საქართველოს პრემიერლიგის XV ტურის წინათქმა

AutoSharing Option
24 ნოემბერს "დინამო არენაზე" "დინამო" "დილას" უმასპინძლებს და ამ მატჩს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ჩემპიონატის პირველი ეტაპის ფინალი.

იქამდე კი ერთი ტურია გასამართი და გავიგებთ, როგორ ხვდება ჩემპიონობის ორი უმთავრესი პრეტენდენტი ამ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას.

ასევე შევიტყობთ, როგორ ფორმაში არიან ამ დუეტის მდევრები და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში განთავსებული გუნდები.

ორივეს მიზანი გამარჯვებაა
ტურის ცენტრალური მატჩი კი ქუთაისში გაიმართება და პირველად სწორედ მას შევეხოთ.

Sportall.Ge

ქუთაისელებისთვისაც და რუსთაველებისთვისაც გასული ტური წარუმატებელი გამოდგა - "ტორპედო" ზესტაფონში დამარცხდა და ამით ლიდერთა დუეტს საკმაო სხვაობით ჩამორჩა,
"მეტალურგმა" კი მარტვილში ფრეზე მეტს ვერ მიაღწია და საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის შანსები კიდევ უფრო შეიმცირა.

18 ნოემბერს გასამართი მატჩი კი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. "ტორპედოს" გამარჯვება და მინიმუმ მესამე პოზიციის გამყარება მართებს, "მეტალურგს" კი ზეექვსეულში მოხვედრის მცირე შანსის შესანარჩუნებლად ასევე გამარჯვება ესაჭიროება.

ერთი სიტყვით, მასპინძლებსაც და სტუმრებსაც შექმნილი გარემოება აქტიურობისკენ უბიძგებს, რაც სანახაობრივი ფეხბურთის ხილვის ალბათობას ერთიორად ზრდის.

უნდა გავიხსენოთ ამ გუნდებს შორის პირველ წრეში გამართული მატჩი, სადაც "ტორპედომ" რუსთავში შესანიშნავი ფეხბურთის დემონსტრირება მოახდინა და მეტოქე 4:0 გაანადგურა.

ამ მატჩის ნახვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირი ტელეეთერით იქნება შესაძლებელი.

დისკვალიფიკაციის გამო მეტოქეებს თითო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდებათ - "ტორპედოს" გიორგი დათუნაიშვილი, ხოლო "მეტალურგს" მიხეილ მახვილაძე ვერ დაეხმარება.

დღევანდელი ინტრიგა
ტური შაბათის მატჩებით იხსნება. მცხეთაში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდებიან.

"ვიტ ჯორჯიამ" და "სიონმა" საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის იმედები უკვე გადაიწურეს, მაგრამ რაკი წინა სეზონისგან განსხვავებით, პირველ ეტაპზე მოპოვებული ქულები გუნდებს სრულად უნარჩუნდებათ, თითოეული მატჩის ფასი მაღალია.

Sportall.Ge

"სიონი" ბოლო დროს აშკარად მოფერიანებულია. ზღვისპირეთში მოპოვებული ექვსი ქულით ბოლნისელებმა სატურნირო მდგომარეობა აშკარად გამოისწორეს და უიმედო აუტსაიდერებს აღარ მიეკუთვნებიან. გასაკვირი არ არის, "სიონი" წინა ტურში შინ "დილასთან" რომ დამარცხდა, უშუალო კონკურენტებთან ჭიდილში კი, ცხადია, წარმატების მეტი შანსი აქვს.

სეზონს საკმაოდ ნორმალურად ატარებს "ვიტ ჯორჯია", რომელიც ქულათა საჭირო რაოდენობას არცთუ ურიგო "გრაფიკით" აგროვებს და დღევანდელი გადასახედიდან, უმაღლესი ლიგის დატოვების დიდი საფრთხე არ ემუქრება. თუმცა ბუნებრივია, მოდუნება არავის წაადგება და კონკურენტთან საშინაო მატჩში ვეტერინარები მიზნად მხოლოდ გამარჯვებას დაისახავენ.

ამ შეხვედრას ფავორიტი არ ჰყავს და შესაბამისად, ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი.

სამაგიეროდ, ივანწმინდაში გასამართ მატჩს ჰყავს ფავორიტი და ეს სტატუსი "ჩიხურას" უნდა მივაკუთვნოთ.

Sportall.Ge

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ წრეში "მერანმა" შინ საჩხერელებს 1:0 სძლია, თუმცა საკუთარი კედლები ორივე მათგანისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალთა თანაფარდობა სწორედ იმის მიხედვით იცვლება, თუ ვინ არის მასპინძლის როლში.

თუკი ვინმეს "ჩიხურას" შედეგიანი სტარტი შემთხვევითობა ეგონა, ვფიქრობთ, აზრი უკვე შეიცვალა. საჩხერელები სტაბილურ ასპარეზობას განაგრძობენ, ზეექვსეულამდე თითქმის აღარაფერი აშორებთ და არ არის გამორიცხული, უფრო შორსმიმავალ გეგმებზეც ალაპარაკდნენ.

თავისი შესაძლებლობების ფონზე ურიგოდ არც "მერანი" თამაშობს და მარტვილელები არც 17 ნოემბერს აპირებენ სტატისტის როლში ყოფნას.

ჩემპიონისა და ლიდერების ამოცანა
იმერულ დერბიში გამარჯვებით "ზესტაფონმა" ფსიქოლოგიური მდგომარეობაც გამოისწორა და ისიც დაგვანახა, რომ კვლავინდებურად მზად არის ამბიციური ამოცანების განსახორციელებლად.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მეექვსე პოზიციაზე რჩება, რაც მის ამბიციებს ოდნავადაც არ შეესაბამება, მაგრამ ფაქტია, რომ ფეროელთა შედეგიანობაც და თამაშის ხარისხიც ეტაპობრივად უკეთესობისკენ მიდის.

Sportall.Ge

მორიგი დაპირისპირება "ზესტაფონს" ქობულეთში ელის ბათუმის "დინამოსთან", რომელიც ბოლო მატჩებში განსაკუთრებულად არასახარბიელოდ გამოიყურება. ზღვისპირელებმა ხომ ზედიზედ ექვსი მარცხი განიცადეს, რითაც სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო დაიმძიმეს.

ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ბათუმელები ამ უსიამოვნო სერიის შეწყვეტას.

"დილამ" უკვე "ათიანში გაარტყა" და 18 ნოემბერს გამარჯვებათა სერიის თერთმეტამდე გაზრდას აპირებს. შეგახსენებთ, ათივე გამარჯვებას გორელებმა გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით მიაღწიეს, რომელსაც ქართულ კარიერაში ჯერ ქულაც არ დაუკარგავს.

Sportall.Ge

ბოლნისში მოპოვებული სამი ქულის შემდეგ "დილა" შინ "ზუგდიდთან" მოგებას აპირებს.

ფინანსური სირთულეების მიუხედავად, ზუგდიდელები კვლავ დამაჯერებლად ასპარეზობენ და ზეექვსეულში მოხვედრის ჩინებული შანსებიც გააცნიათ. უდავოა, რომ ელგუჯა ქომეთიანის გუნდი გორშიც ბოლომდე იბრძოლებს, თუმცა ორი წამყვანი ფორვარდი, ირაკლი ქობალია და გიორგი გაბედავა ჰყავს დისკვალიფიცირებული.

ლიდერობის შესანარჩუნებლად თბილისის "დინამო" ფოთში იბრძოლებს. 3-ქულიანი ბოლოადგილოსანი 33-ქულიან პირველადგილოსანს მასპინძლობს და გასაგებია, ვინც არის შეხვედრის უპირობო ფავორიტი.

Sportall.Ge

თუმცა, ცხადია, დედაქალაქელებს გამარჯვება გარანტირებული არ აქვთ და უნდა ვივარაუდოთ, რომ დინამოელები დუშან უჰრინის შენიშვნებს გაითვალისწინებენ და უფრო კონცენტრირებულად ითამაშებენ, ვიდრე წინა ტურში ბათუმის "დინამოსთან" საშინაო მატჩში.

"კოლხეთზე" კი რა უნდა ვთქვათ - ამჟამინდელი ვითარება მათთვის კატასტროფულია და ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ცხრილის ფსკერიდან აღმა სიარულს.

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 დინამო (თბ) 14 10
3 1 41-13 33
2 დილა 14 10
1 3 24-8 31
3 ზუგდიდი 14
7
5
2 19-9 26
4 ტორპედო 14
8
2
4
29-13 26
5 ჩიხურა 14
8
2
4
21-14
26
6 ზესტაფონი 14
7
3
4
17-9 24
7 მეტალურგი 14
5
2
7
9-18 17
8 ვიტ ჯორჯია 14
4
3
7
10-20 15
9 მერანი 14
4
2
8
7-23 14
10 სიონი 14
3
4
7
11-22
13
11 დინამო (ბთ) 14
2
2
10
13-31 8
12 კოლხეთი 14
0
3
11
5-26 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს პრემიერლიგის XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული