ხელშეკრულება გამზადებულია, რომლის მიხედვითაც, 46 წლის ივანაუსკასი ამ სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს "დილას", მერე კი ყველაფერი ოპციით გადაწყდება.
"დილა" 29 იანვარს ივანაუსკასის ხელმძღვანელობით გაემგზავრება თურქულ ბელეკში და შეკრებაზე, რა თქმა უნდა, საკონტროლო მატჩებსაც ითამაშებს. სავარაუდო მეტოქეები არიან რუსული "შინიკი", ჩეხური "ბრნო" და სერბული "რადნიჩკი"; შესაძლოა, "დილამ" ერთ-ერთ სამხრეთკორეულ
და ვინ არის ვალდას ივანაუსკასი? - საკმაოდ სახელიანი კაცი ფეხბურთში. საბჭოთა კავშირში მოზარდებს შორის ტარდებოდა ასეთი ტურნირი - "ტყავის ბურთი". ივანაუსკასიც იქ გამოჩნდა და 1983 წელს ვილნიუსის "ჟალგირისის" დუბლებში აიყვანეს.
ივანაუსკასი საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებში მიიწვიეს, მერე კი მოსკოვის ცსკა-ში გადაიყვანეს. 1986 წელს "ჟალგირისში" დაბრუნდა და იქიდან დაიწყო მისი აღმავლობა. ახმახი, ჯანიანი შემტევი ნახევარმცველი გახლდათ. ძალიან ბევრი გოლი არ გაჰქონდა, მაგრამ მეტოქის დაცვას მიანგრევდა, ყინულმჭრელი გემივით აპობდა დამცავ ზღუდეებს.
ივანაუსკასი საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში მიიწვიეს, თუმცა 1988 წლის ოლიმპიადაზე სეულში ანატოლი ბიშოვეცმა არ წაიყვანა. ამბობდნენ, რომ მწვრთნელმა დისციპლინის დარღვევის გამო მიიღო ასეთი გადაწყვეტილებაო.
მომდევნო წელს ივანაუსკასი და კიდევ ერთი ლიტველი არმინას ნარბეკოვასი ვალერი ლობანოვსკიმ საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიიწვია, თუმცა ამასობაში პოლიტიკური პროცესები ისე განვითარდა, რომ ლიტვა დამოუკიდებლობის გზას დაადგა და საბჭოთა ნაკრებიც ლიტველების გარეშე გაემგზავრა 1990 წლის იტალიურ მუნდიალზე.
1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა საქართველომ და 27 მაისს საქართველოს ნაკრებს თბილისში ლიტვის ნაკრები ესტუმრა. ის შეხვედრა 2:2 დასრულდა, ივანაუსკასმა 90 წუთი ითამაშა. 26 მატჩი, 8 გოლი - ასეთია ივანაუსკასის ნაკრებული მონაგარი.
"ჟალგირისი" იმავე პერიოდში გერმანულ ტურნეში გაემგზავრა. ვენის "აუსტრიის" მთავარმა მწვრთნელმა, წარსულში სახელგანთქმულმა ავსტრიელმა ჰერბერტ პროჰაზკამაც იქ შეამჩნია ივანაუსკასი და თავისთან წაიყვანა. ლიტველმა ფორვარდმა ავსტრიაში სამი სეზონი ითამაშა.
"აუსტრიაში" გადასვლამდე ივანაუსკასი ცოტა ხნით მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი იყო და ტრანსფერიდან სარგებელი რუსებმაც ნახეს.
ივანაუსკასი სამჯერ გახდა ავსტრიის ჩემპიონი, ორჯერ ასწია იქაური თასი; 90-იან წლებში ოთხჯერ დაასახელეს ლიტვის საუკეთესო ფეხბურთელად.
ივანაუსკასის ნიჭი ავსტრიაზე უფრო დიდ სარბიელს მოითხოვდა.
1993 წელს, როცა ოტო რეჰაგელი ბრემენის "ვერდერის" მწვრთნელი გახლდათ, ავსტრიაში "რაპიდის" შუახაზელის, ანდრეას ჰერცოგის თამაშის სანახავად ჩავიდა. "რაპიდი" ივანაუსკასის "აუსტრიას" ეთამაშებოდა და რეჰაგელს ლიტველი ისე მოეწონა, რომ "ჰამბურგის" მაშინდელ მწვრთნელთან, ბენო მიოლმანთან გაუწია რეკომენდაცია.
"ჰამბურგმა" ივანაუსკასი 1,7 მილიონ მარკად იყიდა. ლიტველმა ამ ბუნდესლიგურ გუნდში სამი სეზონი ითამაშა. "ჰამბურგი" მაშინ არ იყო მოწინავეთა შორის, ივანაუსკასი კი "ჰამბურგში" ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლებოდა.
გერმანიიდან ივანაუსკასი ავსტრიაში დაბრუნდა, იქაურ "კაზინოში" და "სანქტ-პოლტენში" თამაშობდა; შემდეგ ისევ გერმანიაში ჩავიდა, ქვედალიგელ "ვილჰელმსჰაფენში" აგორებდა ბურთს. იმავდროულად, სამწვრთნელო კურსებზეც დადიოდა და დიპლომიც აიღო. შემდეგ კიოლნის ცნობილი სამწვრთნელო სკოლაც დაამთავრა.
გერმანიის ქვედალიგელ გუნდებში მწვრთნელობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. იყო ლიტვის ნაკრების მეორე მწვრთნელი, ხელმძღვანელობდა "ვეტრას", და "კაუნასს", სადაც ლიტვის ჩემპიონობაც მოიგო და თასიც.
2005/06 წლების სეზონისთვის ივანაუსკასი სამუშაოდ შოტლანდიაში წავიდა, "ჰართსის" მთავარი მწვრთნელის, გრემ რიქსის თანაშემწე იყო. რიქსი რომ დაითხოვეს, გუნდი ლიტველს ჩააბარეს და ივანაუსკასის თავკაცობით "ჰართსმა" შოტლანდიის თასი მოიგო.
ივანაუსკასმა "ჰართსის" დირექტორატშიც იმუშავა, შემდეგ გერმანულ "კარლ ცაისს" წვრთნიდა, თუმცა მეორე ბუნდესლიგაში მისი სამწვრთნელო საქმიანობა წარმატებული ვერ გამოდგა.
ივანაუსკასი მუშაობდა ლიტვის ასაკობრივ ნაკრებებში. მერე სუმგაითის "სტანდარტის" მწვრთნელიც კი იყო, ლიტვური "შიაულაი" და "რეო" - ივანაუსკასი ამის მერე "დილაში" დასაქმდება.
როგორც ხედავთ, ივანაუსკასს საკმაოდ მდიდარი ბიოგრაფია აქვს. "დილაში" მისი მიყვანა ერთმა ქართველმა აგენტმა გაჩარხა. ასეთი სახელიანი კაცი რომ იმუშავებს ქართულ გუნდში, ეს, რა თქმა უნდა, უფრო საინტერესოს გახდის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს.
ჩვენ ჯერ ფეხბურთელ ივანაუსკასს უფრო კარგად ვიცნობთ, ვიდრე მის სამწვრთნელო მიმართულებებს. ივანაუსკასის საქმიანობას გორის "დილაში" მილეთი, ალბათ, დიდი ინტერესით ელის.
როგორც ჩანს, "დილა" სეზონის მეორე ეტაპზეც ღონიერი კლუბი იქნება...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"