ბესიკ დეკანოიძე: მოთხოვნაა, რომ "ჩიხურამ" წელს ევროსარბიელზე ითამაშოს

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში, საჩხერის "ჩიხურამ" სტუმრად დაამარცხა "ზუგდიდი" - 3:1. იმერელთაგან ორი გოლი ბესიკ დეკანოიძემ გაიტანა და "ლელომ" ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.

არადა, მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე ზუგდიდელებმა "ჩიხურას" შინ 4:2 მოუგეს. იმ მატჩზე გახლდით და საკუთარი თვალით ვნახე, თუ რა ძნელია იქ თამაში სტუმარი გუნდისთვის - განმუხურის სტადიონზე ისეთი ატმოსფერო იქმნება, რომ იქიდან ქულების წამოღება ძალიან რთულია.

"ზუგდიდელებს ისეთი გუნდი აღარ ჰყავთ, როგორიც ამ სეზონის პირველ ეტაპზე, ბევრი ფეხბურთელი სხვაგან გადავიდა, მაგრამ "ზუგდიდთან" სტუმრად თამაში ყველას უჭირს.

პირველ
ტაიმში მასპინძლებმა გვაჯობეს და 1:0-ს იგებდნენ, შესვენების შემდეგ კი თამაში გამოვასწორეთ, თანაგუნდელები ერთმანეთს გვერდში დავუდექით და შეხვედრა წარმატებით დავასრულეთ, ალბათ, ჩვენ უფრი გვწყუროდა გამარჯვება",
- გვითხრა დეკანოიძემ.

ამ ტექნიკური შემტევი ნახევარმცველის გოლები გარდამტეხი გამოდგა. ანგარიში სწორედ დეკანოიძემ გაათანაბრა, მეორე გოლი "ზუგდიდს" ნიკა კვასხვაძემ გაუტანა, შეხვედრის მიწურულს კი ისევ დეკანოიძემ გამოიჩინა თავი და წერტილი დასვა.

"პირველი გოლის დროს იღბალიც ჩემს მხარეს აღმოჩნდა - ბურთი ჯერ მეკარემ მოიგერია, მერე მცველს მოხვდა და ფაქტობრივად ცარიელი კარის დალაშქვრა მომიწია, მეორე გოლი კი ლამაზი გამომივიდა. ძალიან მიხარია, რომ საკუთარ გუნდს სამი ქულის მოპოვებაში დავეხმარე", - ამბობს დეკანოიძე.

"ჩიხურა" ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა, თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში კი შინ გორის "დილა" 3:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გასვლის ჩინებული შესაძლებლობა გაუჩნდა.

"დილას" ლიტველმა დამრიგებელმა ვალდას ივანაუსკასმა იმ შეხვედრაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ათამაშა. ცუდი მინდორი დაგვხვდა და საკუთარ მოთამაშეებს გავუფრთხილდიო - ასე ახსნა მან თავისი გადაწყვეტილება.

"უკვე რა ხანია, ამ მინდორზე ვთამაშობთ და ის არც ისეთი ცუდია. "დილას" მწვრთნელმა ასე ჩათვალა საჭიროდ და რამდენიმე მოთამაშე დაასვენა.

თუმცა ნახევარფინალში გასვლა განაღდებული არ გვაქვს, უბრალოდ, მიზნისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგით.

საშინაო მატჩებს საჩხერესთან ახლოს - ივანწმინდაში ვთამაშობთ. როცა ამინდი გვიწყობს ხელს, მანდვე ვვარჯიშობთ, წვიმის დროს კი საჩხერეში ხელოვნურსაფრიან მოედანს ვიყენებთ.

ივანწმინდაში მინდორს ძალიან კარგად უვლიან, ისეთი ატმოსფეროა სტადიონზე, რომ ყველა სტუმარ გუნდს უჭირს თამაში".
- განმარტავს დეკანოიძე, რომელმაც ისიც გვითხრა, რომ ჯერ უცნობია, ჩემპიონატის მომდევნო ტურში რომელ სტადიონზე უმასპინძლებს "ჩიხურა" "ზესტაფონს".

"ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ძლიერი გუნდია "ზესტაფონი". როგორც გავიგეთ, შესაძლოა, რომ ეს შეხვედრა ივანწმინდაში არ გაიმართოს. ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა.

კლუბის ხელმძღვანელობის და გულშემატკივრების მოთხოვნაა, რომ "ჩიხურამ" წლეულს ევროსარბიელზე ითამაშოს. ყველა გვერდში გვიდგას და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად",
- ამბობს დეკანოიძე.

დეკანოიძე ბურთის ფლობაშია გამორჩეული, შეუძლია მეტოქეს თავგზა აუბნიოს, სხარტია და ორიგინალური გადაწყვეტილების მიღება ეხერხება.

წარმოშობით საჩხერელია, საიდანაც ცხინვალის "სპარტაკში" მოხვდა, თუმცა პირველ გუნდში ფეხის მოკიდება გაუჭირდა. იქ პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნეოდა, მაგრამ იქ ბოლომდე ვერ გაიხსნა.

"როცა "ჩიხურას" უმაღლეს ლიგაში დაბრუნების რეალური შანსი გაუჩნდა და პლეი აუტში მოუწია თამაშმა, სწორედ მაშინ დავბრუნდი საჩხერულ გუნდში. "სპარტაკში" თითქმის სამი წელი დავრჩი, ასაკის გამო ფიზიკურად ვერ ვიყავი სათანადოდ მზად, ახლა კი ვგრძნობ, რომ ჯანი მომივიდა.

"ჩიხურაში" უფრო მიადვილდება თამაში, გუნდში ძმაკაცური სიტუაციაა, ფეხბურთელები ერთმანეთისთვის ყველაფერს ვაკეთებთ მოედანზე, ძალიან მიხარია, რომ ასეთი შეკრული გუნდი გვყავს.

ფაქტია, "ჩიხურა" ახალი გადმოსულია უმაღლეს ლიგაში და უკვე ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს, მათ ემატება 3-4 ახალგაზრდა მოთამაშე. ასეთნაირად ჩამოყალიბდა ჩვენი გუნდი", - გვითხრა დეკანოიძემ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელმა დეკანოიძე ჯერ მხოლოდ ერთხელ გამოიძახა. ალექსანდრე ჩივაძე სელექციას აგრძელებს და 21 წლის ჩიხურელი ისევ ჰყავს თვალთახედვის არეში.

ქართველი 21-წლამდელები ახლა ავსტრიაში არიან შეკრებაზე, დეკანოიძე კი "ზესტაფონთან" მატჩისთვის (30 მარტი) ემზადება და თუ ისევ გამოიჩენს თავს, ნაკრებსაც უფრო მიუახლოვდება.

ძმაკაცური გუნდი ვართ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული