გიორგი სომხიშვილი: "დინამო" მხოლოდ ჩისკო არ არის

AutoSharing Option
ექვსეულებად დაყოფამ ეროვნული ჩემპიონატი კიდევ უფრო დაძაბა. 6 აპრილს "დინამო თბილისი" საჩხერის "ჩიხურას" მასპინძლობს, რომელსაც სეზონის მეორე ეტაპზე თამაში არ წაუგია და მესამე ადგილზეა.

"ჩიხურა" ამ შეხვედრას დანაკლისით ხვდება, რაც დინამოელთა შანსებს კიდევ უფრო ზრდის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დუშან უჰრინის გუნდს თითქმის განაღდებული აქვს სამი ქულა.

"ჩიხურას" 32 წლის მეკარე გიორგი სომხიშვილი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე
კითხვა დავუსვით "დინამოსთან" მატჩზე.

- დათო კირკიტაძე
და დავით დიღმელაშვილი ტრავმირებულები არიან, დავით ბოლქვაძე დისკვალიფიცირებულია, გიორგი რეხვიაშვილი და დავით ოდიკაძე კი იმიტომ ვერ ითამაშებენ, რომ "დინამოსგან" არიან "ჩიხურაში" განათხოვრებულები - ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი "ჩიხურას" შანსი რა უნდა იყოს?
- რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ რა შემადგენლობაც იქნება, მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება. ქულის აღებაც კარგი იქნება ამ შეხვედრაში, თუმცა ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვიბრძვით. რაც შეეხება დანაკლისს, ედიკ საჯაიაც არ გვეყოლება, რომელსაც კუნთი აქვს დაჭიმული.

- "დინამოს" წარმატებულ თამაშს მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩისკოს კლასი და გამოცდილება - მეტოქე გუნდის მეკარესა და დაცვას როგორ შეუძლია მისი განეიტრალება?
- ჩისკო საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელია, თუმცა "დინამოს" სხვა კარგი შემსრულებლებიც ჰყავს, თუნდაც ჯაბა დვალი.

მე მაინც მგონია, რომ "დინამო" უფრო გუნდურად თამაშობს და იქ ერთი კაცი არ წყვეტს ყველაფერს. მთავარი ალბათ ის არის, რომ მოდუნება დაუშვებელია, ასეთ მოწინააღმდეგესთან წამიერი უყურადღებობაც კი გაშვებულ გოლად დაგვიჯდება.

- "ჩიხურას" მართლაც კარგი პერიოდი უდგას, ჩემპიონატში მესამე ადგილზე აინაცვლეთ, თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში კი "დილა" 3:0 დაამარცხეთ და ცალი ფეხით ნახევარფინალში ხართ - მიგაჩნია, რომ ფორმის პიკზე იმყოფებით?
- არა მგონია, რომ ეს პიკი იყოს, ჩვენი პროგრამა-მინიმუმი ევროსარბიელზე გასვლაა, სეზონი კი ჯერ არ დასრულებულა და საინტერესო თამაშები ჯერ ისევ წინაა. "ჩიხურას" პიკი მაშინ იქნება, როცა ევროტურნირის საგზურს გავინაღდებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. XXVI ტურის წინათქმა: ეჭვი და პრევენცია
სოსო ფრუიძე: თბილისის "დინამოსთან" ნახევარი გუნდი არ გვეყოლება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული