მარინ სკენდერი: თბილისელი მძღოლები გზას ბავშვის ეტლსაც არ უთმობენ

AutoSharing Option
ხორვატი მარინ სკენდერი გორის "დილას" მეკარეა. ეს ის შემთხვევაა, როცა ლეგიონერი მასზე გაცემულ ავანსებს ამართლებს.

სკენდერი "დილაში" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, არაერთხელ უთამაშია ჩინებულად. რაც მთავარია, მან სტაბილურად წარმოაჩინა თავი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ერთი-ორ შეცდომას თუ არ ჩავთვლით.

ახმახი, მოქნილი, გაბედული, ალღოიანი - ძნელია, ნაკლი უპოვო ამ მეკარეს. სკენდერი მოედანზე უემოციოდ როდი ირჯება, თუმცა, ამავე დროს, გაწონასწორებულია და ინციდენტებში არ მონაწილეობს.

33 წლის სკენდერი კარგი მოსაუბრეც აღმოჩნდა. რუსულს თუ ინგლისურს უმაღლეს დონეზე არ ფლობს, მაგრამ კომუნიკაციას ჩინებულად ახერხებს.

მაშ ასე, "ლელოს"
კითხვებს ხორვატი მარინ სკენდერი პასუხობს...

- ხორვატი ფეხბურთელები ძალიან ბევრ ქვეყანაში არიან მიმოფანტულები, თუმცა საქართველო მათთვის არცთუ მიმზიდველია კარიერის გასაგრძელებლად. როცა თქვენ ამ გადაწყვეტილებას იღებდით, ყველაზე უფრო რომელი ფაქტორი გაითვალისწინეთ?
- ჩემი მენეჯერი დამიკავშირდა და მითხრა, საქართველოში ახალი გუნდის გაკეთებას აპირებენ, ყველანაირად კარგი გუნდი იქნება, სულ რჩეულ ფეხბურთელებს იწვევენ და იქნებ დაფიქრდე ამ ვარიანტზეო.

გადაწყვეტილება უცბად არ მიმიღია. გავითვალისწინე ის, რომ მანამდე სულ ხორვატულ კლუბებში ვიყავი, არასდროს მითამაშია საზღვარგარეთ და მოკლევადიან კონტრაქტზე თანხმობა განვაცხადე. 4-5 თვე საჭიროა იმისთვის, რომ კარგად გაიცნო ახალი კლუბი და გარემო.

გადავედი "დილაში" და ყველაფერი ნორმალურად წარიმართა, მოვიგეთ საქართველოს თასი. მართლაც კარგი გუნდის შექმნა მოხერხდა.

ითქვა, რომ საევროტურნიროდ და მომდევნო ჩემპიონატისთვის "დილა" კიდევ უფრო გაძლიერდებოდა და კონტრაქტიც გავახანგრძლივეთ ექვსი თვით.

Sportall.Ge

- ფეხბურთში პირველი პროფესიული ნაბიჯები "ოსიეკში" გადადგით, იქ, სადაც დავორ შუკერმა დაიწყო კარიერა...
- მასეა, შუკერმაც "ოსიეკიდან" დაიწყო და სასიხარულოა, რომ ამ კლუბს და ამ ფეხბურთელს ყველგან იცნობენ. "ოსიეკში" 6-7 წელი ვიყავი. შემდეგ "ზაგრებში" გადავედი, ერთი წლის შემდეგ კი ზაგრების "დინამოში".

- ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში რამდენჯერმე მიგიწვიეს, თუმცა ნაკრებში თამაში არ მოგიწიათ...
- ეროვნულ გუნდში ექვსჯერ ვიყავი გამოძახებული, ერთხელ ვითამაშე კიდეც, თუმცა ის არაოფიციალური შეხვედრა იყო.

- ხორვატიისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის განსხვავება დიდია?
- ასე ვიტყოდი: ხორვატიის ჩემპიონატი ცოტათი უკეთესია. საქართველოში 4-5 გუნდს აქვს კარგი პირობები, ხორვატიაში კი ასეთი კლუბი გაცილებით მეტია.

ხორვატული კლუბები დასავლეთევროპულ გუნდებს ვერ უტოლდებიან, მაგრამ მთლიანობაში რომ ავიღოთ, ქართულ კლუბებზე უკეთეს პირობებში არიან.

საქართველოში ზოგი ისეთი კლუბია, უმაღლეს ლიგას ასეთი რომ არ ეკადრება, მაგრამ კარგად მესმის აქაური მდგომარეობა, საქართველოში შექმნილი პრობლემები. ოღონდაც, თუ კარგი ჩემპიონატი გვინდა, ფეხბურთში უფრო მეტი ფული უნდა ჩაიდოს.

- თბილისში ცხოვრებას როგორ შეეგუეთ? აქ ოჯახთან ერთად ცხოვრობთ?
- მეუღლე და სამი ქალიშვილი მყავს. საქართველოში რომ ჩამოვედით, ერთი თვე, ცოტა არ იყოს, რთული იყო აქ ცხოვრება, მაგრამ მერე ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. ნორმალურ ადგილას ვცხოვრობთ და ბინაც კარგი გვაქვს. ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერთად ვართ.

მოკლედ, თბილისში ცხოვრებით არანაირი პრობლემა არ მაქვს.

- "დილამ" წლეულს ევროპალიგის შესარჩევში კარგად ითამაშა, თუმცა გულშემატკივარი მისგან კიდევ უფრო მეტს ელოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ ფიქრობთ, პორტუგალიური "მარიტიმუს" დამარცხება შეუძლებელი იყო?
- რაც "დილამ" მოახერხა წლევანდელ ევროსარბიელზე, ეს უკვე მნიშვნელოვანი მიღწევა იყო. ჩვენ დავამარცხეთ "ორჰუსი" და "ანორთოსისი". მერწმუნეთ, ორივე საკმაოდ კარგი გუნდია.

რაც შეეხება "მარიტიმუსთან" დაპირისპირებას, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ 3-4 თვის გუნდი ვიყავით იმ დროისთვის, ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრას კი, მინიმუმ, ერთი-ორი წელი მაინც სჭირდება. ერთი მწვრთნელის ხელში ფებურთელების ბირთვი მინიმუმ ამ ხნის განმავლობაში ერთად უნდა იყოს, თუ მნიშვნელოვან წარმატებაზე კეთდება გათვლა. მოკლე დროში კი ამის გაკეთება ძალიან ძნელია.

Sportall.Ge

- საქართველოში ყველაზე უფრო რომელი გუნდი მოგწონთ? ვინ თამაშობს ყველაზე სიმპათიურ ფეხბურთს?
- ყველაზე უფრო "ტორპედო" მომწონს, ეს გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს. გადააგდე ბურთი და გაიქეცი, იბრძოლე გადმოვარდნილ ბურთზე - "ტორპედო" ამაზე უარს ამბობს და ფეხბურთს თამაშობს ბევრი პასით. თანაც, ახალგაზრდული გუნდია.

მომწონს "დინამო", ბევრი გოლი გააქვს, 21 ტურის შემდეგ 62 ბურთი აქვს შეგდებული. თითო მატჩში სამი გოლი საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

- საქართველოში მოთამაშე თავდამსხმელებიდან ვის გამოარჩევდი?
- ცოტა ხნის წინ ყველაზე გამორჩეული ვაწაძე გახლდათ, ახლა კი საუკეთესოები ჩისკო და დვალი არიან.

- 90-იანი წლების მეორე ნახევარში ხორვატიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავდა. იმ თაობის შემდეგ არაერთი კარგი ფეხბურთელი გამოჩნდა ხორვატიაში, თუმცა ნაკრებს ისეთივე წარმატებები არ ჰქონია - რა არის ამის მიზეზი?
- ხორვატიაში ახლაც ბევრი ნიჭიერი სპორტსმენია. ჩოგბურთი, მძლეოსნობა, კალათბურთი - ტალანტები აქაც გვყავს. ხორვატიაში მხოლოდ ერთი სამთო-სათხილამური ტრასაა, მაგრამ ამ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონი გვყავს როგორც ქალებში, ისე კაცებში.

ყველაზე პოპულარული სპორტი კი, რა თქმა უნდა, ისევ ფეხბურთია, ოღონდაც ხორვატია საქართველოსავით პატარა ქვეყანაა და ეს გასათვალისწინებელია. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხორვატიის ნაკრები რეიტინგში ათ საუკეთესო გუნდშია და ვფიქრობ, ეს დიდი მიღწევაა.

1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონატში მესამე ადგილზე რომ გავედით, ისეთივე ნაკრები ახლა აღარ გვყავს, თუმცა ხორვატია კვლავაც ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. ევროპის ბოლო ჩემპიონატზე ჯგუფში ესპანეთთან და იტალიასთან მოხვდა, ეს ორი გუნდი კი ფინალში გავიდა. მანამდე ხორვატია მეოთხედფინალამდე ორჯერ მივიდა ევროპის ჩემპიონატზე.

თაობები იცვლება და ყოველთვის ვერ გვეყოლება საოცარი პლეადა. დღეს ყველაზე გამორჩეული ხორვატი ფეხბურთელები მოდრიჩი და მანჯუკიჩი არიან.

- ხორვატიის ნაკრებში თამაში - ამის პერსპექტივას როგორ უყურებთ?
- თუ უკეთეს ლიგაში გადასვლას მოვახერხებ, ამის შანსი ალბათ მექნება. ხორვატიას ახლა 5-6 ისეთი კარგი მეკარე ჰყავს, ძლიერ ევროპულ ლიგებში რომ თამაშობენ და საქართველოდან ხორვატიის ნაკრებში მოხვედრა ძალიან რთულია.

- რა მენტალურ მსგავსებასა და განსხვავებას ამჩნევთ ქართველებსა და ხორვატებში?
- მომწონს, რომ ქართველები მეგობრული ხალხია, ხორვატებიც ასეთები ვართ. "დილაში" კარგი, მეგობრული სიტუაციაა და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება განსხვავებებს, ეს უფრო ტრადიციებიდან მოდის.

ერთიც უნდა ვთქვა: საქართველოში მანქანების არაორგანიზებული მოძრაობაა. აქ უმანქანოდ დავდივარ. ბავშვს რომ დავატარებ თავისი ეტლით და გადასასვლელთან მივალ, მძღოლები გზას არ მითმობენ და მეც ხუთი წუთი ვუნდები გზის მეორე მხარეს გადასვლას.

ხორვატიაში კი ასე არ არის, ასეთ სიტუაციაში ყველა მძღოლი უთმობს გზას ქვეითად მოსიარულეს.

- დაბოლოს, როგორია თქვენი პროგნოზი საქართველოს ჩემპიონობაზე?
- ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის ორი გუნდი იბრძოლებს - ჩვენ და "დინამო". დინამოელები ექვსი ქულით გვისწრებენ, მაგრამ თუ "დილა" ამ შემადგენლობას შეინარჩუნებს, ჩემპიონობის კარგი შანსი გვექნება.

Sportall.Ge

- მიმდინარე სეზონის მეორე წრეში "დინამოსთან" 0:3 წააგეთ...
- ზედიზედ თორმეტი წაუგებელი მატჩის შემდეგ "ბარსელონასაც" კი გაუჭირდებოდა წარმატებით თამაში. ერთი ცუდი მატჩი ყველას უთამაშია.

სხვათა შორის, ისიც მითხრეს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში "დინამომ" იმ შეხვედრაში საუკეთესო თამაში აჩვენაო...

ჩვენ და დინამო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გორის "დილას" მეკარე მარინ სკენდერი ქომაგთა რჩეულია
რწმენა, ოჯახი, ფეხბურთი - "დილას" მეკარე მარინ სკენდერის სამი დასაყრდენი
მიკელ ალვარო: მანქანას 3 სარკე აქვს, მაგრამ თბილისში 6 მჭირდება...
მკითხველის კომენტარები / 4 /
მარტო აქედან აღებული სჩანს სადა ვართ და რა გვინდა .ხორვატმა უნდა გვითხრას ბავშვის ეტლს გზა დაუთმეთო.არადა ქართველებს რომ გვკითხოთ??-ალბათ ესეც სააკაშვილის ბრალია.
vep1963
16:58 21-12-2012
0
ძალიან საყვარლებიიიიიიიიიიიიიიიი
irakli
17:50 21-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული