გიორგი ტუხაშვილი: პირველ ლიგაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია

AutoSharing Option
სურათზე: გიორგი ტუხაშვილი (მარცხნივ)

პირველი ლიგის მე-17 ტურში იშვიათი ამბავი მოხდა: თბილისის "ალგეთი-ზოოვეტმა" "ლიახვს" 5:0 მოუგო და ხუთივე გოლი მასპინძელთა ფეხბურთელმა გიორგი ტუხაშვილმა გაიტანა!

ეს ამბავი იმიტომაც გამოვარჩიეთ, რომ ტუხაშვილი თავდამსხმელი კი არა, საყრდენი ნახევარმცველია.

24 წლის ფეხბურთელს უმაღლეს ლიგაშიც უთამაშია, უცხოეთშიც და ამდენად, მისი პირველ ლიგაში გამოჩენა ცოტა გასაკვირი იყო.

"ალგეთი-ზოოვეტის" ნახევარმცველს ინტერვიუ ჩამოვართვით და საინტერესო ამბები მოგვითხრო.

- ერთ მატჩში ხუთი გოლი პირველი ლიგისთვისაც უიშვიათესი მოვლენაა...
- ანგარიშმა არ მოგატყუოთ. "ლიახვი" ახალგაზრდული
და საკმაოდ ნიჭიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია და პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ იმ დღეს ყველაფერი საჩვენოდ აეწყო, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და მეც გამიმართლა. თუმცა, ვერაფრით წარმოვიდგენდი, დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ 5:0-ს თუ მოვიგებდით და მე ხუთ გოლს გავიტანდი.

- თანაც, როგორც ვიცი, ეს 5 გოლი დროის მცირე მონაკვეთში გაიტანე...
- დიახ, ასეა - დაახლოებით, 30-წუთიან მონაკვეთში; თანაც, 5 გოლი აქამდე არც ერთ ოფიციალურ თამაშში არ გამიტანია.

- შენს კარიერაზეც გვიამბე...
- თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი ვარ. დიდებში თამაში სწორედ აკადემიის გუნდში დავიწყე. 16 წლისა უკვე რეგიონულ ლიგაში გამოვდიოდი. მერე თბილისის "მერანში" ამიყვანეს, საიდანაც "ზესტაფონის" დუბლებში გადავედი. ეგაა, დიდხანს იქაც ვერ გავჩერდი და 2008-10 წლებში სეზონ-ნახევარი უმაღლესი ლიგის "ბორჯომში" ვითამაშე. მერე გუნდი უმაღლესიდან გავარდა და ბოლნისის "სიონში" გადავედი, მაგრამ იქ მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩავატარე და ზაფხულში მოლდოვაში წავედი. "ნისტრუში" გამსინჯეს, კონტრაქტი გამიფორმეს და 2 წელი დავრჩი.

2012 წლის გაზაფხულზე საჩხერის "ჩიხურაში" ამიყვანეს, რომელიც მაშინ პლეი ოფში გავიდა. თუმცა ამ სეზონის დაწყებამდე ისევ უგუნდოდ დავრჩი და ზაფხულიდან "ალგეთი-ზოოვეტში" ვარ.

- უმაღლეს ლიგაში ადგილი არ მოიძებნა?
- ჩარიცხვის იმედიც მქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ რამდენიმე გუნდში სინჯებზეც უარი მითხრეს. არადა, მოლდოვაში ფიზიკურად ფორმაში შევედი და დარწმუნებული ვიყავი, უმაღლეს ლიგაში თავისუფლად ვითამაშებდი.

"ალგეთი-ზოოვეტში" ჩემით მივედი, მთავარ მწვრთნელს, ელგუჯა გუგუშვილს გუნდთან ერთად ვარჯიში ვთხოვე და ადამიანურად გამიგო. მინდოდა, პრაქტიკა მქონოდა და ფორმიდან არ ამოვვარდნილიყავი; აბა, გაჩერება რას მარგებდა.

მიხარია, რომ ახლა სათამაშო ტონუსში ვარ. ყველა, 20 შეხვედრა ჩავატარე და 13 გოლი გავიტანე. მგონი, საყრდენი ნახევარმცველისთვის ცუდი შედეგი არ უნდა იყოს. ბომბარდირებში ახლა მხოლოდ "სასკოს" და "სამგურალის" თავდამსხმელები, ქვილითაია და კაპანაძე მისწრებენ. თუმცა პირველი უნგრეთში წავიდა და საუკეთესო ბომბარდირობის იმედი გამიჩნდა.

- უმაღლესი ლიგის გუნდები შენით შედეგიანი თამაშის შემდეგაც არ დაინტერესდნენ?
- 13 გოლი საყრდენი ნახევარმცველისთვის ცუდი შედეგი არ არის, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს და სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს. რას ვიზამ, კარგად მოვემზადები, ზაფხულში სადმე რომ წავიდე.

- "ალგეთი-ზოოვეტში" ფეხბურთელებს განვითარების საშუალება თუ გაქვთ?
- პროგრესი საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდებშიც ძნელია და ცხადია, პირველ ლიგაში კიდევ უფრო ჭირს. სამწუხაროდ, გუნდების უმრავლესობას სასურველი პირობები არ აქვთ. საამისოდ ერთადერთი საშუალება თამაშებია, გუგუშვილი კი ფიზიკურად საკმაოდ კარგად გვამზადებს. კარგი მწვრთნელი და გულისხმიერი ადამიანია. მისი დამსახურებაა, ფორმაში რომ ვარ.

- პირველი ლიგის გუნდები ხელფასებს არ იხდიან?
- ბევრგან არ იხდიან და ფაქტობრივად, ეს სამოყვარულო ლიგაა, მაგრამ სხვა რა გზაა. არადა, მოლდოვასა და საქართველოს უმაღლეს ლიგებში მითამაშია და დარწმუნებული ვარ, სელექციონერები ჩვენს შეხვედრებს რომ დაესწრონ, ბევრ საინტერესო ფეხბურთელს აღმოაჩენენ. იგივე ქვილითაია უნგრეთში გადასვლამდე პირველ ლიგაში არ თამაშობდა? ძალიან საინტერესო თავდამსხმელია წყალტუბოელი კაპანაძე, მეტსახელად "ელვა". ნიჭიერები "ზოოვეტშიც" საკმაოდ არიან.

ევროპელები მოლდოვის ჩემპიონატს ჩვენზე მეტ ყურადღებას იმიტომ აქცევენ, იქ გაცილებით მეტი ფული აქვთ და ლეგიონერები ჩაჰყავთ, მაგრამ საქართველოს მაინც ვერ შეედრებიან, რადგან ჩვენ ბევრად უკეთესი ადგილობრივი ფეხბურთელები გვყავს.

გული სწორედ ამაზე მწყდება - ჩვენს პოტენციალს ვერ ვიყენებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული