ვალდას ივანაუსკასი: საქართველო მეორე სამშობლოდ მიმაჩნია

AutoSharing Option
გორის "დილამ" საზოგადოებას ახალი მთავარი მწვრთნელი, ლიტველი ვალდას ივანაუსკასი წარუდგინა.

ეს ღონისძიება 28 იანვარს დილით სასტუმრო "თორის" საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ივანაუსკასთან ერთად, მედიის წინაშე "დილას" კაპიტანი დავით კვირკველია წარსდგა.

ვალდას ივანაუსკასი:
- მოხარული ვარ, რომ ჩემს პრესკონფერენციაზე ამდენი ჟურნალისტი მოვიდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოში ფეხბურთი ძალიან პოპულარულია.

საქართველო ჩემს მეორე სამშობლოდ მიმაჩნია. ლიტველები და ქართველები ხომ ძალიან დიდი ხანია, ვმეგობრობთ და ამის გამო თქვენთან ყოფნა ძალიან მიხარია.

ქართული ფეხბურთის შესახებ საკმაო ინფორმაციას ვფლობ. მინახავს საქართველოს ეროვნული და
ასაკობრივი ნაკრებების თამაშები, გარკვეული წარმოდგენა მაქვს საქართველოს ჩემპიონატზეც.

"დილას" რაც შეეხება, ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი მაქვს ნანახი და მაღალი დონის გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.

თურქულ შეკრებაზე ჩემი ახალი გუნდის შესახებ მაქსიმალურ წარმოდგენას შევიქმნი. დრო ცოტა გვაქვს, მაგრამ შევეცდებით, შეკრება ნაყოფიერად გამოვიყენოთ. სეზონს 22 თებერვალს, სუპერთასის მატჩით განვაახლებთ და იქაც და სხვა შეხვედრებშიც თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენას შევეცდებით.

ცუდია, რომ "დილა" არაერთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებსაც თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ.

გუნდში რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე მაინც დარჩა და მათი დიდი იმედი მაქვს. მოხარული ვარ, რომ გუნდში დიდი კონკურენციაა.

დავით კვირკველია:
- მიხარია, რომ "დილაში" ერთი კარგი მწვრთნელი მეორე არანაკლებ კვალიფიციურმა სპეციალისტმა შეცვალა.

ივანაუსკასზე ბევრი კარგი რამ გვსმენია და იმედი მაქვს, "დილაშიც" გაამართლებს.

* * *
28 იანვარს "დილა" შეკრებაზე თურქეთის კურორტ ბელექში გაემგზავრა, სადაც 12 თებერვლამდე დარჩება.

* * *
ბოლოს კი 46 წლის ვალდას ივანაუსკასის მდიდარ ბიოგრაფიას მოკლედ გაგაცნობთ:

ფეხბურთელის კარიერა: "ჟალგირისი" (ლიტვა), ცსკა (რუსეთი), "ლოკომოტივი" (რუსეთი), "აუსტრია" (ავსტრია), "ჰამბურგი" (გერმანია).
უთამაშია სსრკ-ისა და ლიტვის ნაკრებებში.

სამწვრთნელო კარიერა: ლიტვის ეროვნული ნაკრები (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი), ლიტვის 21-წლამდელთა და 18-წლამდელთა ნაკრებები, "კაუნასი" (ლიტვა), "ჰართსი" (შოტლანდია), "კარლ ცაისი" (გერმანია), "ბანგა" (ლიტვა), "სტანდარტი" (აზერბაიჯანი), "შიაულაი" (ლიტვა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გოგიტა გოგუა შესაძლოა კვლავ გორის "დილას" ფეხბურთელი გახდეს
ვალდას ივანაუსკასი - გორის "დილას" ახალი თავკაცის მდიდარი ბიოგრაფია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული