ბოლნისში ახალი, თანამედროვე სტადიონი აშენდება

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" 6 თებერვალს ანთალიაში გაემგზავრა და ბელექში ხუთვარსკვლავიან სასტუმრო "ატლანტისში" დაბინავდა.

გუნდის პრესატაშის ჯემალ ჭიპაშვილის თქმით, ბოლნისელები საუცხოო პირობებში ემზადებიან, მაგრამ საკმაოდ არამდგრადი ამინდი დახვდათ, დარს ავდარი ენაცვლება.

მიუხედავად ამისა, გუნდი დაგეგმილი გრაფიკით ვარჯიშობს: მთავარი მწვრთნელი არმაზ ჯელაძე ფეხბურთელებს დღეში ორჯერ ტვირთავს, პლუს თეორია და ტრენაჟორებში ვარჯიში.

"სანამ გუნდი თურქეთში ემზადება, მანამდე ბოლნისის გამგეობის გადაწყვეტილებით, "თამაზ სტეფანიას" სტადიონის განახლება დაიწყო: აღებულია საფარი და მალე ახალი დაიგება, განახლდება გასახდელები, საშხაპეები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები.

ამავე დროს, ბოლნისის ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიაზე
სტანდარტული ხელოვნურსაფრიანი მოედანი მოეწყობა, ხოლო გამგეობისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქალაქში ახალი, თანმამედროვე სტადიონი აშენდება - სასურველი ტერიტორიის შერჩევა ახლა მიმდინარეობს.

და ბოლოს: "მადნეულისა" და "სალერის" ერთობლივი გადაწყვეტილებით, ამიერიდან გუნდის ძირითად და დუბლშემადგენლობებს გერმანული კომპანია "სალერი" შემოსავს",
- ამბობს ჭიპაშვილი.

"სიონმა" პირველი საკონტროლო თამაში 8 თებერვალს ყაზახურ "ირტიშთან" ჩაატარა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს წამოსული წვიმისა და სეტყვის გამო, გუნდები მეორე ნახევარში მოედანზე აღარ გასულან - ამ დროისთვის ანგარიში 0:0 იყო.

სიონი-ირტიში 0:0 (მატჩი ჩაიშალა)
"სიონი": ბობღიაშვილი - უგრეხელიძე, სვანიძე, საპირი, ელიავა - ნემსაძე, ჰაიდუჩეკი - ბიბილეიშვილი, ცხადაია, ლექვთაძე - მიკუჩაძე
ბოლნისელები კიდევ სამ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ: 11 თებერვალს მოსკოვის "ტორპედოს" დაუპირისპირდებიან, 12-ში - სოფიის "ლოკომოტივს", 17-ში - კიევის "არსენალს". არ არის გამორიცხული, კიდევ ერთი სპარინგი 14 თებერვალსაც შედგეს, მეტოქის ვინაობა კი ამჟამად ზუსტდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული