მალხაზ ჟვანია: გია მეგრელაძის დამატებით "მერანი" მნიშვნელოვნად გაძლიერდა

AutoSharing Option
მეორე ეტაპისათვის მზადებას შეუდგა მარტვილის "მერანი". გუნდი ამჟამად მარტვილში იმყოფება, 12 თებერვლიდან კი 10-დღიან შეკრებაზე ურეკში წავა.

უკვე ცნობილია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებმაც გუნდი დატოვეს: გიორგი მჭედლიშვილი კარიერას "ვიტ ჯორჯიაში", ხოლო გიგა ჟვანია ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს. კვლავ გაურკვევლობაა საბა ლომიასთან დაკავშირებით, რომელიც მართალია, "ზესტაფონის" საკუთრებაა, თუმცა "მერანთან" სეზონის ბოლომდე აკავშირებს ხელშეკრულება.

რაც შეეხება ახალწვეულებს: კლუბთან კონტრაქტს დღე-დღეზე გააფორმებს საქართველოს ჩემპიონატის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გია მეგრელაძე.

34 წლის ფორვარდს, გარდა ეროვნული ჩემპიონატისა, სხვადასხვა დროს საბერძნეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და
უზბეკეთის გუნდებშიც უთამაშია.

ბოლო პერიოდში მეგრელაძეს ოჯახური პრობლემების გამო (მამა გარდაეცვალა) თამაშისათვის თავი განებებული ჰქონდა. თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთის სიყვარულმა ის კვლავ მოედანზე დააბრუნა.

"მერანში" მიმდინარე სხვა სიახლეების შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია გვესაუბრა:

"ამ ეტაპზე ფეხბურთელები ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. საწვრთნელ პროცესს, ძირითადად, სამტრედიაში ვატარებთ.

ვფიქრობ, ჩვენი გუნდი გია მეგრელაძის დამატებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა. სწორედ მეგრელაძისა და დიდავას მაგალითზე უნდა აღიზარდონ მომავალი თაობები.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ დუბლებიდან ძირითად გუნდში გადმოვიყვანეთ: გიორგი გეგია, ინდიკო მონიავა, ცოტნე მონიავა, დათა წულაია, ლაშა ჯღამაია და მიშიკო ქაჯაია. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ბიჭების უმეტესობამ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდროს ადგილი.

გუნდი კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. დაგვემატება რამდენიმე ფეხბურთელი. უახლოეს მომავალში გადაწყდება დათა სიჭინავას საკითხიც, რომელთანაც აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ჯერჯერობით არაფერი ვიცით საბა ლომიას შესახებ, "ზესტაფონის" პასუხს ველოდებით".


შეგახსენებთ, რომ "მერანი" ქვედა ექვსეულში 10 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონაში მყოფ ბათუმის "დინამოს". ამის მიუხედავად, მარტვილელებს მოდუნებისა და კონცენტრაციის დაკარგვის უფლება ნამდვილად არ აქვთ, რადგან უპირატესობა არცთუ დიდია. ამიტომაც გუნდის მიზანი ქულათა მაქსიმუმის დაგროვება უნდა იყოს.

"მერანი" პირველ საკონტროლო შეხვედრას 3 თებერვალს სამტრედიაში, ფოთის "კოლხეთთან" გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარტვილის "მერანი" - უცვლელი ხელწერა და დამსახურებული სიმპათიები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული