ოლიმპიური მონდომება

AutoSharing Option
...ერთი თვეც არ გასულა იმ დღიდან, "ვიტ ჯორჯიამ" საშინაო მატჩში ქუთაისის "ტორპედო" რომ დაამარცხა. იმ შეხვედრიდან მეორე დღეს კი "ტორპედოს" მწვრთნელი შეეცვალა: შვიდმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ რამაზ მუმლაძემ გადადგომა არჩია. ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მწვრთნელის უქმობა დიდხანს არ გაგრძელებულა და რამაზ მუმლაძემ ახალ სეზონში თავის პირველ გამარჯვებას ამჯერად უკვე "ოლიმპის" თავკაცის რანგში მიაღწია. სიმბოლური იყო ის ფაქტიც, რომ მუმლაძის მეტოქე... ასევე თავისი ყოფილი გუნდი იყო, სადაც ოთხი სეზონის განმავლობაში წარმატებულად მუშაობდა. თუმცა, დღევანდელ "ვიტ ჯორჯიას" (შემადგენლობიდან გამომდინარე) ბოლო წლების
მსგავსი ამბიციური მიზნები აღარ აქვს.

მართალია, გუნდი ჯერჯერობით ცხრილის ზედა ნახევარში იმყოფება, არა გვგონია, კლუბის ხელმძღვანელობას ბოლოდროინდელი შედეგები აკმაყოფილებდეს: ზედიზედ სამი წაგება, მეტოქის კარში გატანილი... არც ერთი გოლი და საკუთარში - რვა გაშვებული! "ვიტ ჯორჯია" გუშინაც დამარცხდა, თანაც დიდი ანგარიშით და ამაში ალოგიკური არაფერია: "ოლიმპის" ფეხბურთელთა მონდომებულ-მოტივირებულ თამაშთან ერთად აშკარად თვალშისაცემი იყო "ვეტერინართა" ყოვლად უღიმღამო და უშინაარსო ქმედებები (განსაკუთრებით - მეორე ტაიმში).

საერთოდაც: შაბათის მატჩი "ვიტ ჯორჯიასათვის" ამ სეზონში ერთ-ერთი უსუსტესი საშინაო შეხვედრა გამოდგა (თუ არ ჩავთვლით "სამტრედიასთან" პირველ ტაიმს). არადა, მატჩის დასაწყისში "ვეტერინარები" მეტოქეზე მეტად აქტიურად გამოიყურებოდნენ: ჯერ, ირაკლი კლიმიაშვილმა დაარტყა სახიფათოდ, შემდეგ კი ჯაბა ლიპარტია თავის "საფირმო" დრიბლინგით მოწინააღმდეგის ხუთ (!) ფეხბურთელს გაცდა, მაგრამ ეს შეტევა პარტნიორებმა ვეღარ გააგრძელეს. აქვე, შემადგენლობებზეც უნდა ვთქვათ: მასპინძელთა თავკაცმა მერაბ კოჭლაშვილმა პირველ ტაიმში, ცოტა არ იყოს, სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და თავისი გუნდი 3 ცენტრალური მცველით ათამაშა.

აი, რაც შეეხება გიგა ბეჭვაიასა და რევაზ ღანიაშვილს, მწვრთნელის ჩანაფიქრით, ამ ფეხბურთელებს მთელი ფლანგი უნდა ეკონტროლებინათ. სამწუხაროდ, ამ ჩანაფიქრმა არ გაამართლა: "ოლიმპი" სწორედ ფლანგებიდან ცდილობდა მეტოქის შევიწროვებას და ტაიმის ბოლოს მასპინძლებს ეს აქტიურობა დაუფასდათ. თუმცა, მანამდე ისიც ვთქვათ, თუ რა სიახლეები იყო რუსთაველთა გუნდში: რამაზ მუმლაძემ, წინამორბედისაგან განსხვავებით, 4-4-2 განლაგებით ათამაშა თავისი გუნდი; თანაც, რაიმე განსაკუთრებული სიურპრიზი "ოლიმპის" ძირითადში არ ყოფილა, თუ არ ჩავთლით გრიგოლ ჭანტურიას გამოჩენას: 37 წლის მეკარემ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა და საკუთარი მაღალი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა. აი, დასაწყისი რომ ვახსენეთ, იმის მერე პირველ ტაიმში "ვიტ ჯორჯიამ" მხოლოდ ერთხელ შეუტია მეტოქეს, მაგრამ ირაკლი კლიმიაშვილის შორეულ დარტყმას ჭანტურიას უშეცდომო თამაში მოყვა.
სამაგიეროდ, რაც დრო გადიოდა, "ოლიმპი" უფრო მეტ ზეწოლას ახდენდა მოწინააღმდეგეზე და მე-16 წუთზე გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა. თავდაპირველად, გიორგი ბერიაშვილის ოსტატური თამაში უნდა აღვნიშნოთ, საჯარიმოს მისადგომებიდან ბურთს მეტოქის კარის "ცხრიანში" რომ გზავნიდა, მაგრამ გიორგი ძაძამიამ ეფექტურ ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამ კუთხურს კი გიორგი რეხვიაშვილის არანაკლებ ეფექტური დარტყმა მოყვა, მაგრამ მასპინძლები ამ ჯერზეც გადარჩნენ. ისე როგორც იმ ეპიზოდში, როცა დავით ბოლქვაძისა და გიორგი ჭელიძის წამოწყებულ კომბინაციას ირაკლი მოდებაძე აგვირგვინებდა - "ოლიმპის" საუკეთესო ბომბარდირის მიერ დარტყმული ბურთი მიზანს მცირე მანძილით აცდა. თუმცა, ამდენ შეტევას შედეგი უნდა მოეტანა და ასეც მოხდა: მასპინძელთა დაცვის მარჯვენა ფლანგი კვლავაც "ჩავარდა", საიდანაც მოდებაძემ გამჭოლი გადაცემა გაუკეთა საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ჭელიძეს, რომელიც, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ურტყამდა. ამ ეპიზოდში აშკარად არ გაუმართლა გურამ ადამაძეს - მასპიძელთა ახალგაზრდა მცველს რთულ სიტუაციაში ბურთის მოგერიება სურდა, მაგრამ "ავტოგოლი" ჩაეთვალა...

მეორე ტაიმში "ვეტერინარებმა" ტაქტიკა შეცვალეს და ოთხ მცველზე გადავიდნენ, მაგრამ ამით საერთო სურათი არ შეცვლილა: "ოლიმპის" უპირატესობა უკვე ეჭვს არ იწვევდა და სტუმართა ფეხბურთელებიც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადადიოდნენ მეტოქის ნახევარზე. ამასობაში, კურიოზულმა სიტუაციებმაც იმატა და ხშირ შემთხვევაში, ერთი და იგივე ფეხბურთელების შესრულებით; აი, თუნდაც ის მომენტი რად ღირდა, როცა მასპინძელთა მეკარისა და ირაკლი მოდებაძის ორთაბრძოლა იმით დამთავრდა, რომ ეს უკანასკნელი მახვილი კუთხიდან ცდილობდა დაუცველ კარში გოლის გატანას - "ვიტ ჯორჯია" გურამ ადამაძემ გადაარჩინა, რომელმაც ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. თუმცა, ძაძამია-მოდებაძის "დუელი" ამით არ ამოწურულა: ამ შეხვედრაში უაღრესად აქტიური თემურ ღონღაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, ერთი შეხედვით, ბურთი მასპინძელთა მეკარეს უნდა დარჩენოდა, მაგრამ მოდებაძემ ბოლომდე იბრძოლა და მონდომებაც დაუფასდა. ორბურთიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ "ოლიმპმა" თამაშის ტემპი ოდნავ დააგდო, მაგრამ მეტოქეს არაფერი ეტყობოდა, შეხვედრის "შემოტრიალება" რომ სურდა. ეგ კი არა, მეორე ტაიმში მასპინძლებმა მხოლოდ ერთადერთხელ დაარტყეს "ოლიმპის" კარის მიმართულებით, მაგრამ გურამ გურეშიძის ძლიერი და ეფექტური დარტყმა არანაკლებ ჩინებულ ნახტომში გრიგოლ ჭანტურიამ მოიგერია.

...ამ შეხვედრის ბოლო ორი გოლი კი მართლაც კურიოზული გამოდგა; დენის დობროვოლსკი მოედანზე რამდენიმე წამის შემოსული იყო, ბურთთან პირველივე შეხება გოლით რომ დაასრულა - "ოლიმპის" ნახევარმცველმა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა, ბურთი გზად... მართლაც უიღბლო გურამ ადამაძეს მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და რიკოშეტით დაუცველ კუთხეში აღმოჩნდა! ხოლო მაშინ, როცა უკვე მსაჯის მიერ დამატებული წუთები დაიწყო, ალექსანდრე კვახაძემ ყოფილი გუნდის კარის აღება შორეული დარტყმით გადაწყვიტა: "ოლიმპის" მცველი, დაახლოებით 35-40 მეტრიდან (თანაც აუტის ხაზთან სიახლოვიდან) ურტყამდა, ძაძამიამ ეს ბურთი უხერხულად მოიგერია და მის წინ მყოფ მოდებაძესაც გოლის გატანა არ გასჭირვებია. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში შესრულებული "დუბლით" მოდებაძე საუკეთესო ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა, "ოლიმპმა" კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა...


16.10. რუსთავი. ფოლადი. 400 მაყურებელი

ვიტ ჯორჯია 0
ოლიმპი 4

0:1 ადამაძე (43. საკუთარკარში), 0:2 მოდებაძე (53), 0:3 დობროვოლსკი (77. მოდებაძის პასით), 0:4 მოდებაძე (90+1)

ვიტ ჯორჯია ოლიმპი
3-4-2-1 4-4-2
ძაძამია ჭანტურია
ლომაია ღონღაძე
ადამაძე კვახაძე
კასრაძე რეხვიაშვილი
ბეჭვაია ჯაფარიძე
გურ. გურეშიძე გ. ჭელიძე
კლიმიაშვილი რაზმაძე
ღანიაშვილი ბოლქვაძე
ლიპარტია ქავთარაძე
ჯანელიძე მოდებაძე
ჩიმაკაძე ბერიაშვილი

ვიტ ჯორჯია
46. ბეჭვაია - ხურცილავა
60. კასრაძე - ვასაძე
75. ჩიმაკაძე - ზაქრაძე
სათადარიგოები: ა. მიქაბერიძე, გოგიაშვილი, კორიფაძე, ჭანკვეტაძე

ოლიმპი
77. ჭელიძე - დობროვოლსკი
82. ბოლქვაძე - ყაზაიშვილი
88. რეხვიაშვილი - ქემოკლიძე
სათადარიგოები: ბედიაშვილი, ახალკაცი.

გაფრთხილება: ბეჭვაია (30), ღონღაძე (63), ღანიაშვილი (80)

არბიტრი: თ. გვანცელაძე


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული