"დინამომ" მატჩის წინა დღეს საკუთარ სტადიონზე ღია ვარჯიში გამართა, რასაც პრესკონფერენცია მოჰყვა.
მედიის ინტერესი თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა და ფეხბურთელებმა, ჩისკომ და გიორგი მერებაშვილმა დააკმაყოფილეს.
დუშან უჰრინი:
- ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის მოლოდინში ვართ. ჩვენი მეტოქეა გუნდი, რომელმაც ზედიზედ ბოლო თერთმეტი შეხვედრა მოიგო, საიდანაც ათში გოლი არ მიუღია.
მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე,
დიდი სურვილი მაქვს, მაყურებელს საინტერესო მატჩი შევთავაზოთ.
- რის ხარჯზე შეუძლია "დინამოს" "დილას" დამარცხება?
- ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა შინაური კედლებია, თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა კოზირების იმედიც გვაქვს. არ ვიცი რატომ, მაგრამ გორში "დილასთან" სუსტად ვითამაშეთ, ჩვენი შესაძლებლობების ასი პროცენტი ვერ გამოვავლინეთ და ფეხბურთელებს თითქოს შიშიც ეტყობოდათ.
საპასუხო მატჩში მსგავს სურათს გამოვრიცხავ, "დინამო" მოედანზე მოსაგებად გავა.
- მეტოქის შესახებ რას გვეტყვით?
- "დილას" ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს, განსაკუთრებით კი საიმედო დაცვით გამოირჩევა. ჩვენმა მეტოქემ საინტერესო ტრანსფერებიც განახორციელა, თუმცა არ ვიცი, შეძლებენ თუ არა ასე უცებ "დილას" ახალწვეულები შესაძლებლობების სრულად გამოვლენას.
- დანაკლისი ხომ არ გაქვთ?
- ის თერთმეტი ფეხბურთელი, რომელიც "დილასთან" შეხვედრისთვის შევარჩიე, სრულ მზადყოფნაშია. თუმცა ვინ მოიაზრება ამ თერთმეტეულში, ამას მატჩის დროს შეიტყობთ.
- "დინამო"-"დილას" ექვსი მსაჯი მოემსახურება. ამაზე რა აზრის ხართ?
- ეს ნოვაცია ევროპის ბევრ ქვეყანაში დაინერგა და მხოლოდ მივესალმები. იმედი მაქვს, მსაჯების რაოდენობის გაზრდა მათი შეცდომების რიცხვს მინიმუმამდე დაიყვანს.
- "დინამოში" სინჯებზე მყოფი განელი მცველის, დანიელ ადოს თაობაზე გადაწყვეტილება ხომ არ მიგიღიათ?
- მისი საკითხი ორ-სამ დღეში გადაწყდება.
ჩისკო:
- რთული მატჩი გველის, მაგრამ ლიდერები ვართ და გამარჯვება გვმართებს. "დინამო" ამ საპასუხისმგებლო შეხვედრას კარგ ფორმაში მყოფი ხვდება და სამი ქულის მოპოვების დიდი იმედი გვაქვს.
გიორგი მერებაშვილი:
- კარგად გვესმის, რომ მძიმე შეხვედრა იქნება, მაგრამ მეც და ჩემი თანაგუნდელებიც მზად ვართ, გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გავიღოთ.
"დილა" ძლიერი მეტოქეა, მაგრამ დიდი იმედი გვაქვს, რომ მიზანს სწორედ ჩვენ მივაღწევთ. ლიდერები ვართ და ამ პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცება გვსურს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV ტურის წინათქმა
დილა-დინამო 2:0 - გორში დაბრუნებულმა "დილამ" "დინამო" გააგორა
მიკელ ალვარო: მანქანას 3 სარკე აქვს, მაგრამ თბილისში 6 მჭირდება...
რწმენა, ოჯახი, ფეხბურთი - "დილას" მეკარე მარინ სკენდერის სამი დასაყრდენი
გიორგი დარასელია: დაბრუნება პატრიარქის სიტყვამ გადამაწყვეტინა