ჩვენი ფეხბურთის მორიგი "ბოქსინგ დეი"!..

AutoSharing Option
გუშინ წინა ტურის მიმოხილვა შემოგთავაზეთ, დღეს უკვე მომდევნო ტურის მატჩებია, სამ დღეში კიდევ ერთი ტური გველოდება, - ესეც, ქართული ფეხბურთის მორიგი "ბოქსინგ დეი"! არადა, ვერც გაგვიხსენებია, სეზონის პირველი ნახევარში ჩვენ გუნდებს მსგავსი შემჭიდროებული გრაფიკით ეასპარეზათ; ჰო, ისეთი შემთხვევებიც მრავლად გვახსენდება, როცა მარტში ან აპრილში ოთხ დღეში ერთხელ ჩატარებულა მატჩები; მაგრამ, ეს ყველაფერი ობიექტური მიზეზებით ყოფილა განპირობებული.

თუმცა, ახლაც საპატიოზე-საპატიო მიზეზის გამო შეიცვალა ჩვენი ჩემპიონატის კალენდარი: XIV ტური 13-14 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სანაკრებო ინტერესების გათვალისწინებით დღეისთვის გადმოიტანეს. სხვისი რა მოგახსენოთ
და, ჩვენ ეს აბსოლუტურად სწორ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია: 17 ნოემბერს, სლოვენიასთან ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობის ძირითადი ბირთვი ხომ სწორედ ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებმა უნდა შეადგინონ. მოკლედ, ჩვენი უპირველესი გუნდის მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას სურვილი, ეროვნული ჩემპიონატიდან ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელებისთვის ერთკვირიანი შეკრება მოეწყო, გათვალისწინებულ-დაკმაყოფილებულია.

ჰოდა, დღეს XIV ტურს ჩავატარებთ, XII კი კვირას, 31 ოქტომბერს გაიმართება; ყოველივე ეს ალბათ, დამატებითი სტიმული უნდა იყოს ჩვენს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებისათვის - ბოლოს და ბოლოს, მონდომებას არავინ დაუკარგავთ და თითოეული კანდიდატიც, ალბათ, ორმაგად მოტივირებული იასპარეზებს დღევანდელ თუ მომდევნო ტურის მატჩებში. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ჯერჯერობით საბოლოო სია არ გამოუქვეყნებია და ქართულ მედიაში, სავარაუდო კანდიდატებზეა საუბარი; თუმცა, არ დავმალავთ და იმ სავარაუდო კანდიდატთა შორისაც არის რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომელთა ნაკრებში გამოძახებასაც... ნამდვილად არავინ მოელოდა. მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ კანდიდატების შერჩევა მხოლოდ და მხოლოდ მწვრთნელთა პრეროგატივაა და კონკრეტული ჟურნალისტი რას ფიქრობს ამის თაობაზე, ბევრისთვის, ალბათ, ნაკლებად საინტერესოა. თუმცა, დარწმუნებული ვართ: როცა უახლოეს დღეებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გამოქვეყნდება, არაერთი კითხვაც გაჩნდება...

...საქართველოს ნაკრები უმთავრესი საფიქრალ-საზრუნავია, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატსაც ნუ დავივიწყებთ; ოღონდ, ვიდრე დღევანდელი ტურის წინათქმას შემოგთავაზებდეთ, გვინდა, რომ მართლაც... "მშვიდობიანი" ტური ვისურვოთ! ყოველ შემთხვევაში, წინა ტურისგან ყველაფრით განსხვავდებოდეს: მსაჯებსაც "თავისუფლად" დაეტოვოთ მოედანი თუ სტადიონის ტერიტორია, ჩემპიონატის მონაწილე გუნდებსაც არანაირი პრეტენზია არა ჰქონოდეთ (ჩათვლილ თუ არჩათვლილ გოლებზე, დასანიშნ თუ არდასანიშნ პენალტებზე, გასაფრთხილებელ-გასაძევებელ თუ არგასაფრთხილებელ-არგასაძევებელ ფეხბურთელებზე და ასე შემდეგ) და, რაც მთავარია, ჩვენ ჩემპიონატში შედეგიანობა მომატებულიყოს! აბა, ის რა ფეხბურთია, ხუთ მატჩში მხოლოდ და მხოლოდ 3 გოლი რომ გადის? მოკლედ ზედმეტი ხმაურისა და ულტიმატუმების (ერთ-ერთი გუნდი სულაც ჩემპიონატის მიტოვებით იმუქრება) გარეშე ჩაევლოს ამ ტურს და ჩვენს მწვრთნელ-ფეხბურთელებს საკუთარი ამბიციები... მოედანზე დაემტკიცებინოთ...


