იდეა ნოვაციურია, მაგრამ რისი მომტანი იქნება ეს და რამდენად არის იმის შანსი, რომ ნაკრების მწვრთნელის ინიციატივას კლუბებმა მხარი დაუჭირონ?
იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, რომლებიც პირველი გუნდის სამატჩო განაცხადში ვერ ხვდებიან, არსებობს დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატი. "დინამო თბილისს" დუბლების ჩემპიონატის გარდა, სულაც პირველ ლიგაში ჰყავს გუნდი.
ორი 21-წლამდელი ფეხბურთელის განაცხადში ყოფნის დაკანონება -
როცა მწვრთნელი გაახალგაზრდავებაზე ჩამოაგდებს სიტყვას, ზოგს ექმნება იმის ილუზია, რომ ეს მწვრთნელი წინდახედული და პროგრესულია.
ცხადია, ნებისმიერ გუნდს სჭირდება ახალი სისხლი და გაახალგაზრდავება, მაგრამ ხელოვნური მეთოდები რამდენად კარგი იქნება, ამის არგუმენტებით დასაბუთება ძალიან ძნელია.
დავიწყოთ იმით, რომ ფეხბურთი დემოკრატიული თამაშია და ასაკობრივი ლიმიტები არ უყვარს. ვიღაცამ რომ თქვას, საქართველოს ბევრი კარგი მწვრთნელი არ ჰყავს და უმაღლესი ლიგის კლუბებს დავუწესოთ, პირველ გუნდში ერთი მწვრთნელი მაინც ჰყავდეს 41-წლამდეო, ნორმალური იქნება?
ქეცბაიას აზრით, მისი ინიციატივის გაზიარებით ის ნეგატიური ტენდენციაც შემცირდება, 18-19 წლის ფეხბურთელებს უცხოეთში რომ არბენინებენ.
ჯერ ის ვიკითხოთ, რატომ არის ნეგატიური მოვლენა, თუ 18-19 წლის ფეხბურთელი მოხვდება უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს გუნდში, უკეთეს მწვრთნელთან და ივარჯიშებს და ითამაშებს უკეთეს მოედნებზე?
შოთა და არჩილ არველაძეები 19 წლისანი წავიდნენ თურქეთში, კახა კალაძეც მაგ ასაკში მივიდა კიევის "დინამოში", 19 წლის გიორგი ქინქლაძე მეორე ბუნდესლიგის "სააბრიუკენში" წავიდა, ლევან ყენია სულაც 17 წლის იყო, "შალკეში" რომ გადავიდა...
ეს ნიჭიერი ფეხბურთელები ქართული გუნდების ძირითად შემადგენლობაში რომ თამაშობდნენ, მაშინ არანაირი ასაკობრივი ცენზი არ არსებობდა, ანუ მათ არ დახმარებიათ კანონი, ორი 21-წლამდელი ფეხბურთელი განაცხადში ყოფნას რომ ითვალისწინებს.
ახლა წარმოიდგინეთ, ეს ფეხბურთელები დროულად რომ არ გასცლოდნენ საქართველოს ჩემპიონატს, მათ რაიმე პროგრესი ექნებოდათ?
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ინდივიდია და ასეა სპორტშიც. ზოგისთვის სჯობს, ადრევე მიაშუროს უცხოეთს, ზოგისთვის კი კარგია, რომ ჯერ საქართველოს ჩემპიონატში ითამაშოს წლობით და მერე წავიდეს საზღვარგარეთ.
ყველაფერს თავისი დრო აქვს. ეროვნული ნაკრების ხელოვნურად გაახალგაზრდავება ჯერ ვლადიმერ გუცაევმა სცადა, შემდეგ გაიოზ დარსაძემ, მერე ქეცბაიამ - რომელი გამოდგა წარმატებული?
ცხადია, კლუბი სულ სხვა სპეციფიკაა, აქ მართლაც შესაძლებელია მიზანმიმართული მუშაობა გაახალგაზრდავებაზე, მაგრამ მხოლოდ ასაკის გამო ერთ ფეხბურთელს მეორესთან ჰქონდეს უპირატესობა, ეს რატომ უნდა იყოს გამართლებული?
რატომ უნდა დაიკავოს 20 წლის ფეხბურთელმა 22 წლის ფეხბურთელის ადგილი, თუ უფროსს უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია გუნდისთვის?
ქართულ კლუბებს პრობლემები არ აკლია, ზოგს ელემენტარული ინფრასტრუქტურა არ გააჩნია - იმ სტადიონზე, სადაც საშინაო მატჩებს მართავს, გულშემატკივრისთვის საპირფარეშო არ აქვს და ზოგს თუ აქვს, ისეთი, რომ აირწინაღის გარეშე ვერ შეხვალ.
ნიჭიერი ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ღარიბ კლუბებშიც გამოჩენილან, მაგრამ ეს ადრე ხდებოდა, დღეს ეს დიდი იშვიათობაა და თუ რომელიმე ასეთ გუნდს ტალანტი გამოუჩნდება, მას კი არ დამალავს, არამედ ყველანაირად ეცდება, რომ ათამაშოს, შეძლებულ კლუბებს მოაწონოს და ეს თქვენი ასაკობრივი ცენზი სულაც არ სჭირდება.
მოწინავე ქართული გუნდები კი ევროსარბიელზე გასასვლელად იბრძვიან და შედეგი მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. "დინამო" და "ზესტაფონი" ლეგიონერებზეც არიან ორიენტრირებულნი...
ქეცბაიას იდეა რეალობაში ჩაკარგული ჩანს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაია: მთავარი ქართული ფეხბურთის ინტერესია
თემურ ქეცბაია სფფ-ში გამართულ შეხვედრაზე საინტერესო იდეით გამოვიდა
ილია კოკაია: ახალგაზრდების თამაში კლუბების ინტერესებშია
ეს იდეა, რომ მინიმუმ U21-ის 2 კაცი განაცხადში ყავდეს ეს მაინც არ უშველის. ფეხბურთელები უცხოეთში მაინც მიდიან ეგ ერთი და რახან აქ დინამოა ნახსენები ვიტყვი, რომ დუშან უჰრინი U21-ის ფეხბურთელები განაცხადში შეყავს და ამას არ უნდა რაღაც კანონის მიღება. საერთოდ ვამბობ თუ ვთქვათ U21-ის ფეხბურთელი ვერ ჯობნის 23 წლის ფეხბურთელს, მაშინ U21-ის ფეხბურთელი, რატომ უნდა შეიყვანო?
მადლობა ავტორს, მშვენივრად ახსნა...
აქ ნახსენები იყო 18-19 წლის ახალგაზრდების საზღვარგარეთ გაყვანის საკითხი, საინტერესო იქნება მიზეზებისა და პრობლემის გადაწყვეტის გზების მისეული ახსნა...