საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ევროპის ლიგაზე გასასვლელად ქვეყნის თასის გათამაშებაზე იბრძოლებს.
"ლელომ" ინტერვიუ "მეტალურგის" ერთ-ერთ ლიდერს, 24 წლის ირაკლი მაისურაძეს ჩამოართვა, რომელმაც გუნდის წარუმატებელი ასპარეზობის მიზეზებზე ისაუბრა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ მაისურაძის მომავალს გორის "დილას" უკავშირებენ. ჩვენი ინფორმაციით, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ მან კარიერა სწორედ შიდაქართლურ კლუბში გააგრძელოს, მაგრამ ირაკლიმ ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა.
- უპირველესად, შემთხვევით ვისარგებლებ და შობა-ახალ წელს ვულოცავ მთელ საქართველოს. ჟურნალისტებს
- ზეექვსეულში "მეტალურგის" ვერმოხვედრის უმთავრეს მიზეზად რას დაასახელებ?
- მიმდინარე სეზონში "მეტალურგში" ბევრი რამ შეიცვალა. მოვიდა ახალი სამწვრთნელო შტაბი, რომელმაც გუნდში თავისი იდეები მოიტანა. გიორგი ყიფიანთან მუშაობა ფეხბურთელებს ძალიან მოგვწონს, რადგან იგი "მეტალურგში" თანამედროვე ფეხბურთს ნერგავს. ამას გარკვეული დრო სჭირდება და შედეგი უცებ არ მოდის, თუმცა ახლო მომავალში ყველა დაინახავს, რომ ყიფიანის მუშაობა ნაყოფს გამოიღებს.
ვიტყოდი, რომ ახლა "მეტალურგს" გარდამავალი პერიოდი უდგას, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება წარმატება. თუმცა, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეზეც უნდა ვიფიქროთ. ასეთი შედეგით ყველანი გულდაწყვეტილები ვართ. პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა თანაბრად უნდა გაინაწილოს, თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ საუკეთესო ექვსეულს მიღმა ჩვენი დარჩენა სხვადასხვა, საფეხბურთო თუ არასაფეხბურთო მიზეზმა განაპირობა.
- საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებ?
- საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის კრიტიკულად ვარ განწყობილი, სხვაგვარად ფეხბურთელი ვერ გაიზრდება. ასე რომ, გუნდის შედეგიდან გამომდინარე, არც ჩემი თამაშით ვარ კმაყოფილი.
შევეცდები, სეზონის მეორე ნახევარი უფრო მაღალ დონეზე ჩავატარო. ჯერ "მეტალურგის" ფეხბურთელი ვარ და მთლიანად ჩემს ამჟამინდელ გუნდზე ვარ კონცენტრირებული. თუ აქ დავრჩი, ძველებური მოტივაციით გავაგრძელებ თამაშს, ხოლო თუ წავედი, გიორგი ყიფიანთან მიღებული ცოდნა მთელი კარიერის განმავლობაში გამომადგება.
- "მეტალურგთან" კონტრაქტი როდემდე გაკავშირებს?
- თებერვლამდე. ჯერ მართლა არ ვიცი, დავრჩები თუ სხვა კლუბში გადავალ. თუ სასურველი შეთავაზება მივიღე, "მეტალურგს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დავტოვებ.
- უცხოური ვარიანტებიც ხომ არ გაქვს?
- მაქვს წინადადებები როგორც ქართული, ასევე საზღვარგარეთული კლუბებისგან. საჩქარო არაფერი მაქვს, ყველაფერს კარგად ავწონ-დავწონი და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ.
- მიმდინარე ჩემპიონატში შენი ყველაზე სასიამოვნო მოგონება რა არის?
- გამარჯვება ზესტაფონში. იმ მატჩში მეც წამივიდა თამაში და "მეტალურგსაც" ყველაფერი გამოსდიოდა. წინა სეზონში "ზესტაფონს" ჩემპიონობისთვის ვებრძოდით, მაგრამ ერთი შეხვედრაც ვერ მოვუგეთ. ამ გამარჯვებამ კი საკუთარი თავის რწმენა შეგვმატა.
- ჩემპიონატის მეორე ეტაპის წინ რა პროგნოზს გააკეთებ?
- ქვედა ექვსეულში უკვე ბევრი რამ არის გარკვეული, ზედა ეშელონში კი მდგომარეობა არაპროგნოზირებადია. ჩემპიონატის ფავორიტი აშკარად "დინამოა", მაგრამ ტიტულის მოპოვების შანსი "დილას", "ტორპედოსა" და "ზესტაფონსაც" აქვთ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატის მეორე ეტაპი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვა.
ჩემი აზრით, მიმდინარე ჩემპიონატი წინაზე უფრო მაღალი დონისაა, რაც რამდენიმე გუნდის პროგრესით არის განპირობებული. ისიც მახარებს, რომ ნელ-ნელა ინფრასტრუქტურა უმჯობესდება. ფეხბურთელისთვის მაღალი დონის ბუნებრივ მოედანზე თამაში უდიდესი სიამოვნება და მოტივაციაა.
- ბოლოს შენს სანაკრებო პერსპექტივებსაც შევეხოთ...
- მოხარული ვარ, რომ თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში რამდენიმეჯერ გამომიძახა და თავის გამოჩენის შანსი მომცა. ჩემთვის ნაკრების ბანაკში ყოფნა და სათადარიგოთა სკამზე ჯდომაც დიდი ბედნიერებაა, თუმცა მაქვს იმის ჯანსაღი ამბიცია, რომ ნაკრებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე ვიყო და ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ.
ირაკლი მაისურაძე: გარდამავალ პერიოდს წარმატება მოჰყვება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ირაკლი მაისურაძე: ქეცბაიას მადლობა, მაგრამ მხოლოდ გამოძახება არ მაკმაყოფილებს
საქართველოს უმაღლესი ლიგა: საშუალედო ფინიში, ანუ ზამთრის ნომინანტები
გიორგი ყიფიანი: საქართველოს თასისთვის ბრძოლას ვაპირებთ