მერანი-დინამო (ბთ) 0:1 - ოცნების გემის დაბრუნება

AutoSharing Option
მარტვილის "მერანისა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრის წინ გუნდების წარმომადგენლებს შორის მცირე ექსცესი მოხდა. კონკრეტულად: სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა გია გურულმა საჯარიმო მოედნის ზომებში ეჭვი შეიტანა და მისი დაზუსტება მოითხოვა.

მატჩის ორგანიზატორებმა, მსაჯებმა და კომისარმა გურულის მოთხოვნა დაუყოვნებლივ აღასრულეს. შედეგად, აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი საჯარიმოს ზომა სტანდარტთან შედარებით 3 სანტიმეტრით ნაკლები იყო.

ყოველი შემთხვევისათვის, სტადიონი თავიდან დაიხაზა და პრობლემაც მოგვარდა.

მატჩი მთლიანობაში დაძაბულად და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საგოლე მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა. თუმცა უფრო მონდომებულები სტუმრები აღმოჩნდნენ.

Sportall.Geმივყვეთ თანმიმდევრულად: თავდაპირველად გუნდებმა ერთმანეთი
დაზვერეს. თამაში მოედნის ცენტრის სიახლოვეს მიმდინარეობდა. მე-7 წუთზე კი მეტოქის საჯარიმოში მეგრელაძემ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, ბურთი იქვე მყოფ ლაშა კუჭუხიძეს დაუგორა, რომელმაც უხეიროდ დაარტყა.

მოგვიანებით სტუმრებმა წამოიწყეს შეტევა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში ალექსანდრე კოშკაძემ ვერ ივარგა. ნახევარი საათი გასული იყო, როდესაც პაპუნა ფონიავას გადაცემის შემდეგ გია მეგრელაძე დაემუქრა მარჯვნიდან ივან პიცანის კარს, თუმცა უკრაინელმა ლეგიონერმა ჩინებული რეაქცია გამოავლინა.

გატანის შანსი ჰქონდა ამირან მუჯირსაც. მისი დარტყმული სანტიმეტრებით ასცდა მარტვილელთა კარს.

ზუსტად ერთ წუთში მასპინძელთა მცველების დაუდევრობას კვლავ ხიფათი მოჰყვა: ბესიკ ჩიმაკაძემ, ფაქტობრივად, ცარიელ კარს ააცილა ბურთი. ტაიმის ბოლოს რეალური მომენტი ჰქონდათ მასპინძლებსაც: ცოტნე ბუკიას მიერ შესრულებულ სტანდარტს ვალერი იობაშვილი გამოეხმაურა, თუმცა აშკარად არ გაუმართლა. ბურთი სასწაულებრივად ასცდა ბათუმელთა კარს.

იმის მიუხედავად, რომ "მერანი" მეორე ტაიმშიც ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, მოწინააღმდეგის კართან მიახლოება და რეალური მომენტების შექმნა აშკარად უჭირდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დინამოელთა დამრიგებელმა უდავოდ სასარგებლო და იღბლიანი შეცვლა განახორციელა: ჯემალ გაბუნიას ნაცვლად მოედანზე შემოსულმა ახალგაზრდა ნახევარმცველმა ნოდარ კიკნაველიძემ "ახალი სისხლი გადაუსხა" სტუმართა შეტევებს და საუცხოოდ წარმოაჩინა თავი.

53-ე წუთზე მის მიერ ოსტატურად შესრულებულ საჯარიმოს კარენ მაკარიანმა შეუცვალა ოდნავ მიმართულება და დააწინაურა თავისიანები.

მასპინძლები თამაშგარეს დაფიქსირებასა და შესაბამისად, გოლის გაუქმებას ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

როგორც წესი, "მერანი" საკუთარ კედლებში უბრძოლველად არაფერს თმობს და იშვიათად კარგავს ქულებს. ვერ ვიტყვით, ფეხბურთელებმა ცდა დააკლესო, თუმცა, არაერთი საგოლე ეპიზოდის მიუხედავად, გოლის გატანა, როგორც ანგარიშიდან ჩანს, ვერ მოახერხეს.

და მაინც: მეგრელაძის მარცხენა ფლანგიდან ჩამოწოდებულ კუთხურს იობაშვილმა შეაგება თავი, თუმცა მეკარემ კვლავ იყოჩაღა. გადმოვარდნილ ბურთზე, მართალია, კუჭუხიძე პირველი აღმოჩნდა, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

გათანაბრების კარგი შანსი ვერ გამოიყენა საბა ლომიამაც.

არც სტუმრები ყოფილან უქმად და მატჩის დასკვნით ნაწილში დასამახსოვრებელი ეპიზოდებიც შექმნეს. გამოსაყოფია ჩვენ მიერ ზემოთ ნაქები ნოდარ კიკნაველიძე, რომელმაც ზედიზედ ორჯერ გაისროლა, მაგრამ უშედეგოდ.

უკანასკნელ წუთზე "მერანი" მთელი გუნდით წინ წავიდა, კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვა. საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ფონიავას ჩამოწოდებულს მამუკა ტორონჯაძე გამოეხმაურა, დაარტყა კიდეც, მაგრამ პიცანმა გმირობა ჩაიდინა, ბურთი შესანიშნავ ნახტომში მოიგერია. აქვე საფინალო სასტვენიც გაისმა.

ასე დაკარგა "მერანმა" ძვირფასი ქულები, ბათუმელების მიმართ კი ლამაზი სიტყვები არ უნდა დავიშუროთ. გია გურულის შეგირდებმა საპატიო შედეგს შეუპოვარი თამაშითა და ბრძოლისუნარიანობით მიაღწიეს. მათ ნაპირს კვლავ საუმაღლესლიგო, ოცნების გემი დაუბრუნდა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული