ტურის მწვრთნელი გია გურული: ამას ასე არ დავტოვებ!

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურის მწვრთნელებად გია გეგუჩაძე და გია გურული დავასახელეთ (იხილეთ ვრცლად).

გურულის გაწვრთნილმა ბათუმის "დინამომ" ქობულეთში "ზესტაფონი" ისტუმრა და დრამატულ შეხვედრაში ფრეს გამორჩა. "დინამო" ჯერ იგებდა, შემდეგ "ზესტაფონმა" ორჯერ წაიყვანა ანგარიში, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი ბათუმელებმა გამათანაბრებელი გოლი გაიტანეს.

გურულს რამდენიმე კითხვა დავუსვით და საკმაოდ საყურადღებო ფაქტები გვითხრა მსაჯობის საკითხზე...

- ზოგადად, როგორ შეაფასებდით "ზესტაფონთან" შეხვედრას?
- ძალიან დაძაბული თამაში იყო. შედეგი ჩვენთვის ცუდი არ გამოდგა, თუმცა... ყველაზე კმაყოფილი ალბათ გულშემატკივარი დარჩა. გაგვიხარდა, შეხვედრის მიწურულს რომ გავათანაბრეთ
ანგარიში. ისეთი თამაში იყო, წაგებაც შეიძლებოდა და მოგებაც.

- "ზესტაფონამდე" სტუმრად თბილისის "დინამოსთან" ითამაშეთ და 3:5 დამარცხდით, თუმცა თამაშის ხარისხი ალბათ ოპტიმიზმის საფუძველს გაძლევთ. აგერ, "ზესტაფონთანაც" გამოავლინა თქვენმა გუნდმა ხასიათი და ბევრი გოლის გატანის უნარი...
- ორ თამაშში ექვსი გოლი კი გავიტანეთ, მაგრამ მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ, რაც საწყენია.

- ბოლო დროს კვლავ აქტუალური გახდა მსაჯობის თემა...
- ბოლნისში" სიონთან" რომ ვითამაშეთ, შეხვედრა კარგა ხნის დასრულებული იყო, ჩვენს ფეხბურთელ ნიკა ხუხიას წითელი ბარათი რომ გაუფორმეს.

- ეს როგორ მოხდა?
- მსაჯებმა სტადიონი დატოვეს და ფაქტობრივად, გზაში გადაწყვიტეს, ხუხია წითელი ბარათით დაესაჯათ. გაბრაზებულმა წყლის ბოთლი მინდორზე დაანარცხა - ეს გააკეთა ხუხიამ და ამის გამო დასაჯეს წითელი ბარათით.

ვფიქრობ, ასე არ შეიძლება, ფაქტზე რეაგირება ადგილზე უნდა მოხდეს და არა მაშინ, როცა სტადიონიდან შინ ბრუნდები. ამ ფაქტს ასე არ დავტოვებ, მატჩის ვიდეოჩანაწერიდან ამოვჭრით ამ ფრაგმენტს და ყველას დავანახებთ, თუ რაც მოხდა.

უცხოეთშია ასეა: როცა მატჩის შემდეგ ოქმი იწერება, იქ ფიქსირდება ყველაფერი. თუ ეთანხმები, ხელს აწერ, თუ არადა, განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებ. რაც გინდა, ის ჩაწერო ოქმში, ასე არ არის.

გასაგებია, რომ მსაჯი გარკვეულწილად ხელშეუხებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსამართლობაზე ხმა არ უნდა ამოვიღოთ.

"ზესტაფონთან" მატჩის შემდეგ ჩემმა ფეხბურთელებმა ისიც კი მითხრეს, არბიტრი უწმაწური სიტყვებით გველაპარაკებოდაო. ვსვამ კითხვას: ასეთ დროს მსაჯი არ უნდა დაისაჯოს? გაკვირვებას იწვევს ის ფაქტიც, რომ არბიტრ სილაგავას მსაჯობა ორიანით შეაფასეს და მომდევნო ტურში ქართულ კლასიკოზე, "ტორპედო" - "დინამოზე" დანიშნეს...

- ბათუმის "დინამოში" ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან ნიკა დიასამიძე ერთ-ერთი გამორჩეულია, თუმცა ისე ჩანს, რომ სანაკრებოდ დიდად არ ენდობიან...
- ჩემს მოვალეობაში შედის, რომ საქართველოს 19-წლამდელთა მწვრთნელებს ამ ფეხბურთელზე ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდო, დანარჩენი კახა კაჭარავას გადასაწყვეტია. კაჭარავა აკვირდება ამ ფეხბურთელს და ამის თაობაზე მეც მიკავშირდება... ასე რომ, დიასამიძე ნაკრების მწვრთნელთაგან უყურადღებოდ არ არის დარჩენილი.

- დიასამიძე თბილისის "დინამოსთან", ფაქტობრივად, მარჯვენა მცველად გაამწესეთ; არადა, ის ალბათ უფრო შემქმნელია, ვიდრე ჩამშლელი...
- საქმე იმაშია, რომ "დინამოსთან" სამი მცველით ვითამაშეთ, ხოლო როცა თავს ვიცავდით, დიასამიძე მაშინ ასრულებდა დაცვით ფუნქციებს. ისე კი, მარჯვენა ნახევარმცველად ითამაშა.

- ლაპარაკი იყო ბათუმის "დინამოსთვის" უკრაინელი სპონსორების მოზიდვაზე. რა ეტაპზეა ამ ჩანაფიქრის განხორციელება?
- ახალი ჯერ არაფერია, ალბათ, დეკემბრისთვის გაირკვევა ყველაფერი. მანამდე კი ბათუმის მუნიციპალიტეტს უნდა ვუმადლოდეთ, კლუბი რომ არსებობს.

- თქვენი გუნდი არცთუ კარგ სიტუაციაშია, ბოლოდან მეორე ადგილზეა...
- მართლაც არასახარბიელო მდგომარეობაში ვართ. კარგია, რომ გოლების გატანა დავიწყეთ, მაგრამ საქმე მხოლოდ ამით ვერ გამოსწორდება.

იანვრამდე ფეხბურთელთა ამ კონტინგენტით მოგვიწევს ბრძოლა, მერე კი რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი უნდა დავიმატოთ, ისეთები, უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშიათ. ძალ-ღონეს არ დავიშურებთ სატურნირო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული