა და ცხოვრების განსხვავებული სტილი აქვს, ერთმანეთთან ბევრი არაფერი აკავშირებთ.
რაც შეეხება საფეხბურთო კარიერას, სკენდერი მიიჩნევს, რომ "დილაში" თამაში განსაკუთრებული მომენტია მის სპორტულ ცხოვრებაში.
საქართველოში ასპარეზობის გარდა, მარინი ასევე პოზიტიურად იხსენებს იმ პერიოდს, როცა ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში იძახებდნენ.
"დილამ" საქართველოს ჩემპიონატში ზედიზედ ათი მატჩი მოიგო, სკენდერმა კი ამ ათ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. თავმდაბალი მარინი ამ მიღწევაში საკუთარ წვლილს მოკრძალებულად აფასებს:
"მე, უბრალოდ, ჩემს მოვალეობას ვასრულებ და ვცდილობ, მაქსიმალურად ვიყო კონცენტრირებული. ასეთ შედეგიანობას კი სამწვრთნელო შტაბსა და თანაგუნდელებს ვუმადლი.
"დილა" ერთ მუშტად შეკრული ძლიერი გუნდია და წარმატება სწორედ გუნდური სულისკვეთების შედეგია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ასეთი გუნდის წევრობა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა".
საქართველოს თასის მოგება და ევროპის ლიგაზე ასპარეზობა მის ქართულ კარიერაში, ჯერჯერობით საუკეთესო მოგონებაა, თუმცა ამაზე შეჩერებას არ აპირებს და მიაჩნია, რომ "დილასთან" ერთად მეტის მიღწევაც შეუძლია - კერძოდ, საქართველოს ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობა.
არ ფიქრობს იმაზე, რა იქნება ხვალ - წინააღმდეგი არ იქნება, თუ საქართველოში კიდევ დიდხანს დარჩება, ფეხბურთის თამაშს კი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში აპირებს. საამისოდ ჯანმრთელობაც ხელს უწყობს და არც მოტივაციის ნაკლებობას უჩივის.
საქართველოსა და ხორვატიის ჩემპიონატების შედარებისას სკენდერი ამბობს, რომ ორივე ქვეყანას დაახლოებით თანაბარი დონის ლიგა აქვს, თუმცა ზაგრების "დინამოს" მაღალ კლასსაც აღნიშნავს - ეს ფაქტია, ხორვატიის ჩემპიონი ხომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში თამაშობს.
ჩვენსა და ხორვატიის ჩემპიონატებს განსხვავებული მოედნების მდგომარეობა აქვს - გასაგებია, ვის სასარგებლოდ. საერთო კი ის არის, რომ ორივეგან მატჩებზე ცოტა ხალხი დადის.
"არაფერია ფეხბურთელისთვის იმაზე უარესი, ვიდრე ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში. ასეთ დროს მოტივაციაც ქვეითდება და კონცენტრაციაც.
სამწუხაროდ, ეს პრობლემა საქართველოშიც თვალსაჩინოა, თუმცა რამდენიმე სტადიონზე გულშემატკივრები სტაბილურად დადიან და ესეც შეღავათია.
შემთხვევით ვისარგებლებ და ერთგული მხარდაჭერისთვის "დილას" ქომაგებს დიდ მადლობას გადავუხდი".
ქართულ ფეხბურთში აქ ჩამოსვლამდეც საკმაოდ იყო გაცნობიერებული, "დილაში" გადმოსვლის შემდეგ კი საქართველოს ნაკრების დიდი გულშემატკივარი გახდა და ჩვენი ეროვნული გუნდის საშინაო მატჩებს არ აკლდება. დღევანდელი ნაკრებიდან თორნიკე ოქრიაშვილს გამოარჩევს.
მიაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონატში მაღალი დონის მეკარეები თამაშობენ, ყველაზე მეტად კი გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე და ომარ მიგინეიშვილი მოსწონს. სხვათა შორის, საზღვარგარეთ მოთამაშე ნუკრი რევიშვილისა და გიორგი მაკარიძის შესახებაც აქვს ინფორმაცია.
ერთი სიტყვით, ქართულ ფეხბურთში ძალიან მაღალ დონეზე ერკვევა.
ბუცებისა და ხელთათმანების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ მწვრთნელობა აქვს გადაწყვეტილი.
სხვათა შორის, უკვე ფლობს სამწვრთნელო B ლიცენზიას, ყოველთვის გაფაციცებით უსმენს "დილას" მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას თეორიულ მეცადინეობებს და თეორიულ ცოდნას იღრმავებს.
"ბედნიერი ვიქნები, თუ ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს მწვრთნელის სტატუსით დავუბრუნდები", - ასეთი სურვილით დაგვემშვიდობა მარინი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"