ტურის ცენტრალური მატჩი "ტორპედომ" მოიგო, პირველი ეტაპის დასრულებამდე მთელი შვიდი ტურით ადრე კი ზეექვსეულის კონტურები კიდევ უფრო გამოიკვეთა - აი, ეს იყო გასული ტურის უმთავრესი მოვლენები.
ბოლო იმედის მარცხი
ტურის წინათქმაშიც აღვნიშნეთ, რომ ქუთაისურ შეხვედრაში ორივე გუნდს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა - "ტორპედოს" ბოლო დროს დაკარგული პოზიციების მეტ-ნაკლებად გასაუმჯობესებლად, "მეტალურგს" კი საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად.
შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი ტელეეთერით ვიხილეთ და საკმაოდ საინტერესო ბრძოლის მხილველნი გავხდით.
გიორგი კუხიანიძის მიერ პანენკას სტილში შესრულებული პენალტით "ტორპედომ" იმარჯვა და მესამე საფეხურზე აინაცვლა.
ამ მარცხის შემდეგ რუსთაველებს ზეექვსეულში სასწაული თუ შეიყვანთ; "ტორპედო" კი, მართალია, ლიდერებს უკვე სოლიდურად ჩამორჩება, მაგრამ მაინც განაგრძობს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას.
მთლიანობაში, ტურის ცენტრალური მატჩი, ერთადერთი გოლის მიუხედავად, არცთუ ურიგო სანახავი გამოდგა.
დარასელიას წრე
გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით "დილამ" ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრა მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ გორელებმა ერთმანეთის მიყოლებით ყველა უმაღლესლიგელი დაამარცხეს და ვირტუალური წრეც შეკრეს.
კომენტარი ზედმეტია - ეს, უბრალოდ, ბრწყინვალე შედეგია!
ამ საოცარი სერიის წყალობით საქართველოს თასის მფლობელი ჩემპიონობის რეალურ პრეტენდენტად იქცა და პირველი ეტაპის დარჩენილი მატჩები კიდევ უფრო ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნის შიდაქართლელთა რეალურ ძალასა და საჩემპიონო შესაძლებლობებზე. ძალიან საინტერესოა, სადამდე გასტანს "დილას" გამარჯვებათა სერია.
"ზუგდიდის" წინააღმდეგობის დაძლევა კი დარასელიას გუნდს ოდნავადაც არ გასჭირვებია. წამყვანი ფორვარდების, ირაკლი ქობალიასა და გიორგი გაბედავას არყოფნაში (ორივე დისკვალიფიცირებული იყო) სტუმრებმა წინა ხაზზე ღირებული ბევრი ვერაფერი შექმნეს, გორელებს კი ყველაფერი გამოსდიოდათ.
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ შესვენებაზე მეტოქეები ნულოვანი შედეგით გავიდნენ. სამაგიეროდ, მეორე ტაიმში ფავორიტმა საკუთარი უპირატესობა გოლებში ასახა და "დილამ" სამბურთიანი უპირატესობით გაიმარჯვა.
მოედანი უგოლოდ დატოვა, მაგრამ ეფექტური იყო გორელთა ბრაზილიელი ახალწვეული ლეონარდო, "დილას" მცველმა გიორგი ონიანმა კი მეტოქის კარი ზედიზედ მეორე შეხვედრაში დალაშქრა.
"ზუგდიდი" მეხუთე ადგილამდე დაეშვა, მაგრამ ეს მისთვის ტრაგედია არ არის - პროგრამა-მინიმუმის შესრულებასთან, ანუ საუკეთესო ექვსეულში დამკვიდრებასთან ხომ ელგუჯა ქომეთიანის გუნდი ძალიან ახლოსაა.
კვლავ ესპანელთა გოლებით
ამ სეზონში "დინამომ" ესპანელი ლეგიონერების მიერ გატანილი ბურთებით არაერთი მატჩი მოიგო და გასულ ტურში საქმე კვლავ ამგვარ შემთხვევასთან გვქონდა.
ფოთში თავი მიკელ ალვარომ და ჩისკომ გამოიჩინეს და ბომბარდირთა დავის ლიდერს, თანაგუნდელ ჯაბა დვალს კვალში უდგანან.
"დილას" მსგავსად, დედაქალაქელებმაც მეორე ტაიმში გატანილი გოლებით მოიგეს, მაგრამ არც მათ გამარჯვებას დამუქრებია რაიმე საფრთხე.
"კოლხეთზე" კი რა უნდა ვთქვათ - ფოთელები ჯერაც მოუგებელნი არიან და უმაღლეს ლიგაში დარჩენის იმედი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდათ, ჩემპიონატის შარშანდელი აბსურდული სისტემა რომ იყოს ძალაში. შეგახსენებთ, წინა სეზონში აუტსაიდერებმა მეორე ეტაპი განულებული ქულებით დაიწყეს.
დაკარგული ქულები და ქობულეთური დისკომფორტი
ბათუმის "დინამოსა" და "ზესტაფონის" მატჩის წინ მომხდარი ამბები "ლელოს" 19 ნოემბრის ნომერში გიამბეთ და ახლა ვრცლად აღარ განვმეორდებით, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ ფეროელებს შეხვედრის საორგანიზაციო მხარეზე აქვთ პრეტენზიები და ამ საკითხის შესაბამის ორგანოში დაყენებასაც აპირებენ (იხილეთ ვრცლად).
