ისე, არც "ვიტ ჯორჯიაა" უსახელო კლუბი, საქართველოს ჩემპიონიც ყოფილა და თასის მფლობელიც, სუპერთასიც აუწევია და არაერთხელ გასულა საპრიზო ადგილზე ეროვნულ ჩემპიონატში.
ახლა "ვიტ ჯორჯია" მერვე ადგილზეა და ზედა ექვსეულში მოხვედრის მისხალი შანსი აქვს დარჩენილი, თუმცა, როცა იშტაზეა, ნებისმიერი მეტოქის გამწარება შეუძლია.
ვიტჯორჯიელ გიორგი კორიფაძეს ბოლო მატჩები კარგად წაუვიდა. "დინამოსთან" საგოლე გადაცემა
კორიფაძე 23 წლის გახლავთ. ტიპურად ფლანგზე მოთამაშე შემტევია, თამაშის გამწვავება და კარის გასწვრივ ჩაწოდება მისი ხელობაა. უკვე ოთხი წელია, რაც ვიტჯორჯიელია. ამ კლუბში ჩამოყალიბდა უმაღლეს ლიგაში მოთამაშე ერთ-ერთ საინტერესო ფეხბურთელად.
კორიფაძესთან საუბარი "ზესტაფონთან" მატჩით დავიწყეთ...
- ზესტაფონში თამაში ყველა გუნდს უჭირს და იქიდან სამი ქულის წამოღება პატარა საქმე არ არის. რა დავალება გქონდათ ფეხბურთელებს მწვრთნელისგან?
- კონტრშეტევებზე უნდა აგვეგო თამაში, მოწინააღმდეგისთვის ტერიტორიული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა უნდა შეგვეზღუდა. საბოლოო ჯამში, კარგი შეხვედრა გამოვიდა. მოგება ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ უფრო ჩვენ გაგვიმართლა.
- "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ითვლები, თუმცა "ზესტაფონთან" ჯერ სათადარიგო იყავი და შეცვლაზე მოგიწია თამაში - რა იყო ამის მიზეზი?
- ჩვენი მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილი მელაპარაკა ამ ყველაფერზე თამაშის წინ. მითხრა, დაღლილობის ფონს ვამჩნევ და ამიტომაც ვერ იქნები სასტარტოში, მეორე ტაიმში კი აუცილებლად დაგვჭირდებიო.
"ზესტაფონთან" ორი გამოკვეთილი თავდამსხმელით ვითამაშეთ. წინ ლობჯანიძე და გაბრიჭიძე იყვნენ. 5-3-2 განლაგება ავირჩიეთ და მეც შეცვლაზე მომიწია გამოსვლა.
- როცა შეცვლაზე შედიოდი, მერაბ კოჭლაშვილმა რა დარიგება მოგცა?
- გოლი უნდა გაიტანოო. თამაშის წინ კი მერაბ კოჭლაშვილი მეუბნებოდა, ამ თამაშში გოლი გაგაქვს, ასე მაქვს ნანახიო.
- გოლის ეპიზოდზეც ვთქვათ, - ისე დაარტყი, რომ "ზესტაფონის" მეკარემ ჯეროვანი რეაქცია ვერ მოახდინა, რაც ალბათ იმის ბრალი იყო, რომ შენგან დარტყმაზე უფრო ჩაწოდებას ელოდა...
- მეც ჯერ ჩაწოდებას ვაპირებდი, ერთი მეტოქე მოვატყუე, ბურთი გავისწორე, უნდა ჩამეწოდებინა, მაგრამ "ზესტაფონის" საჯარიმოში ვიტჯორჯიელთაგან არავინ იყო და მეც კარში დარტყმა გადავწყვიტე, რასაც "ზესტაფონის" მეკარე როინ კვასხვაძე ალბათ არ ელოდა.
- "ზესტაფონამდე" მცხეთაში "დინამოს" 1:1 ეთამაშეთ - იმ შეხვედრაზე რას გვეტყოდი?
- პირველ წრეში "დინამოსთან" 0:5 წავაგეთ და როცა დინამოელები მცხეთაში მოედანზე გამოვიდნენ, ეგონათ, რომ ნაღდი სამი ქულა ჰქონდათ. ჩვენ კი არც ისეთი გამოუცდელი გუნდი ვართ, რომ მეტოქის ასეთი დამოკიდებულება არ გამოგვეყენებინა.
"დინამოსთანაც" ასე იყო - ორივე გუნდს შეეძლო მოგება. 1:1 რომ იყო ანგარიში, ლობჯანიძე "დინამოს" მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა...
- "ვიტ ჯორჯია" ხელოვნურ მოედანზე ვარჯიშობს და საშინაო მატჩებსაც ამავე მოედანზე ატარებს - ეს გარკვეულ უპირატესობას არ გაძლევთ მეტოქეებთან?
- მასეა, როცა შინ ვთამაშობთ. ამ ფაქტორის გამო რაღაც უპირატესობა გვაქვს და როცა სტუმრად მინდორზე ვთამაშობთ, უკვე მოწინააღმდეგეს აქვს გარკვეული უპირატესობა.
- "ვიტ ჯორჯიადან" გიორგი ჯანელიძის წასვლის შემდეგ ვინ არის გუნდის ლიდერი?
- ჯანელიძე მართლაც ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო "ვიტ ჯორჯიაში". ამ დროისთვის კი გამოკვეთილი ლიდერი არ გვყავს, თერთმეტივე ბოლომდე იბრძვის და მაქსიმუმს დებს მოედანზე.
- "ვიტ ჯორჯია" წლობით ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურად მოწინავე გუნდი იყო საქართველოში, ახლა კი...
- უკეთესობა აუცილებლად იქნება, სასიკეთო ძვრები არის და მომდევნო სეზონში "ვიტ ჯორჯია" უკვე სულ სხვა მიზნებისთვის იბრძოლებს.
- საკუთარ თავს რას ატყობ, კარიერის პიკს უახლოვდები?
- ალბათ მაქვს წინსვლა, ყველაფერს ვარჯიში და მონდომება სჭირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები