მსაჯობით უკმაყოფილონი

AutoSharing Option
სატურნირო ცხრილის ბოლოში მყოფ "სპარტაკსა" და "სამტრედიას" მდგომარეობის გამოსასწორებლად ქულები ჰაერივით სჭირდებოდათ და მათ შორის უშეღავათო ბრძოლა იყო მოსალოდნელი. შეხვედრამ გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია და საკუთარი გუნდის წარმატებაში დარწმუნებული სამტრედიელები სტადიონზე მრავლად მივიდნენ. რამდენიმე დღის წინ სამტრედიის დუბლშემადგენლობის მწვრთნელის ავთანდილ თოხაძის ვაჟი, თავადაც ყოფილი ფეხბურთელი დავით თოხაძე ავტოკატასტროფაში დაიღუპა და მის საპატივცემულოდ სამტრედიელები მოედანზე შავი სამკლაურებით გამოვიდნენ...

წუთიერი დუმილის შემდეგ მატჩიც დაიწყო. მასპინძლებისთვის მოულოდნელად საწყის წუთებში სტუმრებმა გაცილებით მწვავედ შეუტიეს. მე-17 წუთზე შოთა ჩომახიძემ მეკარის ბაქანზე ჩააგდო ბურთი, თუმცა კაკალაძე ბურთს

ვერ შეწვდა და სამტრედიელებმა კარგი მომენტი გაუშვეს ხელიდან. 32-ე წუთზე იმავე ჩომახიძის კუთხურს კვერენჩხილაძემ თავური დარტყმა მიაყოლა და ჭაფოძემ ბურთი ცარიელი კარიდან თავითვე გამოიტანა.


რამდენიმე წუთში ჩომახიძის მიერ ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთს კაკალაძის თავური დარტყმა მოჰყვა, თუმცა ცხინვალელთა მეკარე კვლავ შეუვალი იყო. ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გაამწვავეს სიტუაცია, თუმცა პირით ხაზზე გაჭრილი კაკალაძის გამჭოლ გადაცემას ფეხი ვერავინ დაუხვედრა...

მატჩის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. გელა სანაიას შეგირდები გოლის გატანას ცდილობდნენ, მაგრამ სტუმართა მცველები ყურადღებით ირჯებოდნენ და მათ გასაქანს არ აძლევდნენ. 48-ე წუთზე ცხინვალელები დაიბნენ და სრულიად უწყინარ სიტუაციაში ბურთი ჩომახიძეს გადააბარეს. ამან ერთი შეხებით კვერენჩხილაძეს უპასა თუმცა, ამ უკანასკნელის დარტყმა გარედან მოხვდა ბადეს.
62-ე წუთზე კი მასპინძლები გადაურჩნენ აშკარა გოლს - კაშიას მოწოდებულ კუთხურს შონიამ თავი დაუხვედრა, ბურთი ხარიხას მოხვდა და კარის ხაზზე დავარდა, დამატებაზე კი ვერავინ ივარგა. 70-ე წუთზე ჩომახიძის პასის შემდეგ კაკალაძე გავიდა მეკარესთან პირისპირ და გრიშიკაშვილთან ორთაბრძოლისას დაეცა. მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ მანამდე გვერდით მსაჯს თამაშგარე ჰქონდა დაფიქსირებული და ამის გამო ადგილობრივი გულშემატკივრები მსაჯებს შემოსწყრნენ...

შემდეგ მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და საქმე ისეთი პირი უჩანდა, რომ მეტოქეები უგოლო ფრეს შეგუებულნი იყვნენ. ამასობაში კრიჭაშვილმა შეხვედრას სამი წუთი დაამატა და მასპინლებმა იერიშისთვის ბოლო ძალები მოიკრიბეს. ისინი საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებებით ცდილობდნენ გოლის გატანას და ერთ-ერთმა ასეთმა მცდელობამ ნაყოფიც გამოიღო. მსაჯის მიერ დამატებული დრო იწურებოდა, როცა ჩომახიძის ჩაწოდების შემდეგ ყველაზე მაღლა კაკალაძე ახტა და ბურთი შეცვლაზე შესულ კირკიტაძეს დაუგდო, ამან კი უძლიერესი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამას სტუმართა რიგებში ვნებათაღელვა მოჰყვა, ისინი მსაჯს ორი რამის გამო ედავებოდნენ - ჯერ ერთ, დამატებული დრო ამოწურული იყოო, და მეორე - ჯარიმა, რომელსაც გოლი მოჰყვა, პირიქით, არბიტრს ცხინვალელთა სასარგებლოდ უნდა დაენიშნაო. მატჩის შემდეგ სტუმრები თავიანთ სიმართლეს ვიდეოფირით მატჩის დელეგატ სერგო კვარაცხელიასაც უმტკიცებდნენ...

მატჩის შემდეგ

ბადრი კვარაცხელია (სპარტაკი): "მსაჯებზე საუბარი არ მჩვევია, მაგრამ დღეს მათი ქმედება ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. არსად მინახავს, რომ მსაჯს ბოლო 5 წუთში მასპინძელთა სასარგებლოდ ამდენი ჯარიმა დაენიშნოს. უკვე დროც გასული იყო და სანამ გოლი არ გავუშვით თამაში არ დაასრულა. ჯარიმას რაც შეეხება, ის პირიქით ჩვენს სასარგებლოდ უნდა დანიშნულიყო. მიუხედავად დასანანი მარცხისა დაკარგული არაფერია და ბრძოლას გავაგრძელებთ".

გელა სანაია (სამტრედია):" ბიჭებს მთელს მოედანზე პრესინგი დავავალე და პირველ ტაიმში დავალება კარგად შეასრულეს. მეორე ტაიმში ცოტა არეული თამაში იყო, მაგრამ მონდომებამ ნაყოფი გამოიღო, თანაც, იღბალიც ჩვენს მხარეს იყო".

 


24.10. სამტრედია. ე. მანჯგალაძე. 1500 მაყურებელი
სამტრედია 1
სპარტაკი 0
1:0 კირკიტაძე (90. კაკალაძის პასით)

სამტრედია სპარტაკი
4-4-2 4-3-2-1
ძაგანია გრიშიკაშვილი
ჩხიკვაძე ჭაფოძე
ხუმარაშვილი ბოიომო
კუპრეიშვილი ალავიძე
გოგია შ. კაშია
პავლიაშვილი შონია
ტყემალაძე კაკაშვილი
ჩომახიძე ნარიმანიძე
ქებაძე ბაბულაიძე
კაკალაძე დეკანოიძე
კვერენჩხილაძე ძაგანია
მწვრთნელი მწვრთნელი
გ. სანაია ბ. კვარაცხელია

სამტრედია
54. კვერენჩხილაძე - ბაკარანძე
64. პავლიაშვილი - კირკიტაძე
68. ტყემალაძე - ფურთუხია
სათადარიგოები: ჯინჭარაძე, სოსელია, ნინუა, დვალიშვილი

სპარტაკი
53.ნარიმანიძე - ჯაყელი
58. კაკაშვილი - კლოვისი
74. დეკანოიძე - ჩალაძე
სათადარიგოები: დაუშვილი, ტატუნაშვილი, კორსანტია, აქუბარდია

გაფრთხილება: ბაბულაიძე (73), ბაკარანძე (86)
არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული