გიგა ჟვანია - 77, ჯემალ გაბუნია - 14, ნოდარ კიკნაველიძე - 88, სანდრო გურული -17, ალექსანდრე კოშკაძე - 27, გიორგი ტყეშელაშვილი - 45, ბესიკ ჩიმაკაძე - 20.
ბათუმის "დინამოს" გია გურული წვრთნის და გუნდის ახალწვეული სანდრო მისი ვაჟი გახლავთ.
სანდრო მანამდე გორის "დილაში" თამაშობდა. ფეხბურთელის კარიერა საფრანგეთში დაიწყო - იყო "ლიონის" ახალგაზრდული გუნდის წევრი, მერე საფრანგეთის ქვედა ლიგების სხვადასხვა გუნდში თამაშობდა. შემდეგ ლვოვის "კარპატიში" გადავიდა.
იყო საქართველოს ახალგაზრდული
27 წლის სანდრო გურული, ალბათ, მნიშვნელოვნად გააძლიერებს უმაღლესი ლიგიდან არგავარდნისთვის მებრძოლ "ბათუმს".
პრეზენტაციის შემდეგ "ბათუმის" კიდევ ერთ ახალწვეულს, 24 წლის თავდამსხმელ ბესიკ ჩიმაკაძეს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" ითამაშე, რომელსაც ახლა "ბათუმზე" უკეთესი სატურნირო მდგომარეობა აქვს. რატომ გააკეთე არჩევანი აჭარულ გუნდზე?
- "ვიტ ჯორჯიაში" სამი წელი ვითამაშე და დგება მომენტი, როცა გუნდი უნდა შეიცვალო, სხვაგანაც მოსინჯო ძალა. ბათუმელთა მწვრთნელმა დამირეკა და თავისთან გადასვლა შემომთავაზა. ვფიქრობ, იქ უნდა წახვიდე, სადაც უფრო საჭირო ხარ. იმედი მაქვს, რომ მწვრთნელის ნდობასაც გავამართლებ და საკუთარ თავსაც დავაჯერებ იმაში, რომ ახალი გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ვარ.
- ბათუმის "დინამოს" მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის, ქვედა ექვსეულში ბოლოდან მეორე ადგილზეა. სხვა გუნდებიც მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ...
- რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, გაძლიერდეს და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. ბათუმის "დინამო" საკმაოდ შეკრული გუნდია და ეს ფაქტორი უმნიშვნელო ნამდვილად არ არის. არც კი ველოდი, ისეთი კარგი სიტუაცია თუ დამხვდებოდა ახალ გუნდში.
ვფიქრობ, თასის გათამაშებაშიც შეგვიძლია კარგად გამოსვლა. 26 თებერვალს შინ რუსთავის "მეტალურგს" ვეთამაშებით და ყველაფერს გავაკეთებთ თასის მეოთხედფინალში გასასვლელად.
ანტალიაში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. შეკრებაზე ეწყობი ახალ გუნდს, ფეხბურთელებმა ერთმანეთი უფრო კარგად გავიცანით. გუნდი ერთ მუშტად სწორედ შეკრებაზე იკვრება.
- არგავარდნისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტად რომელ გუნდს მიიჩნევ?
- ცხრილში ჩვენთან ყველაზე ახლოს ბოლნისის "სიონია". ვნახოთ, პირველი ტურები ბევრს გადაწყვეტს. ცხრილს თუ ჩავხედავთ, მარტვილის "მერანი" და "ვიტ ჯორჯიაც" იქვე არიან.
- "ვიტ ჯორჯიას" კონტრაქტის გაგრძელება არ შემოუთავაზებია?
- იყო ლაპარაკი "ვიტ ჯორჯიაში" დარჩენაზე, მაგრამ უკრაინაში მინდოდა კარიერის გაგრძელება. უკრაინის ვარიანტი რომ არ გამოვიდა, მერე გადავწყვიტე ბათუმის "დინამოში" მისვლა.
- ბათუმურ კლუბში "ვიტ ჯორჯიაზე" კარგი პირობებია?
- კი, პირობები აქ უკეთესია.
- ცენტრფორვარდი ბესიკ ჩიმაკაძე იქნება, რომელსაც ფლანგზე მოთამაშე ორი თავდამსხმელი დაეხმარება - შეტევაში ასე აპირებთ თამაშს?
- საკონტროლო მატჩებში არაერთი ვარიანტი გამოვცადეთ. ჩემი აზრით, გია გურული შემტევ სტილს აირჩევს. თავდასხმაში კი ალბათ მასე იქნება - ერთი გამოკვეთილი ფორვარდი და ორიც ფლანგებიდან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბესიკ ჩიმაკაძე: ლითონით მეც მითამაშია