"ზუგდიდმა" ძალები სარატოვის "სოკოლის" წინააღმდეგ მოსინჯა

AutoSharing Option
"ზუგდიდმა" თურქულ შეკრებაზე ერთ დღეს კვლავ ორჯერ ითამაშა. ზუგდიდელთა ოპტიმალურმა შემადგენლობამ რუსეთის მეორე ლიგის ბინადრის, სარატოვის "სოკოლის" წინააღმდეგ მოსინჯა ძალები.

ქართულ-რუსულ სპარინგში, ორმხრივ შეტევებთან ერთად, მინდორზე ხისტი თამაშიც იგრძნობოდა, მაგრამ გუნდები სპორტული პრინციპების დაცვით მოქმედებდნენ და ამავე პრინციპით დაშორდნენ ერთმანეთს.

თავდაპირველად რუსებმა გახსნეს ანგარიში - ზუგდიდელთა კარში ბურთი შერბაკოვმა გაიტანა. სარატოველები აქამდეც კონტრშეტევებზე აგებდნენ თამაშს და გატანილი გოლით შეგულიანებულებმა დაცვით ტაქტიკას მიმართეს, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კონტრშეტევებისას რუსები სწრაფად მოქმედებდნენ.

ზუგდიდელებმა ანგარიშის გათანაბრება ტაიმის მიწურულს შეძლეს. ლევან აკობიასა და
როინ ონიანის
გათამაშებული კომბინაცია ეფექტური თავური დარტყმით ირაკლი ეხვაიამ გოლად აქცია.

მეორე ტაიმში ისევ რუსებმა იხეირეს და შეცვლაზე შემოსულმა სეკრეტოვმა ქართველთა დაცვის შეცდომის წყალობით საკუთარი გუნდი ისევ დააწინაურა.

"სოკოლის" ფეხბურთელებს სიხარული ნაადრევი გამოუვიდათ, ვინაიდან ერთ წუთში გიორგი გაბედავამ მათ გამათანაბრებელი გოლი გაუტანა. კუთხურის ალამთან შოთა ლომიამ ლევან წურწუმიას დაუგორა ბურთი. ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით ბურთი კარის ბაქანთან ჩაჰკიდა, აქ ყველას გაბედავამ დაასწრო და ანგარიში 2:2 გახადა.

ამის შემდეგ რუსები საკუთარ ნახევარზე დაბანაკდნენ, ზუგდიდელებმა კი არაერთი მომენტი შექმნეს. ნიკა აფაქიძის შორეული დარტყმული მეკარემ მოიგერია, ხოლო შემდეგ სარატოველთა მეკარე ბუგოდინოვმა ზვიად სიხარულიას დაასწრო და არ გაატანინა. ბოლო წუთებზე კი სარატოველთა კარი ძელმა იხსნა. შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ზუგდიდელთა სარეზერვო გუნდისა და გერმანული ქვედა ლიგის "ფოილთსის" მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა. ზუგდიდელთა დამრიგებელმა ელგუჯა ქომეთიანმა ორივე სპარინგში გუნდი თითქმის შეუცვლელად ათამაშა. იყო ერთი გამონაკლისი - ორივე თამაშის მეორე ნახევარში ახლად ტრავმამოშუშებული ვალიკო ტყემალაძე ათამაშა.

ზუგდიდელები "სოკოლს" ასეთი შემადგენლობით დაუპირისპირდნენ: ძაგანია, აფაქიძე, გამეზარდაშვილი, აკობია, რ. ონიანი, სიხარულია, გუგუჩია, წურწუმია, შ. ლომია, ეხვაია, გაბედავა.

რაც შეეხება ზუგდიდელთა მეორე შემადგენლობას - გერმანელთა წინააღმდეგ მათი განაცხადი ასეთი იყო: მაქაცარია, კანკია, აქუბარდია, ხუხია, ქვარცხავა, ხუბუა, მალანია, გამრეკლიძე, შონია, ქანთარია, ფარჯიკია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული