უმაღლესი ლიგის გუნდებს ლეგიონერის დამატებაზე გადასახადი გაუუქმდათ

AutoSharing Option
21 იანვარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც არც ხმაურიანი განცხადებები გაკეთებულა და არც მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიღებულა.

სხდომამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა და ყველა დაანონსებული საკითხი მშვიდ ვითარებაში დამტკიცდა.

უპირველესად, ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების კალენდარს შევეხოთ. საშეჯიბრო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტი ცვლილებების გარეშე დაამტკიცეს. საქართველოში 2012-13 წლების სეზონი 22 თებერვალს სუპერთასისთვის მატჩით განახლდება, ამას თასის მერვედფინალები მოჰყვება, ხოლო უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპი 9 მარტს დაიწყება.

ჩემპიონატი 18 მაისს დასრულდება, საქართველოს თასის ფინალი კი, ტრადიციულად 26 მაისის ნაცვლად, ხუთშაბათ
დღეს, 23 მაისს გაიმართება.

დამტკიცდა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებიც. აღმასკომზე ამ საკითხის გატანა იმიტომ გახდა საჭირო, რომ კახა კაჭარავამ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავკაცის პოსტი დატოვა. ამ თანამდებობაზე გია ცეცაძე იმუშავებს, ასაკობრივი ნაკრებების სრული სამწვრთნელო შტაბები კი ასე გამოიყურება:

19-წლამდელები: გია ცეცაძე, ზაზა ბაკურაძე, თემურ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ჭანტურია;
18-წლამდელები: ვასილ მაისურაძე, მერაბ კაციტაძე, თემურ ჩარკვიანი;
17-წლამდელები: გიორგი დევდარიანი, გიორგი მიქაძე, ირაკლი ბალაძე, ივანე ლუცენკო;
16-წლამდელები: ნოდარ აკობია, ჯუმბერ ბურჯანაძე, ზვიად სტურუა;
15-წლამდელები: გოჩა ტყებუჩავა, გიორგი ნემსაძე, ზვიად სტურუა;
14-წლამდელები: გოჩა ავსაჯანიშვილი, ვახტანგ იაგორაშვილი, ტარიელ კანდელაკი, აკაკი დევაძე;
13-წლამდელები: ოთარ კორღალიძე, ლევან ბარათაშვილი, ვასილ მიქაშავიძე, აკაკი დევაძე.

აღმასკომის წევრობა პირადი განცხადებების საფუძველზე შეუჩერდათ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს ვლადიმერ ვარძელაშვილსა და მის ყოფილ მოადგილეს დავით ნამგალაურს, ასევე გიორგი აბესალაშვილს.

აღმასკომმა დააკმაყოფილა თორმეტთა საბჭოს მოთხოვნა ლეგიონერების დამატებაზე გადასახადის მოხსნის თაობაზე.

ამიერიდან უმაღლესი ლიგის კლუბებს თანხის გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევთ, თუ შემადგენლობაში სამ ლეგიონერზე მეტი ეყოლებათ. პირველი ლიგის კლუბები კი გადასახადს ორზე მეტი ლეგიონერის შემთხვევაში გადაიხდიან.

რაც შეეხება ეროვნული ნაკრების თავკაცის, თემურ ქეცბაიას იდეას, რომლის თანახმადაც უმაღლესი ლიგის კლუბები ვალდებულები უნდა იყვნენ, მინიმუმ ორი 21-წლამდელი ფეხბურთელი ათამაშონ, ამის თაობაზე ფედერაცია კლუბებთან კონსულტაციებს გააგრძელებს და საბოლოო გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თვალსაზრისი თემურ ქეცბაიას იდეაზე: სად არის არგუმენტები?
თემურ ქეცბაია: მთავარი ქართული ფეხბურთის ინტერესია
თემურ ქეცბაია სფფ-ში გამართულ შეხვედრაზე საინტერესო იდეით გამოვიდა
ილია კოკაია: ახალგაზრდების თამაში კლუბების ინტერესებშია
მკითხველის კომენტარები / 2 /
საერთოდ რა საჭიროა გადასახადი?
Walkabout
18:39 22-01-2013
0
ლეგიონერების დამატებაზე გადასახადი საერთოდ გაგეუქმებინათ და წასვლის დროს დაგედგინათ აუცილებელი გადასახადი. ფედერაციის ბიუჯეტს ეს უფრო წაადგებოდა!
guja_kakhadze
13:32 22-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული