დაბოლოს, ვიდრე მოახლოებულ ტურის ხუთივე მატჩს ცალ-ცალკე შეფასებას მივცემთ, ისიც ვთქვათ, რომ წინა ტურის მსგავსად, ერთი შეხვედრის პირდაპირი ტელერეპორტაჟი ახლაც გველოდება: `ზესტაფონი~-`დინამოს~ საინტერესო დაპირისპირებას საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი შემოგვთავაზებს. ეგ კი არა, როგორც ამ არხის სპორტული მიმართულების პროდიუსერმა დავით მინაშვილმა გვითხრა, მეორე წრის ბოლომდე ასე ვიქნებით განებივრებულნი და ყოველ ტურში ერთი მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟის (მათ შორის _ შუა კვირაშიც) ხილვის საშუალებაც გვექნება.
ოლიმპი-ტორპედო
წინა ტურის მსგავსად, ახლაც ერთმანეთზე საინტერესო ორი დაპირისპირება გველოდება და ჯერ, ადრეული თამაშით დავიწყებთ. წამყვანი უცხოური საბუქმეიქერო კანტორების აზრით, `ოლიმპი~-`ტორპედოს~ შეხვედრაში აშკარა ფავორიტებად მასპინძლები მიიჩნევიან. სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, ამაში მოულოდნელი არაფერი უნდა იყოს: წინა ტურში `ვიტ ჯორჯიასთან~ შთამბედჭავი გამარჯვების შემდეგ ქვეყნის ჩემპიონმა `ოლიმპმა~ მეორე ადგილზე გადაინაცვლა და, რაც მთავარია, ერთპიროვნულ ლიდერთან სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა. სეზონის დასაწყისთან შედარებით ბოლო მატჩებში შედეგი `ტორპედომაც~ აშკარად გააუმჯობესა: ზედიზედ 3 წაუგებელი შეხვედრა და ქუთათურთა საყვარელი გუნდი მათთვის შეუფერებელ-შეურაცხმყოფელ ბოლო ადგილსაც დაშორდა. ვნახოთ, რამდენად შეძლებენ გია გიგატაძის შეგირდები ამ წარმატებული სერიის გაგრძელებას, მით უფრო, რომ `ოლიმპი~ საკუთარ მოედანზე დღემდე უდანაკარგოდ ასპარეზობს: რუსთაველებმა ხუთივე საშინაო შეხვედრა მოიგეს. მოკლედ, მეტოქეები ამ დაპირისპირებას მშვენიერ განწყობაზე ხვდებიან: არ დაგვავიწყდეს, რომ წინა ტურში `ტორპედომ~ სულაც ერთპიროვნული ლიდერი `ზესტაფონი~ დაამარცხა; იმის იმედიც გვინდა გვქონდეს, რომ `ფოლადის~ სტადიონზე ანშლაგი თუ არ იქნება, სანახევროდ მაინც გაივსება; ისე კი, არ დავმალავთ, მართლაც უცნაურად გვეჩვენება ის ფაქტი, რომ მოქმედი ჩემპიონისა და ამ სეზონშიც კვლავაც მაღალი მიზნებისათვის მებრძოლი `ოლიმპის~ საშინაო მატჩებს მხოლოდ 500-მდე ქომაგი რომ ესწრება-ხოლმე; ერთი-ორჯერ, უფრო მეტი მაყურებელიც მოვიდა, მაგრამ ეს... სტუმართა გუნდის ქომაგების `ხარჯზე~ მოხდა. ანუ, დღესაც იმის იმედად უნდა ვიყოთ, რომ `ტორპედოს~ საქომაგოდ ჩამოსული ქუთაისელი გულშემატკივარი ვიხილოთ. ცნობისათვის: ამ გუნდების I წრის შეხვედრას ქუთაისში რომ ჩატარდა, 7500 მაყურებელი დაესწრო!..
...მართლაც ძალიან საინტერესოა, თუ როგორ შეხვდებიან სტუმართა ქომაგები მეტოქის... მთავარ მწვრთნელს! შეგახსენებთ, რომ აწ უკევ `ოლიმპის~ თავკაცი რამაზ მუმლაძე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ `ტორპედოს~ მთავარი მწვრთნელი გახლდათ. სამწუხაროდ, ამ წარმატებულმა და გამოცდილმა მწვრთნელმა `ტორპედოში~ შესაფერისი შედეგი ვერ უჩვენა, თუმცა ამას უამრავი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა კი, დროის ფაქტორი: `ტორპედოს~ ძირითადში ხომ, ფაქტობრივდ, სხვადასხვა გუნდებიდან მოწვეული ახალწვეულები ასპარეზობდნენ და ვიდრე ეს ფეხბურთელები ერთმანეთში შეთამაშდებოდნენ, ძვირფასი ქულებიც დაიკარგა. არადა, რამაზ მუმლაძის საწინააღმდეგოდ რომ მხოლოდ და მხოლოდ დროის ფაქტორი `მოქმედებდა~, ეს ფაქტიც მოწმობს: მის ნაცვლად დანიშნულ გია გიგატაძეს ძირითად შემადგენლობაში, ერთი-ორი პოზიციის გარდა, ფაქტობრივად, არავინ და არაფერი შეუცვლია. ასე რომ, ზედიზედ მეორე ტურია, რამაზ მუმლაძეს თავის ყოფილ შეგირდებთან უწევს დაპირისპირება: ერთი კვირის წინ `ვიტ ჯორჯიასთან~, დღეს კი _ `ტორპედოსთან~; თანაც, `ტორპედოში~ მოასპარეზე ფეხბურთელთა 70-80 პროცენტი ამ სეზონის დაწყების წინ გუნდში სწორედ მუმლაძის მიყვანილია...
ზესტაფონი-დინამო
უკვე მეშვიდე წელიწადია, ჩვენ ყველაზე ტიტულოვან გუნდს, `ზესტაფონის~ სახით მეტად და მეტად პრინციპული მოწინააღმდეგე რომ გამოუჩნდა. და ეს, იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ მეტოქეთა აქამდე ჩატარებულ ურთიერთდაპირისპირებებში უპირატესობა `დინამოს~ მხარეს არის: 10 მოგება, 3 ფრე და 5 წაგება. ამას გარდა, არც ის არის შემთხვევითი, რომ `ზესტაფონისა~ და `დინამოს~ წინა 18 შეხვედრიდან მხოლოდ ორჯერ მოხდა, როცა ერთ-ერთმა გუნდმა მეტოქეს დიდი ანგარიშით აჯობა: XX ჩემპიონატში თბილისელებმა სტუმრად მოიგეს 4:0, წინა სეზონში კი იმერლებმა თითქმის სრულფასოვანი რევანში აიღეს (4:1). დანარჩენ შემთხვევებში კი, როგორც წესი, უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა ხოლმე, სამსაჯო კაზუსებიც არცთუ იშვიათად გვინახავს ამ მართლაც გამორჩეული გუნდების დაპირისპირებებში; იმაზე აღარაფერს ვამბობთ, როცა სწორედ `ზესტაფონისა~ და `დინამოს~ შეხვედრებში ირკვეოდა-ხოლმე ჩემპიონობისა თუ ევროტურნირების საგზურის ბედი.
დღევანდელ შეხვედრას `ზესტაფონი~ ერთპიროვნული ლიდერის რანგში ხვდება და გია გეგუჩაძის გუნდს, წინა სეზონისგან განსხვავებით, იმითაც შეუძლია `თავი მოიწონოს~, რომ აქამდე ჩატარებულ ოთხ საშინაო მატჩში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა. არადა, დღესაც დარწმუნებული ვართ, რომ იმავე წინა სეზონში `ზესტაფონს~ აშკარად მეტის მიღწევა შეეძლო, მაგრამ თავისზე ბევრად სუსტ მეტოქეებთან (თანაც, საკუთარ მოედანზე) უამრავი `დაუგეგმავი~ ქულა დაკარგა. აი, `დინამოს~ კი ამ სეზონში, ცოტა არ იყოს, არასტაბილურობა დასჩემდა: კახა კაჭარავას გუნდი, ერთი-ორ შეხვედრას მაღალ დონეზე ჩაატარებს და მერე, ბევრისთვის მოულოდნელად, თავისზე სუსტ მეტოქეებთან ქულებს დაკარგავს. თანაც, იმავე წინა სეზონისგან განსხვავებით, `დინამოზე~ ახლა ვეღარავინ იტყვის, რომ ძირითადი შემადგენლობაში 80-90 პროცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენო. რა თქმა უნდა პერსპექტიული ახალგაზრდები კვლავაც არიან, მაგრამ ჩვენი ჩემპიონატის ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის თავის შემადგენლობაში ისეთი გამოცდილი ფეხბურთელების სიმრავლით, როგორებიც არიან: დავით მუჯირი, გივი კვარაცხელია, ალექსანდრე კოშკაძე, ლევან ხმალაძე, ედნილსონი...
ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, უშეღევათო და დრამატულ ბრძოლაში წარიმართა; ანგარიში მათე ვაწაძემ გახსნა, რასაც მალე კახა ალადაშვილის საპასუხო გოლი მოჰყვა... ყოფილი გუნდის კარში; და აი, მაშინ, როცა ყველას ეგონა მატჩი ფრედ დამთავრდებაო, ნიკოლოზ ფირცხალავამ `დინამოს~ გამარჯვება მოუტანა! ის შეხვედრა იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ სტუმრებმა მატჩი, ფაქტობრივად, 9 (!) კაცით დაამთავრეს; უფრო ზუსტად, მეორე ტაიმის დასაწყისში არბიტრმა მოედნიდან გიორგი ხიდეშელი გააძევა, ხოლო როცა უკვე დამატებული წუთები იწურებოდა, იგივე ბედი მამუკა კობახიძემაც გაიზიარა. სხვათა შორის ხიდეშელი თავის გუნდს დღევანდელ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება (ისე როგორც _ ირაკლი ძარია); თუმცა, დანაკლისი დინამოელებსაც აქვთ და სტუმართა თავკაცის კახა კაჭარავას უმთავრესი თავსატეხი, ალბათ, თავდასხმის ხაზის დაკომპლექტება იქნება. თავად განსაჯეთ: მათე ვაწაძე და რობერტინიო კვლავაც ტრავმირებულნი არიან, ხოლო დონალდ ჯუისი დისკვალიფიცირებულია!..
ბაია-ვიტ ჯორჯია
დღევანდელი მესამე მატჩიც არანაკლებ ინტერესს იწვევს: არცთუ სახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ `ბაიას~, ალბათ, რევანშის აღების სურვილი ექნება პირველ წრეში განცდილი მარცხის გამო. ის მატჩი `ვეტერინართა~ მინიმალური გამარჯვებით დამთავრდა, თუმცა `ბაიას~ მწვრთნელ-ფეხბურთელებს მიაჩნდათ, რომ არბიტრის ზედმეტმა სიმკაცრემ შეხვედრის შედეგზე სერიოზული გავლენა იქონია. ყველაფერი კი იმ ეპიზოდს მოჰყვა, როცა მატჩის დასაწყისში `ბოლო იმედის~ ჯარიმისათვის `ბაიას~ კაპიტანი როინ ონიანი გააძევეს და სტუმართა კარში პენალტიც დაინიშნა! თუმცა, იმის შემდეგ ორ თვეზე ოდნავ მეტი გავიდა და `ბაიაც~, ფაქტობრივად, სახეშეცვლილი შემადგენლობით უნდა დაუხვდეს ბოლო დროს წარუმატებლად მოსპარეზე `ვიტ ჯორჯიას~; ჰო, ზედიზედ სამმა წაგებამ მერაბ კოჭლაშვილის გუნდის სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გააუარესა; თანაც, `ვეტერინარები~ დისკვალიფიკაციის გამო დღევანდელ მატჩში ორივე განაპირა მცველს (გიგა ბეჭვაიასა და რევაზ ღანიაშვილს) მოისაკლისებენ. თუმცა, `ვიტ ჯორჯიას~ საკადრო პრობლემები... ახლოსაც ვერ მივა მასპინძელთა დანაკლისზე: შეგახსენებთ, რომ წინა ტურის მატჩში, `ბაიას~ ძირითადი შემადგენლობის 15 ფეხბურთელი აკლდა! თუმცა, ამის მიუხედავად, ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, სტუმრად შეძლო `სიონის~ დამარცხება...
კოლხეთი-სიონი
ფინანსურად არც `კოლხეთს~ ულხინს, მაგრამ, იმავე `ბაიასგან~ განსხვავებით, ჯერჯერობით, ფეხბურთელებსაც ინარჩუნებს (!) და, რაც მთავარია, ბესიკ შეროზიას გუნდის ასპარეზობისას წარუმატებელს ვერავინ უწოდებს. განსაკუთრებულად ძლიერად კი `კოლხეთი~ საშინაო მატჩებში ასპარეზობს და ფოთელთა გუნდის რეალური ძალა ამ სეზონში უკვე არაერთმა გუნდმა საკუთარ თავზე გამოსცადა. თუმცა, ხვალინდელ შეხვედრაში მასპინძლებს სერიოზული საკადრო პრობლემების გადაჭრა მოუწევთ: მეკარე გიზო შენგელია, შემტევი ნახევარმცველი დათა სიჭინავა და ფორვარდი დავით ციცხვაია დისკვალიფიცირებულნი არიან, მცირე დანაკლისი აქვთ სტუმრებსაც: `სიონის~ გამოცდილი მცველი მიხეილ კობაური ასევე დისკვალიფიცირებულია.
სამტრედია-სპარტაკი
სულ მალე ეს გუნდები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს და საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზურს გაითამაშებენ. თუმცა, ვეჭვობთ, რომ `სამტრედიასაც~ და `სპარტაკსაც~ ამ სეზონში თასზე სერიოზული მიზნები ჰქონდეთ: ორივე გუნდი ხომ სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება და ისე როგორც სხვა დანარჩენ მეტოქეებთან მატჩებს, ერთმანეთში დაპირისპირებასაც უდიდესი მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ. ხვალინდელი მეტოქეებისათვის წინა ტური მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოდგა: `სამტრედიამ~ საშინაო შეხვედრაში `კოლხეთთან~ ფრედ ითამაშა, აი, ბადრი კვარაცხელიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე `სპარტაკმა~ კი `დინამოსთან~ მართლაც საპატიო ქულა მოიპოვა. თანაც, ისე როგორც ახალი მწვრთნელის სადებიუტო შეხვედრაში, `სპარტაკში~ კვლავაც გამოჩნდნენ დუბლშემადგენლობიდან დაწინაურებული ჭაბუკი ფეხბურთელები და ამ პროცესის გაგრძელებას კვლავაც უნდა ველოდოთ..
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"