ვიტ ჯორჯია-სიონი
ჯერ კიდევ ერთი თვის წინათ ”ვიტ ჯორჯიაზე” მხოლოდ აღმატებულ ხარისხში ვლაპარაკობდით: მერაბ კოჭლაშვილის გუნდზე მეტი ქულა მხოლოდ ”ზესტაფონს” ჰქონდა; თუმცა, 24 სექტემბრის შემდეგ ”ვეტერინარებმა” ზედიზედ 4 მატჩი წააგეს და... სახიფათო ზონასაც მიუახლოვდნენ! არადა, უმაღლეს ლიგაში ამ გუნდს ყოველთვის განსხვავებული მიზნები ჰქონდა და ამიტომაც ჩამოყალიბდა კიდეც ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და სტაბილურ ქართულ კლუბად. თუმცა, ეს სეზონი მაინც განსაკუთრებულად უნდა მივიჩნიოთ: ფაქტობრივად, განახლებულ-გაახალგაზრდავებული შემადგენლობით მოასპარეზე ”ვიტ ჯორჯიას” მთავარი ნაკლი გამოუცდელობასთან ერთად არასტაბილურობაც არის. თანაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, გუნდმა ფაქტობრივად, ვერცერთ შეხვედრაში ვერ ისპარეზა ოპტიმალური შემადგენლობით და ბოლოდროინდელი წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი ესეც უნდა იყოს.

რაღა თქმა უნდა, მეტოქეთა ფაქტორიც უნდა ვახსენოთ: ”ვიტ ჯორჯიას” ხომ ზედიზედ მოუწია ჩემპიონატის სამივე ფავორიტთან (”ზესტაფონი”, ”დინამო”, ”ოლიმპი”) პაექრობამ, თანაც სამივე შეხვედრა 8 დღის განმავლობაში ჩაატარა. ახლა კი, ”ვეტერინარებს” ზედიზედ ორი საშინაო მატჩი ელოდებათ და ორივე სატურნირო ცხრილის ”მეზობლებთან”; თუმცა, იმასაც ვერავინ იტყვის, რომ ”სიონთან” შეხვედრაში მასპინძლები უპირობო ფავორიტები იქნებიან; ჯერ ერთი, ბოლნისელთა გუნდი ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე კვალიფიციური და გამოცდილი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული; ამას გარდა, ამ სეზონში ”სიონის” შესაძლებლობები ”საკუთარ თავზე” თითქმის ყველა ფავორიტმა გამოსცადა. ოღონდ, ”ვიტ ჯორჯიას” მსგავსად, ”სიონიც” ვერ გამოირჩევა სტაბილურობით.


სპარტაკი-ოლიმპი
აბსოლუტურად განსხვავებული მიზნების მქონე გუნდების ეს შეხვედრა საკმაოდ დიდ ინტრიგას გვპირდება: ”სპარტაკი” ყველა ღონეს ხმარობს, რომ როგორმე თავი დააღწიოს სატურნირო ცხრილის ფსკერს, ”ოლიმპს” კი კვლავაც საჩემპიონო ამბიცია აქვს. თანაც, დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდი არცთუ კარგ ხასიათზე ხვდება: ”სპარტაკის” მწვრთნელ-ხელმძღვანელები დღესაც მიიჩნევენ, რომ ფოთშიც და სამტრედიაშიც მატჩები მხოლოდ და მხოლოდ მსაჯების ტენდენციურობის გამო წააგეს. ეგ კი არა, კლუბის ხელმძღვანელობა სერიოზულად ფიქრობს უკიდურეს ზომაზეც - ”ჩვენი კლუბის წინააღმდეგ მსგავი ქმედებები თუ კიდევ გაგრძელდა, ჩემპიონატს მივატოვებთო! აბა როგორი საქმეა, ასეთ განცხადებას... ჩემპიონატის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ რომ მოვისმენთ?

არადა, გუნდის მთავარ მწვრთნელად ბადრი კვარაცხელიას დანიშვნის შემდეგ ”სპარტაკის” თამაშში გარკვეული პროგრესი აშკარად შეინიშნება და, უპირველეს ყოვლისა, უკანახაზელთა საიმედო თამაშს ეხება: ბოლო სამ შეხვედრაში გუნდმა საკუთარ კარში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა; თუმცა, გამოცდილი მეკარის სოსო გრიშიკაშვილისა და მცველების დამაჯერებელი ასპარეზობა წარმატების მისაღწევად საკმარისი ნამდვილად არ არის - ”სპარტაკს” შეტევაში სერიოზული პრობლემები აქვს და გუნდს აუცილებლად სჭირდება შედეგიანი თავდამსხმელი.

აი, რაც შეეხება ქვეყნის ჩემპიონ ”ოლიმპს”, რამაზ მუმლაძის გუნდს ურთულესი კვირა ეწყება: დღეს ნამდვილად არცთუ იოლი მატჩი აუტსაიდერს ”სპარტაკთან”, შემდეგ ორი ერთმანეთზე პრინციპული დაპირისპირება ”დინამოსთან” და ”ზესტაფონთან”! ისე, ცოტა არ იყოს, უცნაურია, მაგრამ, ფაქტია: ჩემპიონ გუნდს კვლავაც უჭირს კონკრეტული მატჩის განაცხადში... 18 ფეხბურთელის შეყვანა. ახლაც, მორიგი საკადრო პრობლემა დაემატა: ამ სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა, ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი დისკვალიფიცირებულია. და კიდევ: ამიერიდან ”სპარტაკი” საშინაო შეხვედრებს კვლავაც გორში, ”ქართლის” სტადიონზე ჩაატარებს.


ტორპედო-სამტრედია
”იმერული დერბი” დიდ ინტერესს იწვევს: ერთმანეთს ხომ სატურნირო ცხრილის ”მეზობლები” ხვდებიან. ამას გარდა, ბოლო დროს ორივე გუნდმა საგრძნობლად გამოასწორა თამაშის ხარისხი და ყველაფერი ეს შედეგზეც აისახა: ”ტორპედომ” ბოლო ოთხი შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა და არცთუ იოლ მეტოქეებთან 8 ქულა მოაგროვა; არც ”სამტრედიას” დაეწუნება შედეგი: გელა სანაიას გუნდმა უკანასკნელ სამ ტურში 7 ქულაKაიღო და თავისი ერთგული ქომაგების გასახარად, სატურნირო მდგომარეობაც მკვეთრად გაიუმჯობესა. ისე, ქომაგები შემთხვევით არ გვიხსენებია: ორივე გუნდის საშინაო მატჩები, როგორც წესი, სრული ანშლაგით მიმდინარეობს; ამას გარდა, ქუთაისელი და სამტრედიელი გულშემატკივრები თავიანთ საყვარელ გუნდებს ყურადღებას გასვლით მატჩებშიც არ აკლებენ. მოკლედ, დღეს ქუთაისის სტადიონის ტრიბუნებზე კვლავაც რამდენიმე ათას გულშემატკივარს უნდა ველოდოთ, თანაც, მასპინძლებს ხომ რევანშის სურვილიც ექნებათ პირველ წრეში განცდილი მარცხისათვის. თუმცა, ”ტორპედოს” მთავარ მწვრთნელს გია გიგატაძეს (ამ წაუგებელი სერიის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს) დღევანდელ მატჩში თავის გუნდში საკადრო პრობლემის გადაჭრა მოუწევს: თორნიკე თარხნიშვილი და ვახტანგ კვარაცხელია მასპინძელთათვის საკვანძო ფეხბურთელებად მიიჩნევიან და მათი სრულფასოვნად შეცვლა არც ისე იოლი იქნება. ასევე დისკვალიფიცირებულია სტუმართა გუნდის ფორვარდი პაატა ბაკარანძე, თუმცა, ”სამტრედიის” მთავარ მწვრთნელს გელა სანაიას ამ სეზონში თავისი გუნდის შემადგენლობაში როტაცია არაერთხელ მოუხდენია და ხშირ შემთხვევაში, გამართლებული ნაბიჯიც აღმოჩენილა.


ბაია-ზესტაფონი
წესით, ამ წყვილში მასპინძელი ”ზესტაფონი” უნდა ყოფილიყო, მაგრამ ორივე კლუბის ურთიერთშეთანხმებით დღევანდელი მატჩი ზუგდიდში ჩატარდება, სამაგიეროდ, მეოთხე წრეში უკვე გია გეგუჩაძის გუნდი მიიღებს საკუთარ მოედანზე ”ბაიას”. ამის მიზეზი კი ზესტაფონის მოედნის საფარის გამოცვლაა - ”დინამოსთან” მატჩშიც ნათლად ჩანდა, რომ იდეალურ მდგომარეობამდე ბევრი უკლია. რა თქმა უნდა, მაღალხარისხიან საფარზე თამაშს არაფერი ჯობს, თუმცა, საკუთარ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების გამო ”ზესტაფონს” ურთულესი გრაფიკი შეექმნა: ზედიზედ 4 მატჩი სტუმრად უნდა ჩაატაროს! ეს შეხვედრები კი, ყველაფერს თუ არა, ძალიან ბევრ რამეს გაარკვევს საჩემპიონო რბოლაში; მით უფრო, ჯერ კიდევ სულ ცოტა ხნის წინ კონკურენტებთან არსებული უპირატესობა ამჟამად მხოლოდ ერთ ქულამდე დავიდა; ყველაფერი კი ზედიზედ ორ წაგებას მოჰყვა, თუმცა გია გეგუჩაძის გუნდს რომ უდიდესი პოტენციალი აქვს, ვფიქრობთ, საკამათო არავისთვის უნდა იყოს. აღარაფერს ვამბობთ შემადგენლობაზე: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, წინასწარი ვარაუდით, სლოვენიასთან ამხანაგური მატჩისათვის საქართველოს ნაკრებში ”ზესტაფონის” ერთდროულად შვიდი ფეხბურთელი შესაძლოა ვიხილოთ!

...”ბაია” კი კვლავაც აგრძელებს ყველას გაოცებას: სეზონის დაწყებიდან დღემდე ამ გუნდში მოვლენები მართლაც ”კატასტროფული” ტემპით და უცნაურზე-უცნაური სცენარით იცვლება თუ ვითარდება! ჯერ იყო და, ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდში, ”დიდი ზარ-ზეიმით” ლამის ორ ათეულამდე (!) ახალი ფეხბურთელი მიიყვანეს, მათგან უმრავლესობას უდიდესი გამოცდილება რომ გააჩნდა. მერე, რვა თუ ცხრა ტურის შემდეგ გაირკვა, რომ ”ბაიას” თურმე... სერიოზულზე-სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონია! ჰოდა, ყველა ამ მოწვეულმა ფეხბურთელმა უარი თქვა სავარჯიშო პროცესზე და ”ბაიამ” ჩემპიონატის ბოლო 2 მატჩი მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელებით ჩაატარა; შედეგები კარგად იცით: ზუგდიდურმა გუნდმა ორივე ის მატჩი მოიგო და ახლა თავისთვის მართლაც საპატიო მეოთხე ადგილზე სავსებით სამართლიანად იმყოფება!


დინამო-კოლხეთი
ბოლო ტურში განვითარებულმა მოვლენებმა ”კოლხეთი” განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა; რაღა თქმა უნდა, ”კოლხეთი”-”სპარტაკის” მატჩის შემდეგ მომხდარ არცთუ სასიამოვნო ფაქტს ვგულისხმობთ, როცა მასპინძელთა ქომაგები ტენდენციური მსაჯობის გამო აღშფოთებას ვერ მალავდნენ. არბიტრთა ქმედებებს სპეციალური ორგანო შეისწავლის და, იმედია, სათანადო და, რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებებსაც გამოიტანს; თუმცა, ის კი ფაქტია, რომ ტურიდან-ტურამდე არ წყდება მსაჯობით აღშფოთებულთა საჯარო პრეტენზიები (ზოგი - დასაბუთებული, ზოგიც - დაუსაბუთებელი). არადა, ყოვლივე ამით... გუნდები ზარალდებიან, თუნდაც ”კოლხეთი”, ზედიზედ მეორე ტურია, წამყვანი ფეხბურთელები რომ უნდა მოისაკლისოს. მიზეზი კი დისციპლინარული სასჯელებია: აბა, როგორი საქმეა სტუმრად ”დინამოსთან” ითამაშო და შემადგენლობაში ორი წამყვანი შემტევი (დათა სიჭინავა, რევაზ ჯიქია) არ გყავდეს? არადა, ბესიკ შეროზიას მართლაც არა ჰყავს ურიგო გუნდი და ”კოლხეთის” სიძლიერე საკუთარ თავზე ბევრმა უკვე გამოსცადა. თანაც, ყველაფერი ეს ხდება არცთუ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობის ფონზე და ”კოლხეთის” წარმატებული ასპარეზობაც ამის გამოა ერთი-ორად დასაფასებელი.

”დინამოს” კი მშვენიერი შანსი ეძლევა ”არასტაბილური გუნდის იმიჯი” რომ თავიდან მოიშოროს: კახა კაჭარავას გუნდს ზედიზედ 3 საშინაო შეხვედრა უწევს და ამ მატჩებში ქულათა მაქსიმუმის მოგროვების შემთხვევაში, საჩემპიონო ამბიციებიც აშკარად რეალურ სახეს მიიღებს. არანაკლებ დადებით მოვლენად მიგვაჩნია ის ფაქტიც, რომ "დინამოში" საკმაოდ სერიოზული კონკურენციაა: ყველაზე თუ არა, სულ მცირე, შვიდ-რვა პოზიციაზე თითქმის თანაბარი ძალის ფეხბურთელები აცხადებენ პრეტენზიას. აი, ახლაც, დისკვალიფიკაციის გამო მატჩის გამოტოვება მოუწევთ ნიკა ფირცხალავასა და რობერტინიოს, მაგრამ კახა კაჭარავას ამ ორი წამყვანი მოთამაშის სრულფასოვანი შემცვლელებით ჩანაცვლება არ უნდა გაუჭირდეს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"









მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული