ქვემოქართლელთა უსიამოვნო ტენდენცია

AutoSharing Option
ბოლო წლებში ბოლნისის "სიონის" ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ "ვიტ ჯორჯია" მიიჩნევა და ეს ტენდენცია გუშინდელი მატჩის შემდეგაც გრძელდება: ქვემოქართლელები უკვე მეათე მატჩია "ვეტერინარების" დამარცხებას ვერ ახერხებენ! გულახდილად რომ ვთქვათ, "სიონს" მოსაგები არც გუშინ ჰქონდა; მაგრამ ამ შეხვედრის თვითმხილველნი, ალბათ, იმაშიც დაგვეთანხმებიან, რომ ახალგაზრდა მწვრთნელის, გიორგი ყიფიანის გუნდი წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა. მოკლედ, როგორც ასეთ შემთხვევებში იტყვიან-ხოლმე, ფრე ყველაზე ლოგიკური შედეგი იქნებოდა; მით უფრო, რომ სტუმრებს გოლის გატანის, სულ მცირე, სამი ჩინებული შანსიც ჰქონდათ...

წინა ტურისგან განსხვავებით ორივე გუნდის ძირითადში გარკვეული
ცვლილებები მოხდა: მასპინძლებს ორივე დისკვალიფიცირებული განაპირა მცველი (გიგა ბეჭვაია, რევაზ ღანიაშვილი) დაუბრუნდათ, ხოლო სტუმართა გუნდში გიორგი ჩივაძე და ვაჟა ნემსაძე გამოჩნდნენ. ამასთან, მასპინძლები თუ მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობდნენ, "სიონზე~ ამას ვერ ვიტყვით: თემურ რაქვიაშვილი ტრავმის გამო ტოვებდა შეხვედრას, გიორგი მელქაძე კი ბოლნისურ კლუბში იჯარით სწორედ "ვიტ ჯორჯიადან" არის გადასული და ამ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა.

წესითა და რიგით, უინტერესო მატჩი არ უნდა გამოსულიყო; უპირველეს ყოვლისა, მშვენიერ ამინდს ვგულისხმობთ, მაგრამ პირველი ტაიმი დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა. ერთადერთი, რასაც ფეხბურთელებს ვერ დავუკარგავდით, მონდომება იყო; თუმცა ფეხბურთს რაც ალამაზებს თუ ამშვენებს, მსგავსი არაფერი გვინახავს. მეტსაც ვიტყვით: პირველი ტაიმის განმავლობაში სტუმრებს "ვიტ ჯორჯიას" კარში ერთხელაც არ დაურტყამთ! განსაკუთრებული აქტიურობით არც "ვიტ ჯორჯია" გამოირჩეოდა, მაგრამ "ვეტერინარებმა" ორი სახიფათო შეტევა მაინც განახორციელეს და ორივე შემთხვევაში ძალიან ახლოს იყვნენ გოლის გატანასთან. პირველი ეპიზოდის დროს, გიგა ბეჭვაიას გადაცემას "სიონის" საჯარიმოში მცირე პანიკა მოჰყვა და მურმან ქურასბედიანს რომ არ ეყოჩაღა (წამებში დაასწრო ხელსაყრელ სიტუაციაში მყოფ ბესიკ ჩიმაკაძეს), გოლი მართლაც გარდაუვალი იქნებოდა; აი, მეორე ეპიზოდში კი გოლი ვიხილეთ, ოღონდ... არჩათვლილი! მოედნის სიღრმეში დანიშნული ჯარიმა გიორგი ჯანელიძემ შეასრულა და დავით მაისაშვილმაც ახლო მანძილიდან თავით გადაგზავნა ბურთი სტუმართა კარში, მაგრამ...
ლაინსმენს ალამი აწეული ჰქონდა _ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა!

"ვეტერინართა" ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და ხელმძღვანელების "ხმაურიანი" პროტესტი უშედეგო გამოდგა. ანუ, გოლი არ ჩაითვალა. სხვათა შორის, ამ ეპიზოდის ნახვა შესვენებაზე ჩვენც ვცადეთ, მაგრამ ვერც "ვიტ ჯორჯიას" და ვერც "პირველი არხის" ოპერატორთა გადაღებულ ფირზე ნათლად არ ჩანდა - იმყოფებოდა თუ არა დარტყმის მომენტში დავით მაისაშვილი თამაშგარე მდგომარეობაში. რა ვქნათ, სამწუხაროდ, იმის ფუფუნება არა გვაქვს, ჩვენი ჩემპიონატის მატჩებს... ექვსი-შვიდი კამერით იღებდნენ. თუმცა, ეს არ არის მთავარი: უკვე ჩვენც დავიღალეთ ლამის ყოველდღიურად იმის აღნიშვნით, თუ როგორი არასასიამოვნო ტენდენციაა წამოსული ამ ბოლო დროს. რაღა თქმა უნდა, მსაჯობით გამოხატულ უკმაყოფილებას ვგულისხმობთ: სადაც კი "გაიხედავთ", ყველგან და ყველაფერში თურმე მსაჯები სცოდავენ! გამონაკლისი არც გუშინდელი მატჩი იყო - მეორე ტაიმში ამჯერად უკვე სტუმრებს ჰქონდათ პრეტენზია: ერთ ეპიზოდში პენალტს ითხოვდნენ (არადა, ტრიბუნიდან ჩანდა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია); მეორეჯერ კი მიიჩნიეს, რომ "ვიტ ჯორჯიას" მეკარემ არდალინ მიქაბერიძემ ბურთი ხელში... საკუთარი საჯარიმოს გარეთ დაიჭირა.

ამ შემთხვევაში მართლაც საკამათო სიტუაცია იყო, თუმცა მსაჯებს "განსხვავებული" აზრი ჰქონდათ. საერთოდაც, მეორე ტაიმმა ბევრად საინტერესოდ და, რაც მთავარია, სახიფათო მომენტების სიმრავლით ჩაიარა. ათწუთიან მონაკვეთში "სიონის" ცენტრფორვარდს რევაზ გოცირიძეს ორი მშვენიერი შანსიც ჰქონდა: პირველად, მიხეილ კობაურის პასის შემდეგ თავით ურტყამდა, მაგრამ მასპინძლები მიქაბერიძის რეაქციამ გადაარჩინა, მეორედ კი, მურმან ქურასბედიანის გამჭოლ გადაცემას გოცირიძე ისევ თავით, ეფექტურ ნახტომში "გამოეხმაურა", მაგრამ ბურთი მცირე მანძილით აცდა "ვიტ ჯორჯიას" კარს. საერთოდაც, მეორე ტაიმი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და მასპინძლებიც არაერთხელ დაემუქრნენ სტუმართა კარს: ბესიკ ჩიმაკაძე კარგ პოზიციაში იმყოფებოდა, მაგრამ მინდია ბობღიაშვილმაც იყოჩაღა და "სიონი" ხიფათს გადაარჩინა. სამაგიეროდ, უკვე მომდევნო ეპიზოდში ბოლნისელთა მეკარე უძლური იყო: დავით ჯანელიძემ საჯარიმოდან ბურთი სტუმართა საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას გიგა ბეჭვაიამ დაასწრო და ზუსტი თავურით თავის გუნდისთვის ასე საჭირო და ნანატრი გოლი გაიტანა!

ამის შემდეგ სტუმართა თავკაცმა მოედანზე ორი ფორვარდიც შემოიყვანა: გამოცდილი მიხეილ ბობოხიძეც და ახალგაზრდა ვილი ისიანიც თამაშში აქტიურად ჩაებნენ, ანგარიში აღარ შეცვლილა, არადა, "სიონს" მაინც შეეძლო თუნდაც ქულა გადაერჩინა. მარცხენა ფლანგიდან ლაშა ნოზაძემ ჩინებული პასით რევაზ გოცირიძე, ფაქტობრივად, მეტოქის კარის პირისპირ დატოვა, მაგრამ სტუმართა ცენტრფორვარდს გუშინ მართლაც უიღბლო დღე ჰქონდა და ეს შანსიც ხელიდან გაუშვა. ისე, ამ ეპიზოდში "ვიტ ჯორჯიას" კაპიტანს, დავით ლომაიასაც ნუ დავუკარგავთ გარჯას, ვინც ბურთი, ფაქტობრივად, ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა. ამ გამარჯვებით კი მერაბ კოჭლაშვილის გუნდის თითქმის ერთთვიანი წარუმატებელი სერია დასრულდა...


27.10. რუსთავი. ფოლადი. 150 მაყურებელი
1:0 ბეჭვაია (74, ჯანელიძის პასით)

ვიტ ჯორჯია 1
სიონი 0

ვიტ ჯორჯია სიონი
4-2-3-1 4-2-3-1
ა. მიქაბერიძე ბობღიაშვილი
ბეჭვაია ქურასბედიანი
ლომაია ლ. ჭელიძე
ადამაძე ორბელაძე
ღანიაშვილი კობაური
გურ. გურეშიძე ლ. ნოზაძე
მაისაშვილი დიდავა
კლიმიაშვილი ნემსაძე
ლიპარტია ჩივაძე
ჯანელიძე უგრეხელიძე
ჩიმაკაძე გოცირიძე
მწვრთნელი მწვრთნელი
მ. კოჭლაშვილი გ. ყიფიანი

ვიტ ჯორჯია

75. ჯანელიძე-ხურცილავა
84. ჩიმაკაძე-ზაქრაძე
90. ლიპარტია-კასრაძე.
სათადარიგოები: ძაძამია, ჭანკვეტაძე, გოგიაშვილი, ვასაძე.

სიონი
69. ნემსაძე-ლ. ვაშაკიძე
77. ჩივაძე-ბობოხიძე
81. უგრეხელიძე-ისიანი
სათადარიგოები: მერლანი, თარგამაძე, გ. თოდუა, ლ. სანიკიძე

გაფრთხილება: ლომაია (40), ნემსაძე 60), მაისაშვილი (80), ხურცილავა (88).
არბიტრი: ჯ. ხორავა (ხობი)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული