რუსთაველები "მცხეთა-პარკზე" მეტოქეზე ბევრად მოტივირებულები გავიდნენ. ისინი მეტოქეს კარგადაც იცნობდნენ: მთავარი მწვრთნელი და ხუთი მოთამაშე ხომ ექს-ვეტერინარები არიან - სათადარიგო მეკარე გრიგოლ ბედიაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, ლექსო ინწკირველი, ლუკა რაზმაძე და ირაკლი სიხარულიძე.
საუკეთესოებში მოხვედრის თეორიული შანსი "ვიტ ჯორჯიასაც" აქვს. ამიტომ შეხვედრა ერთობ დაძაბული გამოდგა. თუმცა, პირველი ტაიმი საკმაოდ უფერული იყო. თავად განსაჯეთ: პირველად კარის მიმართულებით
მეტ-ნაკლებად სახიფათო შეტევა სტუმრებმა კი 35-ე წუთზე გაითამაშეს: მაცხენა ფლანგიდან ანზორ სუხიაშვილის გადაცემის შემდეგ გიორგი თექთურმანიძემ ბურთი კარში გააგზავნა, თუმცა ნიკა დაუშვილი უშეცდომო გახლდათ. "ვიტ ჯორჯიას" კარის დარაჯმა საიმედოდ ითამაშა 39-ე წუთზეც, როდესაც დიმიტრი ტატანაშვილმა შეუტია.
რუსთაველები გაცილებით მეტ დროს სწორედ მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა თამაში 5 მცველით დაიწყეს და მეტოქის შეტევებს თავიდან იოლად უმკლავდებოდნენ.
მეორე ნახევარი ბევრად უფრო საინტერესოდ წარიმართა და მომენტებიც საკმაოდ შეიქმნა. მატჩი კვლავ სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა. მარცხენა ფლანგიდან აქტიურად და სასარგებლოდ უტევდა სუხიაშვილი. 51-წუთზე მისი გარღვევა საჯარიმოში კარგი გადაცემით გაგრძელდა, მაგრამ ირაკლი სიხარულიძის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მეკარის ნადავლი გახდა.
ანგარიშის გახსნა საჯარიმო დარტყმით რევაზ გეწაძემაც სცადა და კვლავ უშედეგოდ.
მერე "ვიტ ჯორჯიას" დრო დადგა: მიხეილ მახვილაძე ბურთს მეკარე ზურაბ ბათიაშვილს აწვდიდა, მაგრამ შეცდა, მასპინძელთა თავდამსხმელმა ლაშა გაბრიჭიძემ გადაცემა ჩაჭრა და ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.
59-ე წუთზე შეტევა კვლავ გაბრიჭიძემ გაამწვავა, მაგრამ საჯარიმო ხაზიდან დარტყმული ბურთი ზურაბ ბათიაშვილმა კუთხურზე მოიგერია.
67-ე წუთზე მასპინძელთა კარის ბადე მაინც შეირხა: ანზორ სუხიაშვილმა ფლანგიდან კიდევ ერთხელ შეუტია და საჯარიმოში ირაკლი სიხარულიძე მოძებნა, რომელმაც მცველებს დაასწრო, მაღალ ბურთს ფეხით შესწვდა და "ცხრიანში" ეფექტურად გააგზავნა - 0:1.
გამოუვალმა მდგომარეობამ "ვიტ ჯორჯიას" მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილი აიძულა, ხუთიდან ერთ-ერთი მცველი (ლაშა კასრაძე) თავდამსხმელით (ლევან კუხალეიშვილი) შეეცვალა. თუმცა სახიფათო მომენტები ისევ რუსთაველებმა შექმნეს.
მართალია, ლაშა ჯაფარიძემ და რევაზ გეწაძემ ვერ გაიტანეს, მაგრამ "მეტალურგმა" მანამდე მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა, დამსახურებულად გაიმარჯვა და ექვსეულში მოხვედრის მცირე შანსი შეინარჩუნა.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
07.12. "მცხეთა პარკი". 350 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 0:1
გოლი: 0:1 სიხარულიძე (67. სუხიაშვილის პასით).
ვიტ ჯორჯია (5-4-1) მეტალურგი (4-2-3-1)
დაუშვილი ბათიაშვილი
ხურცილავა ჯაფარიძე
გოგიაშვილი მახვილაძე
კასრაძე ინწკირველი
ადამაძე სუხიაშვილი
ჯავაშვილი რაზმაძე
ღიბრაძე ი. მაისურაძე
ვასაძე თექთურმანიძე
გურ. გურეშიძე სიხარულიძე
კორიფაძე გეწაძე
ე. ლობჯანიძე ტატანაშვილი
მწვრთნელები:
მ. კოჭლაშვილი გ. ყიფიანი.
ვიტ ჯორჯია:
46. ლობჯანიძე - გაბრიჭიძე
61. ღიბრაძე - დავლაშელიძე
70. კასრაძე - კუხალეიშვილი
სათადარიგოები: რეჭია, გეთიაშვილი, ტეტუნაშვილი, ჯუღელი.
მეტალურგი:
63. ტატანაშვილი - გ. მიქაბერიძე
75. თექთურმანიძე - დობროვოლსკი
90. გეწაძე - ქავთარაძე
სათადარიგოები: ბედიაშვილი, ზ. ლობჯანიძე, ხიდეშელი, ხაბელაშვილი
გაფრთხილება: ადამაძე (77), სიხარულიძე (77).
მსაჯი: დ. ხარიტონაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"