ერთი სიტყვით, ფეროელებს რთული პერიოდი ჰქონდათ და ცხრილში დაკავებული ადგილიც ლოგიკური უნდა იყოს.
"ზესტაფონი" ვერ გაერკვა, რა მიმართულება უნდა აერჩია - გარედან ასეთი შთაბეჭდილება დარჩა, ხოლო შიგნით რა ხდებოდა, ეს კლუბში ყველაზე უკეთ იციან.
"ზესტაფონი" ზედიზედ ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და არა გვგონია, რომ წლეულს ეს ტიტული შეინარჩუნოს - "დინამო თბილისთან" ჩამორჩენა ხომ თხუთმეტ ქულას შეადგენს.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე ბაქოს "ნეფთჩისთან" საქართველოს ჩემპიონს ხელი მოეცარა, ოღონდაც
"ზესტაფონი" დატოვეს დაცვის ლიდერმა გიორგი ონიანმა და ნახევარდაცვაში უდავოდ გამორჩეულმა შოთა გრიგალაშვილმა. სელექცია ისეთი არ გამოდგა, რაც "ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შეიყვანდა; არადა, ოფიციალურად გუნდის მიზანი სწორედ ეს იყო.
"ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია წლობით საქმიანობს ქართულ ფეხბურთში, თუმცა შეცდომების უფლება, ალბათ, მასაც აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კლუბის შენახვა ძვირი სიამოვნებაა, ამ საქმიდან ჯეროვანი უკუგება კი საქართველოში არ ჩანს.
გიორგი ჭიაბრიშვილს კონტრაქტში ეწერა, რომ კონკრეტული შედეგის ვერმიღწევის შემთხვევაში კლუბს მასთან ხელშეკრულების გაწყვეტა შეეძლო და "ზესტაფონმაც" ეს გამოიყენა.
ჭიაბრიშვილი დავით მუჯირისა და ზაზა ზამთარაძის დუეტმა შეცვალა. მათ შუა გზაზე ჩაიბარეს გუნდი და შესაბამისად, შუა გზაზე დაიწყეს სასელექციო სამუშაოები. "ზესტაფონში" ხელახლა ათამაშდა რატი წინამძღვრიშვილი, ვისი ზესტაფონური მომავალი მანამდე გაურკვეველი იყო.
"ზესტაფონმა" ასეულ-ათასობით დოლარის სანაცვლოდ "დინამო თბილისს" დაუთმო ჯაბა დვალი და ფეროელები, ფაქტობრივად, თავდამსხმელის გარეშე დარჩნენ. მუჯირი-ზამთარაძის დუეტმაც ნდობა წინამძღვრიშვილს გამოუცხადა.
მოგვიანებით "ზესტაფონმა" ლეგიონერი თავდამსხმელიც შეიმატა - ბოტი გოა, კიდევ, ნახევარმცველი იგორ იელიჩი, მანამდე კი, გერმანელი მარცხენაფლანგელი პატრიკ მილხრაუმი.
"ზესტაფონი" შუა გზაზე ისე ვერ გადაეწყო, რომ ფურორი მოეხდინა. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ისიც, მოხვდებოდა თუ არა გუნდი ზედა ექვსეულში. ასეთ კრიტიკულ პერიოდში "ზესტაფონმა" შინ "ვიტ ჯორჯიასთან" 1:2 წააგო და დაიწყო - ზესტაფონელებს კლუბის ხელმძღვანელობამ ხელფასის ნახევარი ჩამოაჭრა, გუნდი გაიფიცა, მუჯირი-ზამთარაძის დუეტმა კი განაცხადა, რადგან კლუბის პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება მწვრთნელებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო, გუნდიდან მივდივართ, მწვრთნელები ვართ და არა ფიზკულტურის მასწავლებლებიო.
"ზესტაფონი" ცაიტნოტში აღმოჩნდა და თხოვნით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მე-19 ტურის მატჩი "ჩიხურასთან" გადაგვიდეთ და მომდევნო ტურების კალენდარიც შეცვალეთო. ფედერაციამ ეს საკითხი უმაღლესი ლიგის სხვა კლუბებთანაც განიხილა და ყველაფერი "ზესტაფონის" სასარგებლოდ გადაწყდა.
