ლადო ბურდული: ამ ბიჭების მჯერა, მათში მონდომება და ჟინი დავინახე

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" სპორტულმა დირექტორმა უკვე მოასწრო თავის გამოჩენა: ლადო ბურდული ახალი დანიშნული იყო, როდესაც ისრაელის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი გალ საპირი და საფრანგეთში, პოლონეთსა და საბერძნეთში ნათამაშები პაველ ჰაიდუჩეკი ბოლნისურ გუნდში ჩამოიყვანა.

- თურქეთში ჩატარებულ თამაშებზე რას იტყვით?
- კარგი თამაშები გვქონდა. მაგალითად, მოსკოვის "ტორპედოსთან" ბიჭები ღირსეულად გამოიყურებოდნენ. ორი აზრი არ არის, რუსებს ბევრად ძლიერი და დიდი ტრადიციების მქონე კლუბი ჰყავთ, უფრო მაღალი კლასის მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებულები, მაგრამ ტოლი არაფერში დავუდეთ და მომენტები არა მხოლოდ ტორპედოელებმა, არამედ ჩვენც შევქმენით. ისეთი თამაში
იყო, მოგებაც შეგვეძლო და წაგებაც.

საერთოდ, ბიჭებს შეთამაშება აკლდათ. ხუთი საპრინგი ამ პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ მოაგვარებს. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი თუ დავიმატეთ, მაშინ სერიოზული გუნდი გვეყოლება.

ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება და საქართველოს თასისთვის ბრძოლაა, ახალი სეზონიდან კი ძლიერი გუნდი უნდა ჩამოვაყალიბოთ. სეზონის ბოლომდე დარჩენილ დროს გუნდის შესათამაშებლად და გასაძლიერებლად გამოვიყენებთ.

რეალურად, გუნდი როგორ მოემზადა, ჩემპიონატის პირველივე შეხვედრაში გამოჩნდება. მაგრამ ამ ბიჭების მჯერა, რადგან საკონტროლო შეხვედრებში დიდი მონდომება, ბრძოლის ჟინი და ორგანიზებულობა დავინახე.

- როგორც გვითხრეს, "სიონის" რამდენიმე მოთამაშით მინსკის "დინამო" დაინტერესდა.
- დიახ, დაინტერესება მართლაც იყო, მაგრამ ამ ეტაპზე ოთხივე საქართველოში დარჩება. კოკა მიკუჩაძე, ლადო ახალაია და ჰაიდუჩეკი კიდევ რამდენიმე სხვა კლუბსაც მოეწონა. ბოლო შეხვედრაში მინსკის "დინამოსთან" ბელარუსებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა დაჩი ფოფხაძემაც. სხვათა შორის, ფოფხაძე შეკრებაზე დაშავდა და მოედანზე გასვლა მხოლოდ ბოლოს შეძლო.

- უცხოელები დარჩენაზე როგორ დაიყოლიეთ?
- ძალიან გამიჭირდა, ყველასთან კონტრაქტი გაფორმებული არც გვქონდა, მაგრამ მეგობრული ლაპარაკითა და პირობების გაუმჯობესების დაპირებით დავითანხმე. სხვათა შორის, ჰაიდუჩეკს მარტო მინსკის "დინამო" კი არ იწვევდა, ჩვენთან ჩამოსვლის შემდეგ, "ტავრიაში" დაბრუნება შესთავაზეს, საპირი კი ისრაელის კლუბში მიიწვიეს.

- საერთოდ, საპირი და ჰაიდუჩეკი საქართველოში როგორ ჩამოიყვანეთ?
- ჰაუდუჩეკთან ერთად ორი წელი "ტავრიაში" ვთამაშობდით მე და ვასილ გიგიაძე და მისი შესაძლებლობები კარგად ვიცოდი. ჰაიდუჩეკის კანდიდატურა მწვრთნელს შევთავაზე, დაინტერესდა და მოვიყვანეთ. ასევე იყო საპირის შემთხვევაშიც.

მაგრამ მე მწვრთნელისგან დაუკითხავად მოთამაშეს არ დაველაპარაკები, რადგან კლუბში სტრუქტურა და ურთიერთობები უნდა დალაგდეს. ისეთს ხომ ვერ მივუყვან, რომელზეც წარმოდგენა არ ექნება.

ცხადია, მადა ჭამაში მოდის და მეტი სახსრები რომ გვქონდეს, უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელების მოწვევაც შესაძლებელი იქნებოდა.

- სახელმწიფოს დაფინანსებული კლუბების პრობლემა ბიუჯეტის არასტაბილურობაა, რისი შედეგიც არის ნახევარწლიანი კონტრაქტები და მუდმივად ცვალებადი შემადგენლობა.
- მაისის ბოლომდე კონტრაქტები მხოლოდ საპირისა და ჰაიდუჩეკს გავუფორმეთ, დანარჩენებს - ერთწლიანი. ლეგიონერები მაინც შეხედავენ ვითარებას, ჩვენი ჩემპიონატის დონეს და სეზონის შემდეგ დავილაპარაკებთ. ისინი მაინც მაღალი დონის მოთამაშეები არიან და ნებისმიერ დროს შეიძლება უკეთეს კლუბში გადავიდნენ. უფრო ხანგრძლივი ხელშეკრულებები ამიტომ არ აწყობდათ. მაგრამ შემპირდნენ, თასს თუ მოვიპოვებთ, დავრჩებითო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არმაზ ჯელაძე: "ედინსტვოსთან" მოგებაზე კი არა, მატჩის მშვიდობიანად დასრულებაზე ვფიქრობდით
მკითხველის კომენტარები / 2 /
შენ რა მონდომება და ჟIნი გქონდა სხვისაში რომ ხედავ ერთი მანახა რა
giorgi
19:20 23-02-2013
0
ფანებიც დავახმარებით თასის მოგებაში
giorgi1234567891011
15:31 23-02-2013
0

სიახლეები პოპულარული