ბოლნისის "სიონი" თურქეთში შეკრებიდან დაუმარცხებელი ბრუნდება

AutoSharing Option
17 თებერვალს თურქულ შეკრებაზე ბოლნისის "სიონმა" ბოლო საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. არმაზ ჯელაძის გუნდის მეტოქე ოლეგ პროტასოვის გაწვრთნილი მინსკის "დინამო" გახლდათ.

შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა და 0:0 დასრულდა.

ტერიტორიულ უპირატესობას ბელორუსები ფლობდნენ, თუმცა საგოლე მომენტები ბოლნისელებმაც შექმნეს. მაგალითად, 35-ე წუთზე ლადო ახალაიამ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობით ვერ ისარგებლა.

შეხვედრას ბრესტის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ კურნევი დაესწრო, რომელიც, თურმე, "სიონს" ბელგრადის "რადთანაც" აკვირდებოდა. მან ქართველების მებრძოლი ხასიათი აღნიშნა და თურმე, რამდენიმე მოთამაშე მოეწონა.

ჩვენი ცნობით, გამორიცხული არ არის, რამდენიმე სიონელი მალე ბრესტის გუნდში გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ კურნევთან ამჟამად ორი ქართველი ირიცხება და ორივე თავდამსხმელია - უჩა გოგოლაძე და ზვიად ქანთარია.

მოკლედ, ბოლნისელებმა თურქული შეკრება წაუგებლად დაასრულეს: 5 შეხვედრიდან 4 ფრედ დაასრულეს - ყაზახურ "ირტიშთან" (0:0), მოსკოვის "ტორპედოსთან" (0:0), მონტენეგროს "ედინსტვოსთან" (2:2) და მინსკის "დინამოსთან" (0:0), ხოლო ბელგრადის "რადს" 2:1 სძლიეს.

გუნდი საქართველოში გამობრუნდება და სეზონისთვის მომზადებას 21 თებერვალს "ბენდელას" სტადიონზე განაახლებს.

სიონი-დინამო (მინსკი) 0:0
სიონი: ბობღიაშვილი - უგრეხელიძე, ორბელაძე, სვანიძე, ფოფხაძე - ჰაიდუჩეკი, ნემსაძე - ბიბილეიშვილი, მანწკავა, ლექვთაძე - ახალაია.
შეცვლაზე: ლობჟანიძე, ქემოკლიძე, ჯოჯუა, საპირი, ფალავანდიშვილი, ხურციძე, ისიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული