ვეტერინარები განსაკუთრებით მოტივირებულად ფავორიტებთან დაპირისპირებაში გამოიყურებიან და ეს მათ შედეგებზეც აისახება - "ვიტ ჯორჯიამ" უკვე დაამარცხა გორის "დილა" და რუსთავის "მეტალურგი", გასულ ტურში კი ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის "დინამოს" ქულები აართვა.
მცხეთაში გამართული დაძაბული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და "ვიტ ჯორჯიას" თავკაცი მერაბ კოჭლაშვილი მიმდინარე სეზონში მესამედ გახდა "ლელოს" სიმბოლური ნაკრების მწვრთნელი.
დღეს ჩვენი გაზეთის რესპონდენტი სწორედ ვიტელთა დამრიგებელია.
- პირველ რიგში, დიდ მადლობას
- ახლა უკვე ცივი გონებით შეგიძლიათ თბილისური დერბის შეფასება.
- უპირველესად, იმას აღვნიშნავ, რომ დღესდღეობით "დინამო" ჩინებულ ფორმაშია, დუშან უჰრინმა შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა. ვიცოდით, რომ ასეთ მეტოქესთან წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ ბიჭებმა ამ თამაშში ყველაფერი ჩადეს და ქულა სავსებით დაიმსახურეს.
მადლობას ვუხდი 18-კაციან განაცხადში მყოფ თითოეულ ფეხბურთელს, რომლებმაც მაქსიმუმი გაიღეს წარმატებისთვის.
გაამართლა ჩვენმა ტაქტიკურმა ჩანაფიქრმაც, რომელმაც საშუალება მოგვცა, მეტოქესთვის საუკეთესო თვისებების გამოვლენა შეგვეზღუდა. ასეც მოხდა და დავამტკიცეთ, რომ "დინამოსთან" პირველ წრეში დაფიქსირებული ანგარიში კანონზომიერი არ იყო (ეს მატჩი "ვიტ ჯორჯიამ" 0:5 წააგო - ავტ.).
"ვიტ ჯორჯია" სისტემატურად ახერხებდა "დინამოსთან" ღირსეულად ბრძოლას და ამ ტრადიციას ვაგრძელებთ იმის მიუხედავად, რომ ჩვენს შემადგენლობაში ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელები თამაშობენ. ამ სეზონში ხომ ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი მოთამაშე დაწინაურდა, რომელიც წინა სეზონში 18 კაცშიც კი იშვიათად ხვდებოდა. ზოგმა "დინამოს" წინააღმდეგ პირველად ითამაშა.
მატჩის მიწურულს ელგუჯა ლობჯანიძეს გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ გამოცდილება დააკლდა. რა თქმა უნდა, სამი ქულის მოპოვების შანსი "დინამოსაც" ჰქონდა...
- მეტოქემ უკმაყოფილება გამოთქვა მსაჯობასთან დაკავშირებით...
- სიმართლე გითხრათ, მატჩის ვიდეოჩანაწერი ჯერ არ მინახავს და ამიტომაც ამ საკითხზე ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუმცა გეტყვით, რომ ლაშა გაბრიჭიძემ გოლი წესების სრული დაცვით გაიტანა და ჩვენს კარში პენალტიც არ იყო დასანიშნი, რადგან თამაშის წესებს ჯერ დინამოელი არღვევდა.
საერთოდაც, მსაჯობაზე აპელირება სწორად არ მიმაჩნია, რადგან ამ მხრივ მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ მიდის. რა დონის ჩემპიონატიც გვაქვს, მსაჯობის ხარისხიც ამის ადეკვატურია.
იმასაც გავიხსენებ, რომ პირველ წრეში "დინამოსთან" შეხვედრისას ჩვენს კარში უსამართლო თერთმეტმეტრიანი დანიშნეს.
- რით ახსნით იმ ფაქტს, რომ "ვიტ ჯორჯია" ლიდერებთან დამაჯერებლად ასპარეზობს, უშუალო კონკურენტებთან ბრძოლაში კი ხშირად კარგავს ქულებს?
- ეს მართლაც ჩვენი უმთავრესი პრობლემა და სატკივარია. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად დიდი შრომა გვმართებს. ყველაფრის თავი და თავი მოტივაციის ნაკლებობაა.
რა თქმა უნდა, "დინამოსა" და "დილასთან" მოპოვებული ქულები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, მაგრამ ჩვენმა ფეხბურთელებმა კარგად უნდა გაითავისონ, რომ კარგი შედეგებისთვის სტაბილური თამაშია საჭირო. უშუალო კონკურენტებთან მეტი მობილიზება გვმართებს.
- რამდენად მისაღებია თქვენთვის ის პოზიცია, რაც "ვიტ ჯორჯიას" ამჟამად უკავია სატურნირო ცხრილში?
- ნამდვილად არ არის მისაღები, რადგან ჩვენი მიზანი საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა იყო. შედეგების გაუმჯობესებას აუცილებლად შევეცდებით. პოზიტიური კი ის არის, რომ "ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობა თითქმის მთლიანად ჩვენი კლუბის აღზრდილებით არის დაკომპლექტებული და ამ ბიჭების პროგრესი თვალსაჩინოა, რაც ძალიან გვახარებს.
უმაღლეს ლიგაში დასარჩენად დიდი ბრძოლა გველის, რადგან უქმად არც ჩვენი კონკურენტები არიან.
- ზამთრის გეგმებზე ხომ არ ჩამოყალიბებულხართ?
- უკვე გადაწყვეტილია, რომ მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთში გავემგზავრებით. უცხოური შეკრება მხოლოდ ლოკალური ამოცანების გადასაჭრელად კი არ არის სასარგებლო, გათვლა მომავალზეც კეთდება, რადგან ამით ახალგაზრდა ფეხბურთელები ფასდაუდებელ გამოცდილებას იძენენ.
- ზამთარში "ვიტ ჯორჯიას" რომელიმე წამყვანი ფეხბურთელი ხომ არ დატოვებს?
- ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, დაველოდებით კონკრეტულ შემოთავაზებებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ უკვე თბილისშია "ვიტ ჯორჯიას" ყოფილი ლიდერი გიორგი ჯანელიძე, რადგან რუსეთის პირველ დივიზიონში უკვე შესვენება გამოცხადდა.
თუ კანონი საშუალებას მოგვცემს, გიორგის ოფიციალურ მატჩებში დიდი სიამოვნებით მივცემთ თამაშის საშუალებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. XVII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ვიტ ჯორჯია-დინამო 1:1 - არაპროგნოზირებადი დერბი [VIDEO]
ტურის მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილი: თამაშის ხარისხს ვაუმჯობესებთ