სხვადასხვა განწყობა

AutoSharing Option
ნებისმიერ საფეხბურთო მატჩს გოლ(ებ)ი ალამაზებს, მაგრამ არცთუ იშვიათია ისეთი შემთხვევებიც, როცა ნულოვანი ფრით დამთავრებული შეხვედრა ნეიტრალურ გულშემატკივარს გულგრილს რომ ვერ ტოვებს. ჰო, ნეიტრალურს, თორემ, რუსთაველი ქომაგები შაბათის მატჩის შემდეგ უკმაყოფილონი იყვნენ: ამ სეზონში პირველად მოხდა, როცა "ოლიმპმა" საშინაო მატჩი ვერ მოიგო; სამაგიეროდ, ქუთაისიდან ჩამოსულ გულშემატკივრებს უკმაყოფილების საბაბი არ უნდა ჰქონდათ: "ტორპედომ" უკვე მეოთხე მატჩი ჩაატარა წაუგებლად და ჩემპიონთან მოპოვებული ქულაც გია გიგატაძის გუნდის აქტივში უნდა ჩავთვალოთ. თანაც, "ტორპედოს" ბოლოდროინდელი წარმატებული ასპარეზობიდან გამომდინარე, ნუ გამოვრიცხავთ, რომ მეორე ეტაპიდან გუნდს აბსოლუტურად განსხვავებული
მიზნები რომ ჰქონდეს.

აი, "ოლიმპმა" კი, უკვე აღნიშნეთ, პირველად დაკარგა საკუთარ მოედანზე ქულები; არადა, თითქმის მთელი მატჩი (განსაკუთრებით კი - პირველი ტაიმი) მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, მაგრამ საბოლოო შედეგის ალოგიკურობასაც ვერავინ იტყვის. რაც მთავარია, ნულოვანი ფრის მიუხედავად, 90 წუთის განმავლობაში მოედანზე უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა; ეგ კი არა, ჩვენი ფეხბურთისათვის ნამდვილად არადამახასიათებელი ტემპიანი თამაშიც ვიხილეთ და ამის გამო ორივე გუნდი შექებასაც იმსახურებს.
...პირველ ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა აშკარაზე მეტი იყო; ამასთან, პირველ 45 წუთში სტუმრებს ერთხელაც არ შეუწუხებიათ "ოლიმპის" მეკარე გრიგოლ ჭანტურია, მაშინ როცა მის კოლეგა ომარ მიგინეიშვილს არაერთხელ დასჭირდა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. პირველი სახიფათო მომენტი მატჩის დასაწყისშივე შეიქმნა: დავით ბოლქვაძის ოსტატური პასით გიორგი ქავთარაძე ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ "ოლიმპის" ნახევარმცველის (ამ ბოლო დროს ფლანგზე რომ უწევს ასპარეზობა) თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა. ამ ეპიზოდის შემდეგ ტემპმა კიდევ უფრო მოიმატა და ტაიმის ბოლომდე ასე გაგრძელდა. "ოლიმპს" კიდევ ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი ჰქონდა: თუმცა, გიორგი ჭელიძისა და დავით ბოლქვაძის დარტყმებს ომარ მიგინეიშვილის უშეცდომო თამაში მოჰყვა. აი, მესამე ეპიზოდში კი სტუმართა მეკარემ თავისი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა: ბოლქვაძემ სიღრმიდან, შორეული პასით გიორგი ბერიაშვილი, ფაქტობრივად, მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ "ოლიმპის" ფორვარდმა ეს რეალური შანსი ვერ გამოიყენა. თუმცა, მიგინეიშვილის გარჯაც უნდა აღვნიშნოთ, - სიტუაციაში არ დაიბნა და მეტოქის ფორვარდს შეცდომაც რომ დააშვებინა.

შესვენების შემდეგ სტუმართა გუნდში ერთდროულად 2 ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა და, წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ ამ ცვლილებებმა აშკარად გაამართლეს: ვაჟა ლომაშვილი მოედნის ცენტრში დავით დიღმელაშვილს შეუწყვილდა და შუახაზში მასპინძელთა უპირატესობაც უკვე თვალშისაცემი აღარ იყო; აი, ვახტანგ კვარაცხელიამ კი თავდასხმის ხაზში ჩვეული ადგილი დაიკავა და ორჯერ ხელსაყრელი მომენტიც შეექმნა, თუმცა, ჯობს თანმიდევრობით მივყვეთ. სხვათა შორის, ცვლილება მასპინძელთა გუნდშიც მოხდა: ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ "ოლიმპში" გუნდის ერთ-ერთი ლიდერი რევაზ გეწაძე გამოჩნდა, რომელმაც მარცხენა ფლანგზე "კუთვნილი" ადგილი დაიკავა, ქავთარაძემ კი მარჯვნივ გადმოინაცვლა. მეორე ტაიმში პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, მაგრამ ალექსანდრე კვახაძის შორეული და ძლიერი დარტყმა არაზუსტი გამოდგა; და აი, 62-ე წუთი იყო, "ტორპედო" პირველად რომ დაემუქრა მასპინძელთა კარს: ნიკა საბანაძის პასის შემდეგ ვახტანგ კვარაცხელიამ საჰაერო "დუელი" მოუგო "ოლიმპის" ცენტრალურ მცველებს, მაგრამ ბურთი ხარიხას ზემოდან გადაევლო. ამას უკვე მასპინძელთა საპასუხო შეტევა მოჰყვა: ირაკლი მოდებაძე შეუჩერებლად ცდილობდა ბურთის შორეულ კუთხეში გაგზავნას, მაგრამ ამ ეპიზოდში "ოლიმპი" მხოლოდ კუთხურს გამორჩა. აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მეორე ტაიმში "ტორპედომ" აშკარად გამოასწორა თამაშის ხარისხი და დრო და დრო, მწვავე კონტრშეტევებსაც ავითარებდა. სტუმრებმა ორჯერ შორეული დარტყმებით სცადეს გოლის გატანა, მაგრამ თენგიზ ჩიკვილაძისა და ვაჟა ლომაშვილის მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია.

მატჩის უკანასკნელ წუთებზე კი ორივე კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა; თანაც, მოედანზე მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდა: გიორგი რეხვიაშვილი მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ ბურთი სტუმართა კარს ოდნავ აცდა; საპასუხო შეტევაში კი სტუმრებმა ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს და თორნიკე თარხნიშვილმა ფლანგიდან ზუსტი პასით ვახტანგ კვარაცხელია მოძებნა, რომელმაც კიდევ ერთხელ მოუგო პოზიციური ბრძოლა მასპინძელთა მცველებს, მაგრამ თავური დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოუვიდა.

თუმცა, ამ შეხვედრაში ბოლო მომენტი მაინც მასპინძლებმა შექმნეს: გეწაძე-ბოლქვაძის კომბინაციას მოდებაძე თავური დარტყმით აგვირგვინებდა, მაგრამ ჩემპიონტის საუკეთესო ბომბარდირს არც ამ ეპიზოდში გაუმართლა...


23.10. რუსთავი. ფოლადი. 800 მაყურებელი
ოლიმპი 0
ტორპედო 0

ოლიმპი ტორპედო
4-1-3-2 4-4-2
ჭანტურია მიგინეიშვილი
ქემოკლიძე ფოფხაძე
კვახაძე ს. თოდუა
რეხვიაშვილი ფარულავა
ჯაფარიძე ჩიკვილაძე
რაზმაძე დათუნაიშვილი
გ. ჭელიძე დიღმელაშვილი
ბოლქვაძე მ. გიგაური
ქავთარაძე თარხნიშვილი
მოდებაძე კემუხტაშვილი
ბერიაშვილი საბანაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
რ. მუმლაძე გ. გიგატაძე

ოლიმპი
46. ჭელიძე - გეწაძე
76. ბერიაშვილი - ყაზაიშვილი
სათადარიგოები: ბედიაშვილი, ჯ. უგულავა, დობროვოლსკი

ტორპედო
46. კემუხტაშვილი - ვ. კვარაცხელია
46. გიგაური - ლომაშვილი
88. საბანაძე - გ. ჩხეტიანი
სათადარიგოები: ქვილითაია, მაჭავარიანი, გურული, ნ. კვასხვაძე

გაფრთხილება: თარხნიშვილი (33), ქემოკლიძე (58), რეხვიაშვილი (73), კვარაცხელია (90)
არბიტრი: ჯ. ხორავა


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული