რა თქმა უნდა, სეზონის ფინიშამდე ძალიან დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ ჩვენ ჩემპიონატს ჯერჯერობით საკმარისზე მეტი
..."სიურპრიზების მოლოდინი" - ასე დავასათაურეთ XI ტურის წინათქმა და არც შევმცდარვართ! მოკლედ, ჩემპიონატის სტარტიდან დაწყებული მოულოდნელობების ტენდენცია განვლილ ტურშიც გაგრძელდა და ყოველივე ამან სატურნირო ცხრილში სიტუაციის დაძაბვაც გამოიწვია. თუმცა, ვერც სხვა (ამ შემთხვევაში აშკარად უარყოფითს) ფაქტს გავექცევით, რასაც შედეგიანობის კლება ჰქვია. ჩემპიონატის დაწყებიდან ორ თვეზე ოდნავ მეტია გასული და დღემდე, ყოველ ტურში საშუალოდ 12 გოლი გადიოდა (მინიმალური მაჩვენებელი 10 იყო, მაქსიმალური - 15); და აი, გასულ ტურში შედეგიანობის ანტირეკორდიც დამყარდა: ხუთ შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 3 გოლი გავიდა! იმედი დავიტოვოთ, სეზონის ბოლომდე ეს ანტირეკორდი რომ აღარ გაუმჯობესდბა და ფეხბურთელებმაც თავიანთი ერთგული ქომაგები გოლებით გაახარონ. არადა, წინა სეზონს თუ შევადარებთ, ერთადერთი შემთხვევა იყო, ტურში 4 გოლი რომ გავიდა.
სამაგიეროდ, ასევე ერთხელ მოხდა, როცა ჩვენი ფეხბურთელები მართლაც "განსაკუთრებულ ხასიათზე" აღმოჩნდნენ და ერთ კონკრეტულ ტურში... 23 გოლით გაგვანებივრეს. ანუ, ელემენტარულ მათემატიკას თუ მოვიშველიებთ, გამოვა, რომ თითოეულ შეხვედრაში, საშუალოდ, ოთხ გოლზე მეტი გავიდა. ყველაზე უცნაურად კი, ალბათ, მაინც ის ფაქტი გვეჩვენება, რომ წინა სეზონის ის მართლაც შთამბეჭდავი შედეგიანობა 2009 წლის 17-18 ოქტომბერს ჩატარებულ ... XI ტურში დაფიქსირდა! და აი, ერთი წლის მერე აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მივიღეთ - ისევ XI ტური, ოღონდ ხუთ შეხვედრაში გატანილი სამად-სამი გოლი!.. ჰოდა, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამ ტურში გატანილი სამივე გოლის გამტანს ჩვენ ტრადიციულ სიმბოლურ ნაკრებში გარანტირებული ადგილი რომ ექნებოდა, ვფიქრობთ, არავის გაუკვირდება; ისე როგორც ტურის მწვრთნელად კახა კაჭარავას დასახელება არავის უნდა გაკვირვებოდა...
კაჭარავას სტატისტიკა
როდესაც კონკრეტულ ტურში ერთმანეთს "ზესტაფონი" და "დინამო" ხვდებიან, სხვა დანარჩენი მატჩები, გარკვეულწილად, ჩრდილში მოექცევიან-ხოლმე; და, ასე გრძელდება მას მერე, "ზესტაფონი" უმაღლეს ლიგაში რომ გამოჩნდა. თანაც, ამ შემთხვევაში ურთიერთდაპირისპირებათა სტატისტიკა, ერთის მხრივ, გარკვეულ ძალთა თანაფარდობას კი ასახავს ("დინამოს", უკვე საგრძნობი უპირატესობა აქვს - 11 მოგება, 3 ფრე და 5 წაგება), მაგრამ, ისიც სათქმელია, რომ მეტოქეთა ნებისმიერი დაპირისპირების წინ წყვილში ფავორიტად ვერც ერთ გუნდს მივიჩნევთ.
ასე იყო ახლაც: იმის მიუხედავად, რომ "ზესტაფონი" ერთპიროვნული ლიდერის რანგში მასპინძლობდა პრინციპულ მოწინააღმდეგეს და პირველ წრეში ბოლო წუთზე წაგებული მატჩის გამო რევანშის სურვილითაც იყო შეპყრობილი, შეხვედრის წინ ორივე გუნდის შანსები მაინც მეტ-ნაკლებად თანაბრად ფასდებოდა. არც ის იყო უმნიშვნელო მომენტი, რომ "ზესტაფონი" წინა ტურში დამარცხდა და საჩემპიონო ამბიციების მქონე გუნდი ზედიზედ მეორე შეხვედრას თუ წააგებდა, ძნელი წარმოსადგენი იყო. თანაც, "დინამოსთან" მატჩამდე გია გეგუჩაძის გუნდს საკუთარ მოედანზე 100-პროცენტიანი შედეგი ჰქონდა: ოთხ მატჩში 4 გამარჯვება!
ტურის ცენტრალური მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის ეთერით გადაიცემოდა და, აქედან გამომდინარე, შეხვედრის პერიპეტიების დაწვრილებით გარჩევას აღარ შევუდგებით. უბრალოდ, შევეცდებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვან და... განსაკუთრებულ ასპექტებზე ვისაუბროთ. ორივე გუნდის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები რომ იქნებოდა, ამას ყველა "შეგუებული" ვიყავით (დისკვალიფიკაციის გამო ტურის ცენტრალურ მატჩს გიორგი ხიდეშელი, ირაკლი ძარია და დონალდ ჯუისი ტოვებდნენ); თუმცა, გია გეგუჩაძემაც და მისმა კოლეგამ კახა კაჭარავამაც ერთმანეთსაც და გულშემატკივრებსაც გარკვეული სიურპრიზები შესთავაზეს: წინა ტურისგან განსხვავებით, "ზესტაფონის" ძირითადში კახა ალადაშვილი და შოთა ბაბუნაშვილი გამოჩნდნენ (შესაბამისად, ალექსი ბენაშვილისა და ჯაბა დვალის ნაცვლად), აი, "დინამოს" შემადგენლობა საგრძნობლად კი არა რადიკალურად შეცვლილი იყო! "დინამოს" ქომაგებისათვის, რაღა თქმა უნდა, უპირველესი სიურპრიზი ტრავმამოშუშებული ორი ახალგაზრდა შემტევის - მათე ვაწაძისა და რობერტინიოს გამოჩენა იყო; ამათ გარდა, კახა კაჭარავამ კიდევ 3 ახალი ფეხბურთელი დააყენა: ლევან კაკუბავა ძირითადში დისკვალიფიკაციის მოხდის მერე დაბრუნდა, ხოლო ნიკა ფირცხალავამ და გიორგი თექთურმანიძემ, შესაბამისად ირაკლი ლილუაშვილისა და დავით მუჯირის ადგილები დაიკავეს.
ახალი ფეხბურთელების გამოჩენით "დინამოში" გარკვეული ტაქტიკური გადადგილებებიც მოხდა: ლევან ხმალაძე აქამდე თუ "საყრდენად" თამაშობდა, ამჯერად ისევ დაცვის მარცხენა ფლანგზე გამოჩნდა. საერთო ჯამში, "დინამომ" ისეთი შემტევი შემადგენლობით ითამაშა, ფაქტი იყო, რომ სტუმრები ყრუ დაცვაში არ "ჩაჯდებოდნენ" და მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე არ იზრუნავდნენ. ასეც მოხდა და ის ფაქტი, რომ ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე მართლაც არცთუ ურიგო მატჩი ვიხილეთ, ორივე გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელთა დამსახურებაა. რაც მთავარია, ორივე გუნდს ძირითადი აქცენტი შეტევაზე ჰქონდა გაკეთებული და ამ მართლაც საინტერესო შეხვედრაში უფრო მეტი გოლი რომ ვერ ვიხილეთ, რაღა თქმა უნდა, მეკარეების დამსახურებაა. ერთის მხრივ, ეს ფაქტი არც არავის უნდა გაჰკვირვებოდა: როინ კვასხვაძეც ("ზესტაფონი") და გიორგი ლორიაც ("დინამო") XXII ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეობაზე აბსოლუტურად სამართლიან პრეტენზიას აცხადებენ და ყოველივე ეს ამ მატჩმაც დაადასტურა. მატჩმა, რომელმაც უდიდესი ინტრიგა დატოვა: "ზესტაფონსა" და "დინამოს" ერთნაირი ქულები დაუგროვდათ და გია გეგუჩაძის გუნდი პრინციპულ მეტოქეს მხოლოდ მოგებათა მეტი რაოდენობით ასწრებს. ანუ, საჩემპიონო რბოლა გრძელდება და აქვე, მცირე სტატისტიკაც გვინდა მოვიშველიოთ. კახა კაჭარავა "დინამოს" მთავარ მწვრთნელად შარშან, აპრილის დასაწყისში დაინიშნა და იმის მერე, შვიდჯერ დაუპირისპირდა "ზესტაფონს"; ჰოდა, მართლაც შთამბეჭდავ შედეგთან გვაქვს საქმე: კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით "დინამომ" 6 (!) მატჩი მოუგო "ზესტაფონს" და მხოლოდ ერთადერთხელ წააგო!..
მშვიდობიანი შაბათი...
ამ ტურამდე კიდევ ერთ გუნდს ჰქონდა საშინაო შეხვედრებში ასპროცენტიანი შედეგი: ხუთიდან ხუთი მოგებით "ოლიმპი" საჩემპიონო გრაფიკით მოძრაობდა, მაგრამ ეს წარმატებული წინსვლა შეჩერდა! ჰო, "ოლიმპი"-"ტორპედოს" მატჩსაც არანაკლები ინტრიგა ახლდა: მასპინძელთა მთავარი მწვრთნელი რამაზ მუმლაძე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ... სტუმართა გუნდს ხელმძღვანელობდა; სამწუხაროდ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, მუმლაძემ "ტორპედოში" ის შედეგი ვერ უჩვენა, მისგან რომ ელოდნენ. თუმცა, არც ის იყო უმნიშვნელო ფაქტი, რომ ასეთი კვალიფიკაციის სპეციალისტი უმუშევარი დიდხანს არ დარჩენილა და ჩემპიონ გუნდში დაინიშნა. დებიუტი შთამბეჭდავი გამოუვიდა, მაგრამ აი, თავის მეორე ყოფილ გუნდს ვერ აჯობა - "ტორპედომ" ეს ქულა ნამდვილად დაიმსახურა და იმის მიუხედავად, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, საყაიმო შედეგი, მაინც ლოგიკურად მიგვაჩნია.
რა თქმა უნდა, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა შემდგომი მოვლენები, პირველი ტაიმის მიწურულს გიორგი ბერიაშვილს უაღრესად ხელსაყრელი მომენტი რომ გამოეყენებინა: "ოლიმპის" ცენტრფორვარდის და სტუმართა მეკარის ომარ მიგინეიშვილის "დუელი" ამ უკანასკნელის გამარჯვებით დამთავრდა. "ოლიმპს" მეორე ტაიმშიც ჰქონდა რამდენიმე მომენტი და როგორც ყოველთვის, კვლავაც აქტიურობდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე; თუმცა, მასპინძელთა ფეხბურთელები დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლებდნენ და ესეც რომ არ ყოფილიყო, მეტოქის ორგანიზებული თამაშიც ხელისშემშლელ ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ. "ტორპედომ" თამაში განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოასწორა, რაც, უპირველეს ყოვლისა, სწორი შეცვლებით იყო განპირობებული: ვაჟა ლომაშვილმა მოედნის ცენტრი გაამაგრა, ხოლო ვახტანგ კვარაცხელია თავის "საფირმო" თავური დარტყმებით ორჯერ დაემუქრა ქართული ფეხბურთის დამსახურებული ვეტერანის, 37 წლის გრიგოლ ჭანტურიას კარს. ასე და ამრიგად, გია გიგატაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ტორპედო" კვლავაც აგრძელებს წაუგებლად ასპარეზობას!
თუმცა, საკადრო ცვლილებებს დადებითად მხოლოდ "ტორპედოს" შედეგებზე არ უმოქმედია: ფინანსური კრიზისის გამო ლამის დაშლის პირას მისულმა "ბაიამ", ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ, ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და მეოთხე ადგილზეც დამკვიდრდა! თანაც, ელგუჯა ქომეთიანის გუნდში, ისე როგორც წინა ტურის შეხვედრაში "სიონთან", ახლაც, მხოლოდ ადგილობრივმა ფეხბურთელებმა იასპარეზეს (უმრავლესობა ახალგაზრდები რომ იყვნენ) და ამჯერზეც გაიმარჯვეს! აღსანიშნავია, რომ ერთადერთი გოლის ავტორი კვლავაც დათა რიგვავა გახლდათ: ახალგაზრდა მარჯვენაფლანგელი ამ სეზონში მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა "ბაიას" ძირითადში და ამ ორ მატჩში მეტოქეთა კარში 3 გოლი გაიტანა! აი, "ვიტ ჯორჯიაზე" კი რა უნდა ვთქვათ: მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა ზედიზედ 4 შეხვედრა ისე წააგო, მოწინააღმდეგის კარში გოლის გატანასაც ვეღარ ახერხებს. თუმცა, არც ის დაგვავიწყდეს, "ბაიასთან" მატჩამდე "ვეტერინარებს" სამი ურთულესი შეხვედრა რომ ჰქონდათ: "დინამოსთან", "ზესტაფონთან" და "ოლიმპთან".
...და ხმაურიანი კვირადღე
ზემოთ რომ ვისაუბრეთ, ის სამივე მატჩი შაბათს ჩატარდა და მწირი შედეგიანობის გარდა იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ მართლაც მშვიდობიანად დამთავრდა! რაც მთავარია, სამსაჯო საკითხი შაბათის არც ერთ მატჩში აქტუალური არ ყოფილა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით კვირას ჩატარებულ ორ მატჩზე...
ტურის წინათქმაშიც ვივარაუდეთ, რომ "სამტრედიისა" და "სპარტაკის" შეხვედრა "ჩვეულებრივი" მატჩი არ უნდა ყოფილიყო: ორივე გუნდის უმთავრესი მიზანი ხომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და, ამიტომაც აუტსაიდერთა ეს დაპირისპირება თავიდანვე შეფასდა, როგორც ექვსქულიანი თამაში. მატჩიც, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მართლაც დაძაბულად და უშეღავათოდ წარიმართა და ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა; და აი, მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ პირველი წრის მსგავსად კვლავაც საყაიმო ანგარიში დაფიქსირდებოდა, მასპინძლებმა ესოდენ საჭირო გოლის გატანა შეძლეს. თანაც, ყველაფერი ეს მსაჯის მიერ დამატებულ დროში მოხდა: შეცვლაზე შემოსულმა დავით კირკიტაძემ თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა! აღსანიშნავია, რომ 18 წლის ნახევარმცველმა ამ სეზონში მეორე გოლი გაიტანა და ეს ორივეჯერ შეცვლაზე შემოსულმა მოახერხა. მოკლედ, "სამტრედიას" მთავარ მწვრთნელს გელა სანაიას ეფექტიანი შეცვლების გაკეთება ნამდვილად არ ეშლება. მოვლენების ასეთი განვითარებით, რაღა თქმა უნდა, უკმაყოფილონი იქნებოდნენ სტუმართა გუნდის წარმომადგენლები: მათი აზრით, მასპინძლებმა გოლი რომ გაიტანეს, მსაჯის მიერ დამატებული წუთები უკვე ამოწურული იყო...
მსაჯობის უკმაყოფილებას უფრო მასშტაბური სახე ფოთში ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში "კოლხეთის" მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ მატჩის შემდეგ ისეთი კომენტარი გააკეთა, ჩვეულებრივ სიტყვებს რომ ვერავინ დაარქმევდა. მწვრთნელის რეაქციას რა უშავდა: მასპინძელთა ქომაგები იმდენად იყვნენ აღშფოთებული არაობიექტური მსაჯობით (მათი აზრით), რომ მატჩის დასრულების შემდეგ არბიტრთა ბრიგადა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა "სამშვიდობოს გასვლას". ამასთან, რაც ყველაზე ცუდია, ჩვენ კოლეგებს თავიანთი პროფესიული საქმიანობის შესრულებაშიც ხელი შეუშალეს; მოკლედ, ერთი შეხედვით, "ჩვეულებრივი მატჩი", ცოტაც და უდიდესი სკანდალით დამთავრდებოდა. სხვათა შორის, საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგამ გუშინვე საგანგებო განცხადება გააკეთა და ფოთში მომხდართან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ჩვენის მხრიდან კი, უკვე არაეთგზის ნათქვამს გავიმეორებთ: ჯერჯერობით მხოლოდ 11 ტურია გასული და თითქმის ყოველ კვირას "რაღაც განსაკუთრებული" ხდება ჩვენს სტადიონებზე; ჰოდა, ადვილი წარმოსადგენია, მსაჯობითა და თუ "სხვა გარეშე ძალების" გამო აღშფოთებულ გულშემატკივართა თუ მწვრთნელ-ფეხბურთელთა ქმედებები, ფინიშისკენ რა ფორმებს მიიღებს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"