საქართველოს პრემიერლიგის XIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
მთავარი სიახლე, რაც ეროვნული ჩემპიონატის გასულმა ტურმა მოგვიტანა, ის არის, რომ სამი გამოკვეთილი ლიდერის ნაცვლად უმაღლეს ლიგას უკვე ორი ჰყავს.

"ტირპედომ" ზესტაფონში განცდილი მარცხის მიუხედავად, მესამე ადგილი კი შეინარჩუნა, მაგრამ პირველ-მეორე საფეხურებზე მყოფი კონკურენტები სოლიდური უპირატესობით გაუშვა წინ. ამ დანაკარგის ანაზღაურება კი იოლი სულაც არ არის.

"დინამომ" და "დილამ" დაგეგმილი სამ-სამი ქულა მიითვალეს, ტურის ცენტრალური მატჩი კი "იმერული დერბი" იყო და ჩვენი მიმოხილვა სწორედ "დავით აბაშიძეზე" გამართული შეხვედრით დავიწყოთ.

დერბის ფასი
ზედმეტიც კი არის იმაზე საუბარი, თუ რას ნიშნავს იმერეთისთვის
და ზოგადად, ქართველი გულშემატკივრებისთვის "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" დაპირისპირება.

განსაკუთრებული ინტრიგა ამ კლუბების ურთიერთშეხვედრებს ბოლო წლებში ახლავს თან. საფეხბურთო ბრძოლის გარდა, სამწუხაროდ, შევსწრებივართ ქომაგთა დაპირისპირების უსიამოვნო ფაქტებსაც, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბოლო დროს ამ მხრივ ვითარება გამოსწორებულია.

მისასალმებელია, რომ ზესტაფონურმა მატჩმა ნამდვილ საფეხბურთო გარემოში ჩაიარა და პუბლიკა უკომპრომისო ბრძოლის მხილველი გახდა. სამწუხაროდ, "იმერული დერბი" მხოლოდ სტადიონზე მისულმა ქომაგებმა და მცირე რაოდენობის ინტერნეტ-მომხმარებლებმა ნახეს, დაანონსებული პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი არ შედგა.

"ზესტაფონმა" გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის შუაწელში გაიტანა. თავი თორნიკე გორგიაშვილმა გამოიჩინა, რომელსაც რამდენიმე ტური ტრავმის გამო გაუცდა.

უნდა გავიხსენოთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში "იმერული დერბი" ქუთაისში "ტორპედომ" მოიგო (ასევე 1:0), რასაც "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გიორგი ჭიაბრიშვილის გათავისუფლება მოჰყვა.

"ტორპედოს" ამ მარცხმა საქმე ძალიან გაურთულა, თუმცა, რასაკვირველია, მთავარი ბრძოლები ყველას წინ აქვს, "ზესტაფონი" კი ბოლო დროს აშკარად აღმავლობის გზაზეა. მართალია, მეექვსე ადგილი, რაც დღეისთვის უკავია, საქართველოს მოქმედი ჩემპიონისთვის არადამაკმაყოფილებელი შედეგია, თუმცა საუკეთესო ექვსეულში დამკვიდრებისთვის დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის გუნდი ქმედით ნაბიჯებს დგამს, პოზიციების გაუმჯობესება კი ეტაპობრივად სავსებით შესაძლებელია.

უხვგოლიანი დინამოები
თბილისის "დინამო" ბათუმელებთან საშინაო მატჩში უპირობი ფავორიტი იყო და როცა ანგარიში 4:1 გახდა, ყველამ იფიქრა, რომ დედაქალაქელები დაგეგმილ გამარჯვებას უპრობლემოდ გაიფორმებდნენ.

თუმცა დროის ორწუთიან მონაკვეთში ბათუმელმა თორნიკე ბერიძემ დუბლი შეასრულა და მასპინძლები აანერვიულა. საბოლოოდ, თბილისელებმა 5:3 გაიმარჯვეს, მაგრამ მათი თამაში იდეალური რომ არ იყო, ეს ნამატჩევს მათმა თავკაცმაც აღნიშნა.

"დინამოსთვის" პოზიტიური კი ის არის, რომ გუნდი კვლავ განაგრძობს შედეგიანად ასპარეზობას. "დუბლი" გაიფორმეს ჯაბა დვალმა და ჩისკომ, რითაც ბომბარდირთა დავაში პოზიციები განიმტკიცეს. ისიც აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ბომბარდირთა სამეული მთლიანად დინამოელებით არის დაკომპლექტებული!

თბილისელებმა ამ გამარჯვებით "დილასთან" ორქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს და ახლა მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო 24 ნოემბრის მოლოდინშია, როცა პირველი ეტაპის ნამდვილი ფინალი გაიმართება - "დინამო არენაზე" "დინამო" "დილას" უმასპინძლებს და ალბათ, სწორედ ეს შეხვედრა გაარკვევს, ვინ შეხვდება ზამთრის პაუზას ლიდერის სტატუსით.

დილამ ათიანშიც გაარტყა
ათი გამარჯვება ათ მატჩში, 30 ქულა 30 შესაძლებლიდან - გიორგი დარასელიასა და მისი გუნდის შესანიშნავი სერია ვერც "სიონმა" შეწყვიტა. აი, ასეთი მონაგარით ხვდება საქართველოს თასის მფლობელი თბილისის "დინამოსთან" მოახლოებულ უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებას.

ბევრჯერ დაგვიწერია, თუ როგორ გარდაქმნა "დილა" დარასელიამ და ახლა ამ თემაზე აღარ შევჩერდებით, კიდევ ერთხელ მხოლოდ იმას დავაფიქსირებთ, რომ გუნდი, რომელსაც ჩემპიონატის საწყის ოთხ ტურში ერთადერთი ქულა ჰქონდა, ახლა ჩემპიონობის ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტია.

ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ დარასელიამ "დილაში" მოღვაწეობა სწორედ "დინამოს" დამარცხებით დაიწყო, ახლა კი საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან გამარჯვებათა შთამბეჭდავი სერიის გასაგრძელებლად იბრძოლებს.

რაც შეეხება ბოლნისურ მატჩს, იქ მოვლენები მოსალოდნელი სცენარით განვითარდა. "სიონი" "დილას" ბოლომდე ებრძოლა, მაგრამ მაღალმა კლასმა თავისი გაიტანა და მასპინძლებს წარმატების განსაკუთრებული შანსები არ ჰქონიათ. იყო ერთი საკამათო ეპიზოდი, როცა მსაჯმა "დილას" კარში გასული გოლი არ ჩათვალა, მაგრამ ვფიქრობთ, ამ ეპიზოდს მატჩის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.

ერთი სიტყვით, "დილას" ყველაფერი რიგზე აქვს და შეუჩერებელ სვლას განაგრძობს. ახლა ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, სადამდე გასტანს გორელთა უდანაკარგო ასპარეზობა.

მეტალურგი ექვსეულს კიდევ დაშორდა
"მეტალურგს" მარტვილში მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა - სხვაგვარად საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ზეექვსეულში მოხვედრის შანსებს კიდევ უფრო შეიმცირებდა.

მარტვილში გამარჯვება იოლი არავისთვის არის და არ არის გასაკვირი, "მეტალურგმა" "მერანს" რომ ვერ აჯობა. შედეგად, გიორგი ყიფიანის გუნდს საუკეთესო ექვსეულის ზონამდე უკვე შვიდი ქულა აშორებს და ამ ჩამორჩენის აღმოფხვრის არცთუ დიდი შანსი აქვს.

აი, ასეთ მოულოდნელობებს გვთავაზობს მიმდინარე ჩემპიონატი - უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას, შესაძლოა, სეზონის პირველივე ნახევარში გამოეთიშოს. თუ ექვსეულს მიღმა დარჩა, ევროასპარეზზე გასასვლელად კი "მეტალურგს" ერთადერთი გზა, საქართველოს თასზე წარმატება დარჩება.

"მერანის" მიზანი კი მკაფიოა - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება და ამ ამოცანისკენ მიმავალ გზაზე მალხაზ ჟვანიას გუნდისთვის ეს ქულა გამოსადეგი უნდა იყოს.

ექვსეულის ღირსეული ბინადრები
საშინაო გამარჯვებას მიაღწია მიმდინარე ჩემპიონატის ორმა სიურპრიზმა - "ზუგდიდმა" ბოლოადგილოსან "კოლხეთს" "მეგრულ დერბიში" მინიმალური სხვაობით სძლია, "ჩიხურამ" კი "ვიტ ჯორჯიას" შანსი არ დაუტოვა და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა.

ზუგდიდელები კვლავ ფინანსურ პრობლემებს უჩივიან, მაგრამ ეს მათ თამაშზე საერთოდ არ აისახება. იმედია, ყველაფერი მოგვარდება და სამეგრელოს სეზონის დარჩენილ ნაწილშიც ბრძოლისუნარიანი წარმომადგენელი ეყოლება.

"ჩიხურას" კი ყველა ასპექტში კარგად აქვს საქმე და სულაც არ არის შემთხვევითი, სოსო ფრუიძის გუნდი მყარად რომ არის გამაგრებული ზეექვსეულში.

ცხრილის ზედა ნაწილში განსაკუთრებული კონკურენციაა და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს საკმაოდ საინტერესოსა და ძნელად პროგნოზირებადს ხდის.

Sportall.Ge

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV ტური

ზესტაფონი-ტორპედო 1:0 - რევანში იმერულად
დინამო(თბ)-დინამო(ბთ) 5:3 - მასპინძლები ანერვიულეს...
სიონი-დილა 0:2 - აუღელვებელი გამარჯვება
ჩიხურა-ვიტ ჯორჯია - შესაშური და დამაჯერებელი
ზუგდიდი-კოლხეთი 1:0 - მოგება გამოცდილებისა და ფიზიკური მომზადების ხარჯზე
მერანი-მეტალურგი 0:0 - პირველი ზავი

სატურნირო ცხრილი
გუნდი
1 დინამო (თბ) 14 10
3 1 41-13 33
2 დილა 14 10
1 3 24-8 31
3 ზუგდიდი 14
7
5
2 19-9 26
4 ტორპედო 14
8
2
4
29-13 26
5 ჩიხურა 14
8
2
4
21-14
26
6 ზესტაფონი 14
7
3
4
17-9 24
7 მეტალურგი 14
5
2
7
9-18 17
8 ვიტ ჯორჯია 14
4
3
7
10-20 15
9 მერანი 14
4
2
8
7-23 14
10 სიონი 14
3
4
7
11-22
13
11 დინამო (ბთ) 14
2
2
10
13-31 8
12 კოლხეთი 14
0
3
11
5-26 3

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაფიცებტ ვინაა ბერიდზე დინამოდან ასჰკარად გესჰლებატ დინამო ტბილის ეგეტი არავინ კავს თუ ბატუმისაა
geo-otari
14:57 13-11-2012
0

სიახლეები პოპულარული