არადა, ეს ის შემთხვევა იყო, როცა, ეგრეთ წოდებული, სარეზერვო დღეები ბუნებაში არ არსებობდა - ჩემპიონატის პირველი ეტაპი აუცილებლად ახალ წლამდე უნდა დამთავრებულიყო.
ერთი სიტყვით, სტიქიამ ფეხბურთს ხელი მაინც ვერ შეუშალა და იმედია, წინა სეზონების ავადმოსაგონარი ტრადიცია არც ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გაგრძელდება.
"ზამთრის ჩემპიონის" ვინაობა რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა და
"ზესტაფონს" საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად პირველ ეტაპზე დარჩენილ ორ მატჩში მინიმუმ ერთი გამარჯვება ესაჭიროებოდა და საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ამ ამოცანის შესრულება "დინამოსთან" საშინაო მატჩისთვის არ შემოინახა - ფეროელებმა "ზუგდიდს" სტუმრად 3:0 სძლიეს და ვიცე-ჩემპიონი "მეტალურგი" მაღალი მიზნებისთვის მებრძოლთა ჯგუფს მიღმა დატოვეს.
ტორპედო - ნაბიჯი სამეულისკენ
ტურის ცენტრალური მატჩი კი ივანწმინდაში გაიმართა, სადაც პირველი ეტაპის მესამეადგილოსანი შეიძლებოდა გარკვეულიყო. "ტორპედოს" რომ მოეგო, სამეულს ნაადრევად დაიბევებდა, თუმცა გია გეგუჩაძის გუნდი "ჩიხურასთან" ფრეს დასჯერდა.
ვერ ვიტყვით, რომ საჩხერელი გულშემატკივარი ამ ამბავმა ძალიან გაახარა - "ჩიხურა" მოედანზე სამი ქულისთვის გავიდა, მაგრამ მეტოქის მსგავსად, მიზანს ვერც სოსო ფრუიძის გუნდმა მიაღწია და "ტორპედოს" კვლავ ორი ქულით ჩამორჩება.
ზემოიმერლებს პირველი ეტაპის სამეულში დასრულება გაუჭირდებათ, მაგრამ ეს მათთვის საგანგაშო სულაც არ უნდა იყოს - "ჩიხურა" მხოლოდ და მხოლოდ ქებას იმსახურებს, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა გუნდმა ხომ ბევრი კონკურენტი გაამწარა და სრული საფუძველი აქვს იმისთვის, რომ ევროსაგზურისთვის იბრძოლოს.
რაც შეეხება "ტორპედოს", ქუთაისელებიც ევროასპარეზზე გასვლის რეალური კანდიდატები არიან და ჯერ ალბათ არც საჩემპიონო იმედები გადაუწურავთ.
ჩემპიონი უკეთესი მომავლის იმედით
რასაკვირველია, ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ "ზესტაფონმა" მძიმე პერიოდი ბოლომდე დაძლია, მაგრამ სანამ არასახარბიელო ვითარებიდან საფუძვლიანად გამოვა, ჩემპიონს ლოკალური პრობლემა ჰქონდა გადასაჭრელი.
საუკეთესო ექვსეულს მიღმა დარჩენა ამბიციური ზესტაფონელებისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა, თუმცა ფეროელებმა სრული კონცენტრაციის ხარჯზე ბოლო ორ მატჩში ექვს ქულას მოუყარეს თავი და "მეტალურგისთვის" მიუწვდომელნი შეიქნენ.
შეგახსენებთ, "ზესტაფონმა" ჯერ "სიონს" სძლია მინიმალურად, "ზუგდიდს" კი განმუხურში სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. სხვათა შორის, ეს ზუგდიდელებისთვის ამ სეზონში პირველი საშინაო მარცხია.
იმასაც გაგახსენებთ, რომ ბოლო ორი მატჩი "ზესტაფონმა" კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით ჩაატარა, რომელიც კლუბში დროებით, მწვრთნელ-კონსულტანტის სტატუსით მუშაობს და მისი მომავალი პირველი ეტაპის შემდეგ გაირკვევა.
პირველი ეტაპის ბოლო ტურში კი კაჭარავა თავისი ყოფილი გუნდის, თბილისის "დინამოს" წინაღმდეგ წარსდგება, თუმცა ამ თემას უფრო ვრცლად "ლელოს" 22 დეკემბრის ნომერში შევეხებით.
თასი - მეორე გზა ევროპისკენ
ევროთასებზე გასვლის იმედი ზეექვსეულს მიღმა დარჩენილებსაც კი არ დაუკარგავთ, რომელთა შორისაც, უპირველესად, "მეტალურგი" უნდა გამოვყოთ. საამისოდ რუსთაველებს საქართველოს თასზე წარმატებული ასპარეზობა მართებთ.
თასის გათამაშება ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა მეორეხარისხოვანი ტურნირი, ამ სეზონში კი, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი ინტრიგა ახლდეს თან. ბუნებრივია, იქ გამარჯვებისთვის მხოლოდ "მეტალურგი" არ იბრძოლებს და უდავოდ საინტერესო ბატალიები გველის.
რაც მთავარია, სეზონის მეორე ნახევარში ჩემპიონატისა და თასის მატჩების ხილვა ლამის თანაბარი რაოდენობით მოგვიწევს - მერვედფინალიდან მოყოლებული ხომ მთავარი სათასო ეტაპები წინ გვაქვს.
სტატუს-ქვო შენარჩუნდა
ივანწმინდაში დაფიქსირებულმა ფრემ წყალი, უპირველესად, პირველ-მეორეადგილოსანთა წისქვილზე დაასხა. "დინამომ" და "დილამ" საკუთარ მოედანზე დაგეგმილ გამარჯვებას მიაღწიეს და მესამე პოზიციაზე მყოფ "ტორპედოს" კიდევ უფრო "გაექცნენ".
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, "დილა" მხოლოდ ნომინალური მასპინძელი იყო, აღმოსავლური დიდთოვლობის გამო შიდაქართლელებმა "კოლხეთს" სამტრედიაში უმასპინძლეს.
ნაკლებად სავარაუდო იყო, თბილისელებსა და გორელებს ფეხი დასცდენოდათ, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მათგანმა "ცალი ფეხით" მოიგო.
"მერანი" იოლად რომ არავის ნებდება, დიდი ხანია, ცნობილია. არანაკლებ აღსანიშნავი კი ის არის, რომ უიმედო აუტსაიდერი "კოლხეთი" "დილას" მაქსიმალურად გაუძალიანდა და მინიმალურად, ისიც ავტოგოლით დამარცხდა.
ქვედა ექვსეულის ინტრიგა
ექვსეულებად დაყოფის შემდეგ ჩემპიონატი, წესით, კიდევ უფრო საინტერესო უნდა გახდეს. გასარკვევი კი მხოლოდ ძლიერებში კი არა, უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლებშიც ბევრია.
შევთანხმდეთ, რომ "მეტალურგს" პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხე არ დაემუქრება, "კოლხეთს" კი ელიტაში დარჩენის შანსი, ფაქტობრივად, აღარ გააჩნია.
"მერანი", "ვიტ ჯორჯია", "სიონი", ბათუმის "დინამო" - გამოდის, რომ კიდევ ერთი ზედმეტი ამათგან ერთ-ერთი იქნება. ამ ოთხეულიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ბათუმელები არიან და მათი ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ნაყოფიერად შეძლებენ ზამთრის პაუზის გამოყენებას.
პირველი ეტაპი 23 დეკემბერს დასრულდება და მას ამის შემდეგ უფრო დეტალურად შევაჯამებთ.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტურის სხვა მატჩები
დინამო-მერანი 3:1 - დინამოელთა საშინაო უდანაკარგო სერია გრძელდება [VIDEO]
ზუგდიდი-ზესტაფონი 0:3 - კახა კაჭარავამ მეორე მატჩიც მოიგო [VIDEO]
ჩიხურა-ტორპედო 0:0 - გაუქმებული პენალტი [VIDEO]
დილა-კოლხეთი 1:0 - ბარაქალა ფოთელებს!
სიონი-მეტალურგი 0:0 - ვიცე-ჩემპიონი ექვსეულს მიღმა
ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 1:1 - ზამთარი, სიცივე და საინტერესო ფეხბურთი
სატურნირო ცხრილი
ბომბარდირები
ჩისკო (დინამო თბ) 17
დვალი (დინამო თბ) 16
ს. ლონია (მერანი) 11
ალვარო (დინამო თბ) 10
მომდევნო, XXII ტური
23 დეკემბერი, კვირა
მერანი-დილა
კოლხეთი-ვიტ ჯორჯია
დინამო (ბთ)-ჩიხურა
ტორპედო-სიონი
მეტალურგი-ზუგდიდი
ზესტაფონი-დინამო (თბ)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"