"ჩიხურასთან" გუნდს "ზესტაფონის" დუბლების დამრიგებელმა გიორგი მიქაძემ უმწვრთნელა, მერე კი ფეროელებმა კახა კაჭარავას უხმეს.
"ზესტაფონმა" ზედა ექვსეული გაინაღდა, იმ მომენტში გუნდის მთავარი ამოცანა სწორედ ეს იყო. კაჭარავაც "ზესტაფონში" დარჩა და თანაშემწედ კახა გოგიჩაიშვილი ამოიყენა.
მეკარე
ეს ის შემთხვევაა, როცა მეკარე გუნდში დიდ კონკურენციას ვერ გრძნობს. როინ კვასხვაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიცაა, ხაზზე თამაშში ცოტა თუ შეედრება.
კვასხვაძემ სტაბილურად ითამაშა სეზონის პირველი ეტაპი. შინ "ვიტ ჯორჯიასთან" გიორგი კორიფაძის დარტყმის მოგერიება კი მართებდა, მაგრამ უშეცდომო არავინაა.
დაცვა
"ზესტაფონს" დაცვის ბურჯი არ ჰყავდა, თორემ ამ რგოლში ურიგო მოთამაშეებით როდი იყო დაკომპლექტებული. კარგად წარმოაჩინა თავი 19 წლის თედორე გრიგალაშვილმა. შეიძლება იმის თქმა, რომ ის გუნდისთვის ამ სეზონის აღმოჩენაა.
გერმანელი მილხრაუმისგან ვერ ვიხილეთ ის თამაში, რასაც ზოგადად ლეგიონერისგან ელიან.
თავდასხმა
წინამძღვრიშვილის ხელახლა "გამოცოცხლებაზე" უკვე ვთქვით. კოტდივუარელი ბოტი გოა ყოჩაღი შემტევი ჩანს, თუმცა "ზესტაფონში" ჯერ არ იკვეთება ისეთი მძლავრი თავდასხმა, როგორიც გუნდს ნიკა გელაშვილის და ჯაბა დვალის დროს ჰყავდა.
საუკეთესო მატჩი
კაჭარავას ხელმძღვანელობით პირველი ეტაპის ბოლო ტურში "ზესტაფონმა" შინ "დინამო თბილისი" დაამარცხა და გუნდის საუკეთესო მატჩიც ეგ უნდა იყოს.
თამაშის ხარისხს თუ მივიღებთ მხედველობაში, "ზესტაფონმა" სტუმრად რომ წააგო დუშან უჰრინის გუნდთან, ის შეხვედრაც უნდა გამოვარჩიოთ.
კაცნაკლულმა "ზესტაფონმა" ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და იღბალიც რომ დახმარებოდა, ქულას აიღებდა.
ყველაზე ცუდი მატჩი
ვფიქრობთ, გამორჩეულად ცუდი მატჩი "ზესტაფონს" პირველ ეტაპზე არ ჰქონია.
ლიდერი
თორნიკე აფციაური და შოთა ბაბუნაშვილი - გუნდის ხერხემალს ეს ორი ქმნიდა, თუმცა ყოჩი-ფეხბურთელი ამ "ზესტაფონს", ალბათ, არ ჰყავს.
მიზანი
რადგან ჩემპიონობის შანსი იოტისხელაა, კახა კაჭარავას გუნდის მიზანი ევროსარბიელის საგზური იქნება.
"ზესტაფონი" 2012/2013
მეკარეები: როინ კვასხვაძე - 21 მატჩი, ზურაბ მამალაძე - 1 მატჩი;
მცველები: თედორე გრიგალაშვილი - 21 მატჩი, 1 გოლი; თემურ ღონღაძე - 17 მატჩი, 1 გოლი; გიორგი კაჭკაჭიშვილი - 17 მატჩი, 1 გოლი; პატრიკ მილხრაუმი - 17 მატჩი, 1 გოლი; თორნიკე გრიგალაშვილი - 16 მატჩი, 1 გოლი; ზაალ ელიავა - 8 მატჩი; მალხაზ გაგოშიძე - 4 მატჩი; მირიან რობაქიძე -1 მატჩი;
ნახევარმცველები: შოთა ბაბუნაშვილი - 18 მატჩი, 3 გოლი; ზურაბ მენთეშაშვილი -15 მატჩი, 2 გოლი; თორნიკე აფციაური - 15 მატჩი, 1 გოლი; თორნიკე გორგიაშვილი - 14 მატჩი, 4 გოლი; იგორ იელიჩი - 11 მატჩი, 1 გოლი; ალექსი ბენაშვილი - 9 მატჩი, 2 გოლი; დავით რაჟამაშვილი - 9 მატჩი; დავით მუჯირი - 6 მატჩი; გურამ სამუშია - 4 მატჩი; ბერდია შარვაძე - 3 მატჩი, 1 გოლი; გუგა კიკნაძე - 1 მატჩი;
თავდამსხმელები: რატი წინამძღვრიშვილი - 17 მატჩი, 4 გოლი; ბოტი გოა დემელი - 9 მატჩი, 1 გოლი; ოთარ კვერნაძე - 8 მატჩი, 1 გოლი; მიხეილ სარდალიშვილი - 6 მატჩი, 2 გოლი; ვახტანგ ჭანტურიშვილი - 3 მატჩი; აბაიომი ოვონიკოკო - 3 მატჩი.
მწვრთნელები: გიორგი ჭიაბრიშვილი (I-III ტური), გიორგი ყიფიანი (IV ტური), დავით მუჯირი/ზაზა ზამთარაძე (V-XVIII ტური), გიორგი მიქაძე ( XIX ტური), კახა კაჭარავა (XX-XXII ტური)
"ზესტაფონის" ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ტური
ზესტაფონი-მერანი 3:1
II ტური
ზესტაფონი-მეტალურგი 0:1
III ტური
ტორპედო-ზესტაფონი 1:0
IV ტური
ზესტაფონი-დინამო (ბთ) 0:0
V ტური
კოლხეთი-ზესტაფონი 0:2
VI ტური
ზესტაფონი-დილა 0:1
VII ტური
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი 2:3
VIII ტური
ზესტაფონი-ჩიხურა 0:0
IX ტური
სიონი-ზესტაფონი 0:2
X ტური
ზესტაფონი-ზუგდიდი 1:0
XI ტური
დინამო(თბ)-ზესტაფონი 2:1
XII ტური
მერანი-ზესტაფონი 0:2
XIII ტური
მეტალურგი-ზესტაფონი 1:1
XIV ტური
ზესტაფონი-ტორპედო 1:0
XV ტური
დინამო(ბთ)-ზესტაფონი 3:3
XVI ტური
ზესტაფონი-კოლხეთი 1:0
XVII ტური
დილა-ზესტაფონი 1:0
XVIII ტური
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 1:2
XIX ტური
ჩიხურა-ზესტაფონი 3:1
XX ტური
ზესტაფონი-სიონი 1:0
XXI ტური
ზუგდიდი-ზესტაფონი 0:3
XXII ტური
ზესტაფონი-დინამო 2:1
სატურნირო ცხრილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რუსთავის "მეტალურგი" - მთავარი მოულოდნელობა
მარტვილის "მერანი" - უცვლელი ხელწერა და დამსახურებული სიმპათიები
ბოლნისის "სიონი" - შერჩენილი შარმი
თბილისის "დინამო" - ოთხწლიანი ლოდინის დასასრული...
"ვიტ ჯორჯია" - გუნდი, რომელიც სტუმრად უკეთესია
გორის "დილა" - დიდი ამბიციები და გაურკვევლობა
ფოთის "კოლხეთი" - საუკუნოვანი იუბილე არასაზეიმო განწყობით
ქუთაისის "ტორპედო" - კარგად ნაცნობი კურსი