თვითონ მატჩს რაც შეეხება, "ჩელე არენაზე" ტურის ყველაზე უხვგოლიანი და თვალსასეირო დაპირისპირება გაიმართა, სადაც ბათუმელებმა საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ქულა მსაჯის მიერ დამატებულ დროში აართვეს.
აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ "დინამოს" ფორვარდი ირაკლი ცნობილაძე, რომელმაც შეცვლაზე შესულმა შეძლო დუბლის შესრულება. თავი გამოიჩინეს ასევე "ზესტაფონის" ახალგაზრდა შუახაზელმა ბერდია შარვაძემ და მოედანზე ახლად დაბრუნებულმა ალექსი ბენაშვილმა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ბათუმელთა უბერებელი ნახევარმცველი, 38 წლის ამირან მუჯირის ჩინებული თამაში.
ბათუმელთათვის ეს ქულაც გარკვეული შეღავათია; "ზესტაფონისთვის" კი, რა თქმა უნდა, ამ შედეგს დანაკარგი უფრო ეთქმის, მაგრამ რაკი იმერელთა მდევარმა "მეტალურგმა" წააგო, დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის გუნდისთვის გასულ ტურს მთლად უშედეგოდაც არ ჩაუვლია.
შაბათს გამართული მატჩებიდან კი გასახსენებელი ბევრი არაფერია. "ჩიხურამ" "მერანთან" დაგეგმილი სამი ქულა საკმაოდ მძიმე ბრძოლაში მოიპოვა, "მცხეთა პარკზე" ჩატარებული შეხვედრა კი არცთუ უინტერესო გამოდგა, თუმცა "ვიტ ჯორჯია" და "სიონი" მაინც უგოლოდ გაიყარნენ.
საშემოდგომო ფინალის მოლოდინში
მთელი ქართული საფეხბურთო სამყარო კი 24 ნოემბერს ელის, როცა "დინამო არენაზე" პირველი ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება, რომელიც დიდი ალბათობით, "შემოდგომის ჩემპიონს" გამოავლენს.
ერთმანეთის წინაშე "დინამო" და "დილა" წარსდგებიან!
რა თქმა უნდა, შაბათამდე ამ განსაკუთრებულ შეხვედრაზე კიდევ ბევრჯერ ვისაუბრებთ, ახლა კი მხოლოდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეროვნულ სტადიონზე იმაზე ბევრად მეტი ქომაგი მივა, რამდენიც საქართველოს ჩემპიონატისთვის არის დამახასიათებელი.
წესით, ეს თამაში სეზონის ერთ-ერთი მშვენება უნდა გამოდგეს.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
ტორპედო-მეტალურგი 1:0 - მასპინძლების რთული გამარჯვება [VIDEO]
კოლხეთი-დინამო 0:2 - "დინამოს" დიდი გამარჯვების დღე ესპანელებმა მიულოცეს [VIDEO]
დილა-ზუგდიდი 3:0 - გიორგი დარასელიამ მოგებებით წრე შეკრა [VIDEO]
ჩიხურა-მერანი 1:0 - თამაშის ბედი ავტოგოლმა გადაწყვიტა [VIDEO]
დინამო(ბთ)-ზესტაფონი 3:3 - ბევრი გოლი და სტუმართა უკმაყოფილება [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-სიონი 0:0 - ისევ ფრე
სატურნირო ცხრილი
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | დინამო (თბ) | 15 | 11 |
3 | 1 | 43-13 | 36 |
2 | დილა | 15 | 11 |
1 | 3 | 27-8 | 34 |
3 | ტორპედო | 15 |
9 |
2 |
4 |
30-13 | 29 |
4 | ჩიხურა | 15 |
9 |
2 |
4 |
22-14 | 29 |
5 | ზუგდიდი | 15 |
7 |
5 |
3 |
19-12 |
26 |
6 | ზესტაფონი | 15 |
7 |
4 |
4 |
20-12 | 25 |
7 | მეტალურგი | 15 |
5 |
2 |
8 |
9-19 | 17 |
8 | ვიტ ჯორჯია | 15 |
4 |
4 |
7 |
10-20 | 16 |
9 | სიონი | 15 |
3 |
5 |
7 |
11-22 | 14 |
10 | მერანი | 15 |
4 |
2 |
9 |
7-24 |
14 |
11 | დინამო (ბთ) | 15 |
2 |
3 |
10 |
16-34 | 9 |
12 | კოლხეთი | 15 |
0 |
3 |
12 |
5-28 | 3 |
ბომბარდირები
დვალი (დინამო თბ) 12
ალვარო (დინამო თბ) 9
ჩისკო (დინამო თბ) 9
საბანაძე (ტორპედო) 9
მომდევნო ტური
24 ნოემბერი, შაბათი
დინამო (თბ)-დილა
მერანი-ტორპედო
მეტალურგი-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-კოლხეთი
ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია
სიონი-ჩიხურა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"