ქუთაისელებს მეორე საკონტროლო შეხვედრას (პირველი "სამტრედიასთან" წააგეს - 0:2) 26 იანვარს "გაგრასთან" ასევე საკუთარ მოედანზე უნდა გაემართათ, მაგრამ ტორპედოელთა გეგმები შეიცვალა: 26 იანვარს გუნდი ამხანაგურად ითამაშებს, მაგრამ ერთდროულად ორ მეტოქესთან: 13 საათზე რეგიონული ლიგის თერჯოლის "საპოვნელას" დაუპირისპირდება, ხოლო 15 საათსა და 30 წუთზე პირველლიგელ ქობულეთის "შუქურას".
სავარაუდოდ, ორივე მატჩი ქუთაისელთა საღორიას ბაზაზე ჩატარდება.
მარბელას თასი პლუს 2 საკონტროლო
1 თებერვალს
კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი პაპიაშვილის თქმით, უკვე ცნობილი გახდა, რომ "მარბელას" ტურნირს "ტორპედო" პოლონურ კლუბთან შეხვედრით გახსნის:
"ტრადიციულად, "მარბელას" თასზე საკმაოდ ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი. ამ ტურნირში თამაში ბევრ გუნდს სურს, მაგრამ ეს მხოლოდ სურვილზე არ არის დამოკიდებული. ესპანელები კი საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი არიან და ბოლო წლებში ჩვენს გუნდებს იწვევენ.
კენჭისყრა უკვე გაიმართა და "ტორპედოს" პირველი მეტოქის ვინაობა შევიტყვეთ. 4 თებერვალს რუმინულ კლუბს, ბუქარესტის "რაპიდს" შევხვდებით, შემდეგი მეტოქე კი ჯერ უცნობია, რადგან "მარბელას თასი" ოლიმპიური სისტემით ტარდება, თასისთვის ბრძოლას მოგებულები აგრძელებენ, მაგრამ დამარცხებულებიც თამაშობენ და ურთიერთობებს ერთმანეთში არკვევენ.
თუმცა, ვიცით, რომ შემდეგი მატჩები 7 და 10 თებერვალს გვექნება.
გულშემატკივრებს ჩვენი შეხვედრების პირდაპირ ეთერში ნახვა შეეძლებათ, რადგან ამის შესახებ ტურნირის ორგანიზატორებმა ერთ-ერთ რუმინულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმეს, "ტორპედოს" ვებ-გვერდი კი ინტერნეტ-რეპორტაჟებს გეგმავს.
ამას გარდა, მარბელაში 13 და 16 თებერვალს კიდევ ორი საკონტროლო შეხვედრის ჩატარებას ვგეგმავთ".
"მარბელას თასის" წყვილები და განრიგი ასე გამოიყურება:
A წყვილი
"დინამო" (ბუქარესტი, რუმინეთი) - "ლეხი"(პოლონეთი)
B წყვილი
"ტორპედო" - "რაპიდი"(რუმინეთი)
C წყვილი
"დინამო" (კიევი, უკრაინა) - "ოცელული" (რუმინეთი)
D წყვილი
"ლუდოგორეცი" (ბულგარეთი) - "ატლეტიკო პარანენსე" (ბრაზილია)
1/2 ფინალი:
A წყვილის გამარჯვებული - B წყვილის გამარჯვებული
C წყვილის გამარჯვებული - D წყვილის გამარჯვებული
ფინალი
A/B-გამარჯვებული - C/D-გამარჯვებული
საკადრო პლუს-მინუსები
ტრავმის გამო, გუნდს ესპანეთში ლაშა შერგელაშვილი დააკლდება - სავარაუდოდ, ამ ნიჭიერ ახალგაზრდა მცველს სამკურნალოდ კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება.
ინდივიდუალურად ვარჯიშობს გიორგი დათუნაიშვილი, რომელიც პირველი წრის ბოლოს სერიოზულად დაშავდა. გიორგი ესპანეთში გაემგზავრება, თუმცა სრულად ვერ დაიტვირთება.
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ორმხრივი შეთანხმებით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატმა გივი იოსელიანმა "ტორპედოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა. მიზეზად სათამაშო პრაქტიკის უქონლობა დასახელდა - მიმდინარე სეზონში 22 წლის ნიჭიერ ფლანგის მცველს "ტორპედოს" მაისურა ერთხელაც არ მოურგია.
როგორც შევიტყვეთ, იოსელიანს, რომელსაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაუტარებია, საინტერესო მიწვევები აქვს.
თუმცა, პაპიაშვილმა "ლელოს" განსხვავებული ინფორმაცია გაუმხილა:
"იოსელიანს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და ჩვენ არ გაგვიწყვეტია. გვესმის, რომ წასვლაზე ფიქრობს და მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. ჩვენი მიზანი არც არის, კარიერაში ხელი შევუშალოთ.
იმედია, ორივესთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მივიღებთ".
გუნდში რჩება თავდამსხმელი ნიკა საბანაძე, რომლის ტრანსფერზეც ბევრი იწერებოდა.
"საბანაძემ ზამთარში "ტორპედოსთან" ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ასე რომ, მის ტრანსფერზე მოლაპარაკებას გამოვრიცხავ და საერთოდაც, დიდი სურვილი გვაქვს, რომ გუნდის განვითარებისა და წინსვლის მონაწილე იყოს", - ამბობს პაპიაშვილი.
"ტორპედომ" ცენტრალური მცველები, ბიძინა ცინცაძე და გიორგი ონიანი დაიმატა. პაპიაშვილი ამბობს, რომ ესპანეთამდე სიახლეები მოსალოდნელი არ არის:
"ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ორი ტრანსფერით შემოვიფარგლებით. აქტიურ ფაზაში მოლაპარაკება არც ერთ მოთამაშესთან არ გვაქვს და ესპანეთში გუნდი დღევანდელი შემადგენლობით გაემგზავრება. მაგრამ არ გამოვრიცხავ, შემდეგ ვინმე დავიმატოთ. მარბელაზე გამოჩნდება, გაძლიერება რომელ პოზიციაზე გვჭირდება".
ქუთაისელები ევროპის ლიგის წინა შესარჩევ ეტაპზე სტადიონზე დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებას აპირებენ. მარტში ქუთაისში უეფას წარმომადგენლებს ელოდებიან, რომლებიც არენის ინსპექტირებას გეგმავენ.
"ტორპედოს" მიზანია, ქუთაისის ცენტრალურმა სტადიონმა რაც შეიძლება მაღალი კატეგორია მიიღოს და ევროპის ლიგაში გასვლის შემთხვევაში, მხოლოდ მშობლიურ არენაზე ითამაშოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქუთაისის "ტორპედომ" ამხანაგური მატჩი პირველლიგელ "სამტრედიასთან" წააგო [VIDEO]
გიორგი ონიანი: "დილაში" გაურკვევლობა "დინამოს" წისქვილზე ასხამს წყალს
გიორგი დათუნაიშვილი: "ტორპედოს" ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ აქვს